Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1191აპ-23 თბილისი

ი-ი ა., 1191აპ-23 27 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით ა. ი-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 19 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი-მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგით:

· მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. ი-ი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 20 თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 19 თებერვალს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

· 2020 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:06 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულების მ-ის მუნიციპალიტეტის დ. ქ-ში მდებარე ნაწილის, სარეჟიმო კორპუსის - ბლოკის №- საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ა. ი-მა დაზიანებული მეტალოპლასტმასის ფანჯრის ფრაგმენტის საკნის ღიობიდან სახეში ჩარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს, რ. ფ-ას, რომელმაც მიიღო დაზიანებები მარცხენა თვალბუდისა და ყვრიმალის არეში სისხლნაჟღენთებისა და სისხლმდენი ჭრილობის სახით, ასევე – მარცხენა თვალის სკლერის სისხლნაჟღენთი და ნაკვეთი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს.

3. მსჯავრდებული ა. ი-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ლაშა ამირანაშვილი შესაგებლით მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ რ. ფ-ას, მოწმეების: დ. კ-ის, დ. ო-ის, პ. ი-ის ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, სამედიცინო ექსპერტიზის №- და №- დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-, ბიოლოგიური ექსპერტიზის №- და სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №- დასკვნები, კამერის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ი-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ა. ი-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ 2020 წლის 15 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულების მ-ის მუნიციპალიტეტის დაბა ქ-ში მდებარე ნაწილის სარეჟიმო კორპუსის - ბლოკის - საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა ა. ი-მა, მეტალოპლასტმასის ფანჯრის ფრაგმენტით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს. კასატორთა პოზიციით, შესაძლებელია, გაუფრთხილებლობით დაუზიანდა ჯანმრთელობა რ. ფ-ას, რომელსაც ა. ი-ის პირადი ინტერესი ჰქონდა (ტელევიზორის დაბრუნებასთან დაკავშირებით მას პრეტენზიის გამოთქმა არ აპატია), რაშიც დაეხმარნენ თანამშრომლები და სასამართლოს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პოზიცია არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებს, კერძოდ, დაზარალებულ რ. ფ-ას ჩვენებით, 2020 წლის 15 ივნისს ა. ი-ი იყო აგრესიული, რის გამოც მას მოუწოდა სიმშვიდისაკენ; კომუნიკაციისას ისინი პირისპირ უყურებდნენ ერთმანეთს; რ. ფ-ამ ერთხელ აიცილა საკნის ღიობიდან მოქნეული საგანი, მეორედ კი ვერ შეძლო, ა. ი-მა სარკმლიდან სწრაფად გამოყო ფანჯრის ჩარჩოს ფრაგმენტი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა მარცხენა თვალბუდის არეში და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულს შეესწრნენ დერეფანში მყოფი პირები.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა რ. ფ-ამ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა საქმის ფაქტორივი გარემოებები. საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმეების: დ. ო-სა და დ. კ-ის ჩვენებებთან, რომლებითაც მომხდარი დადასტურებულია. დაზარალებულ რ. ფ-ას სხეულზე დაზიანებების არსებობა ასევე მორიგე ექიმის – ზ. ხ-ის – მიერ გაცემული ცნობითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნით დასტურდება. კამერის ვიდეოჩანაწერითაც ირკვევა, რომ 2020 წლის 15 ივნისს, 16:06:44 საათზე ა. ი-ი კვლავ სწრაფად გამოჰყოფს სარკმლიდან პლასტმასის საგანს, რომელიც რ. ფ-ას ხვდება მარცხენა თვალის არეში, რის შემდეგაც იგი ხელს იკიდებს სახეზე, შორდება საკნის კარს და სწრაფად გადის კადრიდან.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ი-ის ბრალეულობა უტყუარად არის დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით. აქედან გამომდინარე, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით. შესაბამისად, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ხელახლა შესაფასებლად დაცვის მხარის იმ არგუმენტებისა, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, არ არის მიზანშეწონილი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაიშვას განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე