საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1210აპ-23 თბილისი
ს-ი გ., 1210აპ-23 6 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გ. ს-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით); სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 21 ოქტომბერს, დღის საათებში, თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტალში, ყოფილი №- საჯარო სკოლის მიმდებარედ განთავსებულ ნ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, გ. ს-მა დედას, ნ. ს-ს, მარჯვენა ფეხის წვივის არეში დაარტყა ფეხი და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის გამოც, ნ. ს-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 21 ოქტომბერს, დღის საათებში, თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტალში, ყოფილი №- საჯარო სკოლის მიმდებარედ განთავსებულ ნ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, გ. ს. დედას – ნ. ს-ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და შინაური პირუტყვის დახოცვით, ასევე დას – ქ. ს-ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ. ს-სა და ქ. ს-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. ს., - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ. ს-სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – და გ. ს-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 11 ნოემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2022 წლის 21 ოქტომბერს, დღის საათებში, თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტალში, ყოფილი №- საჯარო სკოლის მიმდებარედ განთავსებულ ნ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, გ. ს-მა დედას, ნ. ს-ს, მარჯვენა ფეხის წვივის არეში დაარტყა ფეხი და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის გამოც, ნ. ს-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მადონა ურუშაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, გ. ს-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ გ. ს-ის ადვოკატი ლ. მ. შესაგებლით ითხოვს პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში და მიუსაჯა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში გ. ს-ის ბრალეულობა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
11. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ქრისტინა სამხარაულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცა დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ ქ. სამხარაულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. ს-ს, სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო გამოკითხვის ოქმში ასახული ფაქტები. მუქარის თაობაზე არაფერია ნათქვამი მის განცხადებაშიც. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან კი არცერთი უტყუარად არ მიუთითებს გ. ს-ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარაზე და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
14. ამდენად; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
15. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ს-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 58-ე, 67-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე