საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1257აპ-23 თბილისი
უ-ი ს., 1257აპ-23 8 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის განაჩენით ს. უ., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 30 ივნისიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ს. უ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის იანვარში ნ. ქ-ეს თავისმა ნაცნობმა – გ. ს-მა – შესთავაზა, რომ გაეყიდა ბინა ს. უ-ზე, რომელსაც, თითქოსდა, სურდა სასტუმროს აშენება სწორედ იმ ადგილას, სადაც ცხოვრობდა ნ. ქ.. 2022 წლის 11 თებერვალს თ-ში, პ-ის გამზირის №-ში მდებარე სატონარო ბიუროში, ნ. ქ-სა და ს. უ-ს შორის (ლ. ა-ს წარმომადგენლობით) გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №-, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნული ბინა (მდებარე თ-ში, დ. ა-ის გამზირი №-, ბინა №-) გაფორმდა ს. უ-ის სახელზე, თუმცა მან მოატყუა ნ. ქ. და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 60 000 აშშ დოლარი (177.264 ეკვივალენტი ლარში) არ ჩაურიცხა. იმავდროულად, 2022 წლის 15 თებერვალს ს. უ-მა ზემოაღნიშნული ბინა სს - დატვირთა იპოთეკით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ი. ბ-მ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ს. უ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №52აპ-13, №332აპ-17, №879აპ-19).
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ს. უ-ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულ ნ. ქ-ის, მოწმეების – ლ. ა-ას, გ. ს-ის, შ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით, 2022 წლის 11 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრის 2022 წლის 14 თებერვლის ამონაწერით, 2022 წლის 15 თებერვლის №- იპოთეკის ხელშეკრულებით, ს. უ-ის ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების დათვალიერების ოქმითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ს. უ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – თაღლითობის ჩადენა. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს. უ-მა წარმომადგენლის მეშვეობით ნ. ქ-სთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მაგრამ არ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემდეგ ეს უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით, ხოლო სესხის სახით აღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ს. უ-ის ეს ქმედებები კი ცალსახად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს წინასწარ ჰქონდა განზრახული, თაღლითურად, მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ნ. ქ-ის ქონება დიდი ოდენობით.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოწმეთა ჩვენებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) ურთიერთთანხვდენილია და მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი და არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. უ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე