საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1265აპ-23 თბილისი
წ. ი., 1265აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ ი. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ი. წ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ი. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. წ-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის 9 აპრილს, დაახლოებით, 01:00 საათზე, თ-ში, კ. ი-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების დროს, ი. წ-ემ განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ დაარტყა დანა ზ. შ-ს, რომელიც სასწრაფო დახმარების მიერ დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ზემოაღნიშნული ქმედებით ზ. შ-ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება და სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი გურამ კრავეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატები: ა. გ-ი და ტ. კ-ე – გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ი. წ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №58აპ-15, №399აპ-14, №110აპ-23, №578აპ-21, 227აპ-16), ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულ ზ. შ-ისა და მოწმეების: გ. ქ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-სა და სხვათა ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 11 მაისის №-, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2021 წლის 3 დეკემბრის №- დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ი. წ-ემ ჩაიდინა ზ. შ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ი. წ-ის გამართლების თაობაზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ამ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა (მიყენებული დაზიანებების მდებარეობა და რაოდენობა, ვითარება, რომელშიც დაზიანებები იქნა მიყენებული და ა.შ.).
9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი“.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა ანალიზის საფუძველზეც უტყუარად დადგინდა ი. წ-ის მიერ ზ. შ-ისათვის დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტი. კერძოდ: უტყუარადაა დადგენილი, რომ 2021 წლის 9 აპრილს ურთიერთშელაპარაკდნენ ი. წ-ე და ზ. შ-ი, სხვას არავის უჩხუბია; გ. ქ. ცდილობდა მოჩხუბრების გაშველებას, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან ი. წ-ის მხრიდან ხელისკვრის გამო წაიქცა და თავი დაარტყა. მოწმეებმა: მ. ბ-მა, ნ. მ-მა და გ. ქ-მა გაიგეს ზ-ის ხმა – „დანა რატომ ამოიტანე/გახსენიო?!“. ზ. შ-მა ჩაკეცვის შემდეგ ასევე დაიძახა, რომ ი-იმ დანა დაარტყა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 19 ივლისის №- დასკვნის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუსა და ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა არეში, ბეჭის მხარეს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულის სისხლი აღმოჩნდა ი. წ-ის ტანსაცმელსა და მისი პირადი ჩხრეკისას ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ დანაზე.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ი. წ-ის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულის საყვედურით განაწყენებულმა ი. წ-ემ იმოქმედა განზრახ და მისი ქმედებები უშუალოდ მიემართებოდა ხსენებული დანაშაულის ჩასადენად. ი. წ-ის ქმედების ხასიათი და დაზარალებულ ზ. შ-ისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებების ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში ადასტურებს იმას, რომ, მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს იგი უცილობლად ითვალისწინებდა, რაც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო არ დამდგარა და დანაშაული შეწყდა ადრეულ ეტაპზე – მცდელობის სტადიაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ არ არსებობს არათუ თანხვედრილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ 2021 წლის 9 აპრილს, ობიექტურად, თითქოსდა, გ. ქ-ი, მ. ბ. და ზ. შ-ი ერთად თავს დაესხნენ ბრალდებულს და დაუწყეს ცემა და სუბიექტურად, ი. წ-ეს ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით. არ დასტურდება, რომ კონფლიქტის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება. 13. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. წ-ეს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ ი. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-ისა და ტ. კ-ის – საკასაციო საჩივრები არ დაიშვას განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე