საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1212აპ-23 თბილისი
ხ-ი მ., 1212აპ-23 5 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ხ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151- მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის მარტის დასაწყისიდან 2022 წლის 21 მარტამდე, ყოველდღიური, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით მ. ხ-ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე – მ. მ-ზე. 2022 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში კი ქ. რ-ში, შ-ას ქუჩის №--ში მდებარე ბინაში, თმის მოქაჩვისა და ბეჭის არეში ხელის ჩაჭიდებით, ფიზიკურად იძალადა მასზე. მ. ხ-ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
· 2022 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, ქ. რ-ში, შ-ას ქუჩის №--ში მდებარე ბინაში, მ. ხ-ი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, მ. მ-ს, ასევე, უთხრა, რომ მას დანას დაარტყამდა. მ. ხ-ის ეს მუქარა მ. მ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით მ. ხ-ი, - ნასამართლობის არმქონე, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. გამართლებულ მ. ხ-ის ადვოკატი ლ. ს. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №1349აპ-22, №1259აპ-22).
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა მ. ხ-ის მხრიდან დანაშაულთა ჩადენა, სააპელაციო სასამართლომ კი გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა მ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
9.1. დაზარალებულმა მ. მ-მა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აქვს ნერვული აშლილობა, შვილთან – მ. ხ-თან – ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში; ამჟამად კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა წარსულში მ. მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, უკრძალავდა თავისი ნაყიდი საჭმლის ჭამას, ამცირებდა, არ მოსწონდა მისი გაკეთებული საჭმელი და დალაგებული სახლი; 2022 წლის 21 მარტს მათ ერთმანეთთან მოუხდათ შელაპარაკება, რაც ჩხუბში გადაიზარდა; ჩხუბის დროს მ-მა სამზარეულოს შავტარიანი დანა ყელთან მიუტანა, წააქცია, ზურგზე მუხლით დააწვა და თმა მოქაჩა, რა დროსაც განიცადა ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ამის შემდეგ მ-მა დანარჩენი დანები შეიტანა თავის ოთახში და დამალა.
9.2. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 5 მაისის №- დასკვნის თანახმად, მ. მ-ს აღენიშნება ნაჭდევები მარცხნივ, იდაყვის სახსრის, წინამხრის ზემო და ქვემო მესამედების უკანა ზედაპირზე; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
9.3. ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2022 წლის 23 მაისის №- დასკვნის მიხედვით, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც, საჭიროა გამოსაკვლევი პირის – მ. მ-ის – სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.
9.4. მოწმე ხ. რ-ას ჩვენებით, ის მ. ხ-ის მეგობარია; მისთვის ცნობილია, რომ მ-ის დედას აქვს ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც შვილთან ხშირად აქვს კონფლიქტი; მათთან ყოფნისას მ. მ-მა უსაფძვლოდ მიაყენა მათ შეურაცხყოფა და ესროლა ტაფა; მ-ისგან მისთვის ცნობილია, რომ დედა მას ფიზიკურად ეხებოდა და ნერვული შეტევების დროს ხშირად უწევდა ღამის გათევა საპირფარეშოში; სახლიდან გაგდებული მ-ი არაერთხელ შეუფარებია თავისთან; მ-სგან იცის, რომ 2022 წლის 21 მარტს დედამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; თვითონ მ-ის მხრიდან დედაზე ძალადობას ან მუქარას არ შესწრებია.
9.5. მოწმე ა. ხ-ის ჩვენებიდან გაირკვა, რომ არის მ. მ-ის უფროსი შვილი და მ-ის და; დედას აქვს ფსიქიკური პრობლემები, რა დროსაც ხდება აგრესიული და ხშირად იწვევს კონფლიქტებს; თვითონ და მ. არაერთხელ გამხდარან დედის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი; მ-საგან გაიგო, რომ ბოლო პერიოდში დედა ხალხის თანდასწრებით ამცირებდა; პირადად კონფლიქტს არ შესწრებია.
9.6. ბრალდებულ მ. ხ-ის ჩვენებით, დედას აქვს ფსიქიკური პრობლემები, მოულოდნელად ხდება აგრესიული, თავს ესხმის, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას; 2022 წლის 20 მარტს ხმაურთან დაკავშირებით დედასთან მოუვიდა კონფლიქტი და მენეჯერმა მისცა შენიშვნა; დედა ყვირილითა და ლანძღვა-გინებით ხელს უშლიდა ლექციის მოსმენაშიც; თვითონ დედაზე არ უძალადია და მას არ დამუქრებია.
9.7. 2022 წლის 22 მარტის №018975 შემაკავებელი ორდერისა და ოქმის თანახმად, მ. მ-ის განცხადებით, იმავე წლის 21 მარტს შვილმა, მ. ხ-მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დანით დაემუქრა, ხოლო მ. ხ-ის განცხადებით, დედამ – მ. მ-მა – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. მ. ხ-ის მიმართ გამოცემული აღნიშნული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მსხვერპლის – მ. მ-ის – მიერ შემაკავებელ ორდერში არათანამიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხების გამო, მ. მ-ის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე.
10. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ. მ-ის ჩვენება იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რის გამოც დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა საეჭვოა, მით უფრო, რომ მოწმეებმა – ა. ხ-მა და ხ. რ-ამ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია სწორედ მ. მ-ის ფსიქიკური პრობლემების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა მ. ხ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151- მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. ხ-ის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე