Facebook Twitter

საქმე # 010100122006123044

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1259აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი

კ-ე გ, 1259აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

გ. კ-ე, დაბადებული --- წლის 2- თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 17 ივლისის ლ. წ-ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 18 ივლისის ლ. წ-ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 17 ივლისის ნ. კ-ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 18 ივლისის ნ. კ-ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. კ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად – 2 წლის გამოსაცდელი ვადით და გ. კ-ეს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რომლის მოხდა დაეწყო: 2022 წლის 18 ივლისის 17:55 საათიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი გ. კ--ე, 2022 წლის 17 ივლისს, ბ–ი, თ. მ-ს დასახლების 14-ში, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაერთგზის, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. წ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც ლ. წ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი გ. კ-ე, 2022 წლის 18 ივლისს, ბ-ი, თ. მ-ს დასახლების 14-ში, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, მობილური ტელეფონით, არაერთგზის, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. წ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც ლ. წ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი გ. კ-ე, 2022 წლის 17 ივლისს, ბ-ი, თ. მ-ს დასახლების 14-ში, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაერთგზის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, დედას, ნ. კ-ეს, რა დროსაც ნ. კ-ეს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი გ. კ-ე, 2022 წლის 18 ივლისს, ბ–ი, თ. მ-ს დასახლება 14-ში, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაერთგზის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, დედას, ნ. კ-ეს, რა დროსაც ნ. კ-ეს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენით:

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა, პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის საუარესოდ; გ. კ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი თითოეული დანაშაულისათვის და რეციდივის წესის გათვალისწინებით, განაჩენთა, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპის საფუძველზე, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი არ დაუნიშნა რეციდივის წესის გათვალისწინებით. მოსამართლემ მიუთითა, რომ არაერთგზისობა შექმნა წარსულში საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლობამ და შესაბამისად, ვინაიდან, ნასამართლობა უკვე დამამძიმებელი გარემოება იყო, რეციდივის წესით სასჯელი ვეღარ დაინიშნებოდა. მოცემულ მსჯელობას ბრალდების მხარე არ ეთანხმება, რადგან განსახილველ შემთხვევაში, არაერთგზისობა შექმნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით მისჯილმა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტმა, ხოლო გ. კ-ე ამავე განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლითაც. შესაბამისად, მას სასჯელი რეციდივის წესის საფუძველზე უნდა დანიშვნოდა.

5. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა – გ. კ-ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ასაჩივრებს მხოლოდ გ. კ-ისათვის დანიშნულ სასჯელს და ითხოვს მის გამკაცრებას (რეციდივის წესის გათვალისწინებით). თავის მხრივ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ან/და შესაგებელი საქმეში წარმოდგენილი არ არის; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ბრალდების მხარის კონკრეტული მოთხოვნის მართებულობაზე და დეტალურად შეაფასებს საჩივარში მითითებული არგუმენტების საფუძვლიანობას, კერძოდ:

3. პროკურორი აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, რაც სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ის სასჯელის დანიშვნის ეტაპზე არ გაითვალისწინა. მოცემული პოზიციის დასადასტურებლად, კასატორი იშველიებს არგუმენტს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არაერთგზისობა შექმნა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით მისჯილმა მხოლოდ – საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტმა, ხოლო გ. კ-ე ამავე განაჩენით ვინაიდან ნასამართლევი იყო სხვა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლითაც, შესაბამისად, მას, რეციდივის წესის საფუძველზე, სასჯელი მაინც უნდა დანიშვნოდა.

4. აღსანიშნავია, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც პალატა განმარტავს, რომ:

,,არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებების არსებითი მსგავსებების გათვალისწინებით, არაერთგზისობის მხედველობაში მიღებასთან ერთად, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას;“

ამასთან, ,,რამდენიმე განაჩენით დადგენილი ნასამართლობის ვადების მიმდინარეობის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბოლო განაჩენით სასჯელის დანიშვნისას მხოლოდ ერთი მათგანი – რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციისას კი არაერთგზისობა – მიიღება მხედველობაში“

(იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N659აპ-21 გადაწყვეტილება).

5. ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა გააანალიზებს, თუ კონკრეტულად რა გარემოებები იწვევს არაერთგზისობისა და რეციდივის არსებითად მსგავსებას, კონკრეტული საქმის მასალებიდან გამომდინარე, შეაფასებს გ. კ-ის მიერ როგორც წინათ, ისე ბოლოს (განსახილველ) ჩადენილ დანაშაულთა მუხლებს, მათ კატეგორიას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, განიხილავს სააპელაციო სასამართლოს მიერ რეციდივის წესის გამოყენებაზე უარის თქმის მართებულობას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და მე-17 მუხლების თანახმად, ის, რაც რეციდივისა და არაერთგზისობის არსებით მსგავსებას იწვევს, არის – პირის მიერ წარსულში არსებული ნასამართლობა და აღნიშნულის შემდეგ, ახალი დანაშაულის ჩადენა (რეციდივის შემთხვევაში, დაკონკრეტებულია, რომ წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, კვლავ განზრახ ქმედებას ჩადის). ამდენად, სამართლებრივი მოცემულობა, რომ ნასამართლევი პირი, კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების ფარგლებში ექცევა, არის იდენტური, თუმცა, იმ სხვაობით, რომ არაერთგზისობა მოიცავს შედარებით ვიწრო არეალს (იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ან ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას, თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში), ხოლო რეციდივი კი, როგორც აღინიშნა, ზოგადად, ყველა განზრახ დანაშაულს შეეხება. ორივე მათგანის შემთხვევაში, პირისათვის ახალი დანაშაულის ჩადენამდე, შემაკავებელი ბერკეტი არ აღმოჩნდა წინათ არსებული ნასამართლობის ფაქტი, რის გამოც, კანონმდებელი მოითხოვს, რომ ამგვარი ვითარება (ესე იგი, ხელახლა დანაშაულის ჩადენა) შეფასდეს უფრო მკაცრად, კერძოდ, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ ან მაკვალიფიცირებელ გარემოებად, თუმცა, მოცემული არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ერთი დანაშაულის კვლავ ჩადენის შემთხვევაში, რეციდივის და არაერთგზისობის ერთობლივად არსებობისას, საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს, პირის მდგომარეობა იმაზე მეტად დამძიმდეს, ვიდრე ამას მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციისას, როდის არის და – პირიქით, როდის არ არის შესაძლებელი კუმულაციურად ორივე მათგანის ასახვა სასჯელში. ამდენად, პალატა, პირველ რიგში, შეეხება გ. კ-ის საქმის გარემოებებს, ხოლო შემდგომ, მოცემული სამართლებრივი საკითხის სრულფასოვნად შეფასების მიზნით, მიმოხილავს სხვა შემთხვევებსაც, რომლებზეც მოცემული საქმით დადგენილი წესი, შესაძლოა, არ გავრცელდეს; კერძოდ:

7. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. კ-ე დამნაშავედ არის ცნობილი – ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ოჯახში ძალადობა არაერთგზის (წინა განაჩენი).

8. სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ნასამართლობამ გამოიწვია განსახილველ საქმეში, 2022 წლის 17 ივლისსა და 18 ივლისს ჩადენილი ქმედებების – ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის მუქარად დაკვალიფიცირება, რაც ასახულია კიდევაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში (ოთხი ეპიზოდი, დანაშაული გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით). მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ის მიერ კვლავ ანალოგიური მუხლით, განზრახი დანაშაულის ჩადენამ (მუქარამ, ოჯახის წევრის მიმართ), გამოკვეთა როგორც რეციდივი, ისე არაერთგზისობა.

9. სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ეს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,დ“ ქვეპუნქტების ჩადენისათვის თავისუფლების აღკეთის მაქსიმალური ზომა სამი წელია, შესაბამისად, რეციდივის წესი (რომლის მიხედვითაც, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), გ. კ-ის სასჯელში ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასახული არ არის. სააპელაციო პალატა მოცემული განაჩენის გამოტანის დროს, მართებულად დაეყრდნო, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებულ, N659აპ-21 გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულ საკითხთან მიმართებით, მითითებულია არგუმენტზე, რომ:

„ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც რამდენიმე ნასამართლობის პერიოდში ერთი ახალი დანაშაული ჩაიდინეს და ამ უკანასკნელთან მიმართებით თითოეულმა ნასამართლობამ შექმნა რეციდივი, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომლებმაც რამდენიმე ნასამართლობის პერიოდში ასევე ერთი ახალი დანაშაული ჩაიდინეს და ამ უკანასკნელთან მიმართებით თითოეულმა ნასამართლობამ შექმნა რეციდივიც და არაერთგზისობაც, მოცემულ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რომელთა მიმართ სასჯელის დანიშვნის არსებული პრაქტიკა არათანაბარ, დიფერენცირებულ მიდგომას ემყარება.“ შესაბამისად, მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა სასჯელის ნაწილში და რეციდივის წესის გარეშე, მსჯავრდებულს შესაბამისი მუხლისათვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ზომის მინიმუმი შეუფარდა.

10. მოცემული საქმის გარემოებები ესადაგება ზემოხსენებულ განმარტებას, ვინაიდან, გ. კ-ე წარსულში რამდენიმე მუხლით არის ნასამართლევი და მან ამჟამად ჩაიდინა ახალი დანაშაული, რომელმაც შექმნა როგორც რეციდივი, ისე – არაერთგზისობა (ამ შემთხვევაში, გ. კ-ეს ბრალად აქვს წარდგენილი ოთხი ეპიზოდი, თუმცა, ოთხივე მათგანი არის იდენტურად, არაერთგზისი). რადგან, წინათ, მუქარისათვის ნასამართლევმა გ. კ-ემ, კვლავ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – მუქარა ჩაიდინა, აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია მისი დასჯა კონკრეტული მაკვალიფიცირებელი გარემოებით, კერძოდ – ,,არაერთგზისობით,“ რამაც თავისთავად, საბოლოოდ დასანიშნ სასჯელის სფეროზეც მოახდინა გავლენა (ქმედება უკვე მოექცა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით დაცულ სფეროში). შესაბამისად, ვინაიდან, ცალკე აღებული არაერთგზისობა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, ისედაც ახდენს გავლენას საბოლოოდ დასანიშნ სასჯელზე, ამ კონკრეტული საქმის პირობებში, რეციდივის წესის დამატებით გამოყენება უკვე გაუმართლებლად ამძიმებს პირის მდგომარეობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე რეციდივის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, ხოლო როცა საქმეში რეციდივი და არაერთგზისობა კუმულაციურად არსებობს, ორივე მათგანის ერთობლივად მხედველობაში მიღება, მათი არსებითი მსგავსების გათვალისწინებით, არ ემყარება გონივრულ, ობიექტურ საფუძველს და ამასთანავე, არ ემსახურება რაიმე სახის ლეგიტიმურ მიზანს.

11. ამდენად, გ. კ-ის სისხლის სამართლის საქმის და მის მსგავს შემთხვევებში (მათ შორის უკვე ხსენებულ, N659აპ-21 საქმეში), რეციდივისა და არაერთგზისობის კონკურენციის დროს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს მხოლოდ არაერთგზისობა, რის გამოც, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ამ ნაწილში არ იკვეთება.

12. თუმცა, ზემოაღნიშნული არ გულისხმობს, რომ რეციდივისა და არაერთგზისობის კუმულაციურად არსებობა უპირობოდ, ყველა შემთხვევაში, გამორიცხავს ორივე მათგანის ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას. როგორც საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა, საკითხის სრულყოფილად შეფასების მიზნით, იგი მიმოიხილავს იმ საგამონაკლისო შემთხვევებსაც, როდესაც არაერთგზისობის არსებობის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე რეციდივის წესი მაინც უნდა გავრცელდეს, კერძოდ:

13. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა გარდა უშუალოდ მაკვალიფიცირებელი გარემოებისა (მაგალითად, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა, რასაც გ. კ-ის შემთხვევაში, ზუსტად მოიცავდა წინა ნასამართლობა და რამაც შექმნა კიდეც არაერთგზისობა, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,დ“ ქვეპუნქტებით), ქმედება ჩაიდინა სხვა დამამძიმებელ გარემოებაშიც (მაგალითად, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართაც), ამ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის დროს, სხვა დამამძიმებელი გარემოების არსებობის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება რეციდივის წესი.

14. აგრეთვე, თუ ნასამართლევი პირი, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც იწვევს არაერთგზისობას, ჩაიდენს სხვა დანაშაულს/დანაშაულებს, ხსენებულ, სხვა დანაშაულთან მიმართებით, უკვე გაითვალისწინება რეციდივის წესი. მაგალითად, თუკი პირი წარსულში ნასამართლევია – მუქარისა და ძალადობისათვის და მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე, ჩაიდინა, არამხოლოდ მუქარა, არამედ სხვა განზრახი დანაშაულიც, პირობითად, გამოძალვა, ამ შემთხვევაშიც გამოძალვისათვის სასჯელის დანიშვნისას, უკვე მხედველობაში მიიღება რეციდივის წესი და შესაბამისად, წინათ დადგენილი ნასამართლობაც.

15. მაშასადამე, სასამართლომ რეციდივის წესის გამოყენებამდე დეტალურად უნდა შეაფასოს როგორც წინათ არსებული კონკრეტული ნასამართლობა/ნასამართლობები, ისე მას შემდეგ, ბოლო განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით, მუხლებისა თუ მუხლის რამდენიმე ნაწილით დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

16. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დანაშაულის რეციდივის დადგენისას, არ გაითვალისწინება – ნასამართლობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის და აგრეთვე, ნასამართლობა, რომელიც მოხსნილია ან გაქარწყებულია ამავე კოდექსის 79-ე მუხლით დადგენილი წესით.

მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის სამართლიანობა:

17. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორი გ. კ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას ითხოვს.

18. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს.

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს:

ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

20. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე: Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, §232).

21. ზემოაღნიშნულის პარალელურად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

22. საკასაციო სასამართლო დამატებით აგრეთვე აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ:

1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ..

23. განსახილველ საქმეში გ. კ-ემ ჩაიდინა მუქარა, რამდენიმე ეპიზოდად. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი.

24. როგორც აღინიშნა, გ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, როგორც, საპატიმრო სახის, ისე – არასაპატიმრო სახის სასჯელს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ემ ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პირობებში და ოთხ ეპიზოდად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოვალეობათა დარღვევის ხარისხის, მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილის უდავოდ ცნობისა და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელის სახე და ზომა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით – არის სამართლიანი და მისი გამკაცრების საფუძველი არ არსებობს. სხვა, რაიმე ახალი სახის გარემოებაზე, რომელზე დაყრდნობითაც, საკასაციო სასამართლოს შესაძლოა, სასჯელის ცვლილებაზე ემსჯელა, პროკურორს არ მიუთითებია.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად გაანალიზების საფუძველზე, გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათს, ისე – გ. კ-ის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნების მიღწევას.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი