Facebook Twitter

საქმე # 050100122005480850

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1297აპ-23 ქ. თბილისი

ს-ძე თ, 1297აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით:

1.1. თ. ს-ძე, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს-მ ჩაიდინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ინტერნეტისა და მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2021 წლის 25 ივნისს თ. ს-ძე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დროებით საცხოვრებლად გადავიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში მცხოვრები დეიდის - ზ. ტ-სა და დეიდაშვილის - ნ. ტ-ის საცხოვრებელ სახლში. სოფელში ყოფნის პერიოდში, თ. ს-ის ცნობილი გახდა, რომ ნ. ტ-ს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და, ვინაიდან, პირადი ინტერესით არ სურდა, რომ დეიდაშვილს გაეგრძელებინა მასთან ურთიერთობა, ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, შენიშვნასაც აძლევდა ნ. ტ-ს. იგი კი ეუბნებოდა თ. ს-ს, რომ იყო სრულწლოვანი და არ ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლება. აღნიშნულის გამო თ. ს-ძე განაწყენდა და გადაწყვიტა, უკანონოდ მოეპოვებინა ნ. ტ-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია - შიშველი კადრები, რომლითაც შემდგომში, თუ ნ. ტ-ში გააგრძელებდა ურთიერთობას მეგობარ მამაკაცთან, დააშანტაჟებდა ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ინფორმაციის გახმაურებით. 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-თში, ავტობანის მიმდებარედ საყანე ფართობთან ახლოს, მეგობრის - რ. მ-ს კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში, თ. ს-მ ნ. ტ-ს გახადა ტანსაცმელი და უკანა სავარძელზე შიშველ მდგომარეობაში მყოფს გადაუღო „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონით ვიდეო, რითაც უკანონოდ მოიპოვა ნ. ტ-ის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია; თან დაემუქრა, რომ თუ გააგრძელებდა მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობას გაუხმაურებდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, გაუვრცელებდა აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს და ინტიმური ურთიერთობის შესახებ აცნობებდა სანათესაო წრეს. 2021 წლის 19 სექტემბერს თ. ს-ს კონფლიქტი მოუვიდა ნ. ტ-ან ისევ მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის გამო და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც, 2021 წლის 20 სექტემბერს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და მობილურ ტელეფონში შენახული ნ. ტ-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოიყენა და გავრცელა, კერძოდ, სოციალური ქსელისა და ინტერნეტის მეშვეობით ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნ. ტ-ში ავტომობილში შიშველია, გადაუგზავნა მის დას - ქ. ს-ს და მის მეუღლეს - ვ. ს-ს, ნ. ტ-ის ყოფილ მეუღლეს - გ. ბ-ს, ნაცნობ მ. ა-ს და სანათესაო წრეს, რომლებსაც განუმარტა, რომ ნ. ტ-ს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ასახავდა სწორედ ნ. ტ-ის მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის ფაქტს;

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2021 წლის 25 ივნისს თ. ს-ძე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დროებით საცხოვრებლად გადავიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში მცხოვრები დეიდის - ზ. ტ-ისა და დეიდაშვილის - ნ. ტ-ის საცხოვრებელ სახლში. თ. ს-ძე ნ. ტ-ს, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად აძლევდა შენიშვნებს და ეკამათებოდა. 2021 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ. ს-ს ნ. ტ-ნ მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს მოუხდა სიტყვიერი კამათი, რის გამოც იგი მივიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში და კვლავ მისი სხვა პირთან ურთიერთობის შესახებ შენიშვნა მისცა ნ. ტ-შს. მან კი უთხრა, რომ იყო სრულწლოვანი და მას არ ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლება. თ. ს-ე აღნიშნულის გამო გაღიზიანდა, გაშლილი მარცხენა ხელი მოუქნია და დაარტყა ნ. ტ-ს. მან დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ზ. ტ-ში. მან სცადა შვილის დაცვა და თ. ს-ის შეჩერება, თ. ს-მ კი ზ. ტ-ზეც იძალადა, კერძოდ, მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე. თ. ს-ის მხრიდან ძალადობის შედეგად ზ. ტ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2021 წლის 25 ივნისს თ. ს-ე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დროებით საცხოვრებლად გადავიდა ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ბში მცხოვრები დეიდის - ზ. ტ-ისა და დეიდაშვილის - ნ. ტ-ის საცხოვრებელ სახლში. 2021 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ. ს-ს ნ. ტ-ან მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს მოუხდა სიტყვიერი კამათი, რაც გადაიზარდა მათ შორის კონფლიქტში და თ. ს-მ ფიზიკურად იძალადა როგორც ნ. ტ-ზე, ასევე ზ. ტ-ზე. ამასთან, კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ე. ბ-ას, იძახდა, რომ სადაც გადაეყრებოდა მოკლავდა და მოახრჩობდა მას, რადგანაც შვილების ნახვის უფლებას არ აძლევდა და ისიც იყო მეძავი. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ნათესავის - ქ. ს-ნ ცნობილი გახდა ე. ბ-ის, მას ყოფილი მეუღლის მხრიდან ჩადენილი ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში და დახმარებისთვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა თ. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და თ. ს-ს გამართლება.

4.1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. კასატორების - მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენად საკმარისია თ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ (Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).

7. საკასაციო სასამართლო კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. ს-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულების - ნ. ტ-ის, ზ. ტ-ის, ე. ჯ-ს (ბ-ინა) ჩვენებები, მოწმეების - ვ. ს-ის, ქ. ს-ის, გ. ბ-ის, მ. ა-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნა, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნა, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, დათვალიერების ოქმები და სხვა მტკიცებულებები.

8. დაზარალებულების - ნ. ტ-სა და ზ. ტ-ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი):

8.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

8.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულ თ. ს-ის ძალადობამ დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, კერძოდ:

8.3. დაზარალებულ ნ. ტ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 19 სექტემბერს სახლში მიაკითხა დეიდაშვილმა - თ. ს-მ. კითხვაზე, თუ რატომ მივიდა, როცა გაგდებული იყო, თ. ს-მ მთელი ძალით დაარტყა სახეში, რის გამოც ძლიერი ტკივილი განიცადა. აღნიშნული დაინახა დედამისმა - ზ. ტ-მა, იყვირა და შვილის მისაშველებლად მივიდა, რა დროსაც თ. ს-მ ზ. ტ-აც ძლიერად დაარტყა. მათი წივილ-კივილის მერე თ. ს-ე გაიქცა.

8.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, თ. ს-ს მიერ ნ. ტ-ის მიმართ სისტემატიურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, შანტაჟი ან დამცირება, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას, შედეგად მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.

8.5. დაზარალებულ ზ. ტ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისი დისშვილი - თ. ს-ძე, რომელიც 2021 წლის 19 სექტემბერს სახლიდან გააგდეს იმის გამო, რომ თავის შვილს - ნ. ტ-ს უკრძალავდა ყველგან წასვლას და უკან ფეხდაფეხ დასდევდა, საღამოს მიუვარდა სახლში და ცემა იგი და მისი შვილი. დარტყმის გამო ჯერ ნ-ა წაიქცა; როცა მან თ-ს უყვირა, რომ პოლიცია დაიჭერდა, მსჯავრდებულმა მასაც დაარტყა სახეში. ამის გამო თავბრუ დაეხვა და წაიქცა. შვილმა წამოაყენა ფეხზე, ხოლო თ-ზი გაიქცა. აღნიშნულის თაობაზე დაზარალებულმა ზ. ტ-მა შეატყობინა 112-ის სამსახურს.

8.6. სსიპ ,,112-ის’’ სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის - N2476410 შეტყობინების აუდიოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2021 წლის 19 სექტემბერს დაზარალებულმა ზ. ტ-მა დატოვა შეტყობინება, რომ დისშვილი მიუვარდა სახლში, ცემა და გაიქცა.

8.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულებმა - ნ. და ზ. ტ-მა მიუთითეს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებულ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ორივე მათგანი ცემა თ. ს-მ და მიიმალა.

8.8. მოწმის სახით დაკითხული ვ. ს-ის ჩვენებით, 2021 წლის 19 სექტემბერს წივილ-კივილის ხმაზე ზ. ტ-ის სახლში მივიდა. მან პირადად ნახა ნაცემი ზ. და ნ. ტ-ბი, რომლებსაც სახე ჰქონდათ აწითლებული და ანერვიულებული იყვნენ, ხოლო თ-ზი ეზოდან გარბოდა.

8.9. მოწმე ქ. ს-მ დაადასტურა დას - ნ. ტ-სა და დეიდაშვილს - თ. ს-ს შორის კონფლიქტის არსებობა, თ-ის მხრიდან ნ-ზე ეჭვიანობის ფაქტი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 19 სექტემბერს ჯერ მეუღლისგან (ვ. ს-ნ) ტელეფონით გაიგო თ-ის მიერ დედამისისა და მისი დის ცემის შესახებ. ეს ფაქტი შემდეგ მასთანაც დაადასტურეს პოლიციიდან დაბრუნებულმა ზ. და ნ. ტ-მა.

8.10. მოწმის სახით დაკითხული მ. ა-ის ჩვენებით, იურიდიულ დახმარებას უწევდა თ. ს-ს; 21 სექტემბერს თ. ს-მ თავად უთხრა, რომ ნ-ან მოუვიდა კონფლიქტი და სახეში დაარტყა.

8.11. მოწმე ე. ჯ-მ (ბ-ნა) აღნიშნა, რომ სექტემბერში ქ. ს-ან შეიტყო თ. ს-ის მიერ ქრისტინეს დედისა და დის ცემის შესახებ.

8.12. სამედიცინო ექსპერტმა, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ჩ-მა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ შესამოწმებელი პირების - ზ. და ნ. ტ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მათ თ-მა დაარტყა.

8.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა თ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.

9. დაზარალებულ ე. ჯ-ას (ბ-ნა) მიმართ ჩადენილი მუქარის ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტები):

9.1. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ე. ჯ-ია (ბ-ნა) არის მსჯავრდებულის ყოფილი მეუღლე.

9.2. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოს, მსჯავრდებულ თ. ს-ს არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:

9.3. დაზარალებულ ე. ჯ-ს (ბ-ას) ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბერში ქ. ს-მ მესენჯერში მიწერა, რომ თ. ს-მ სცემა დედამისს და მის დას, ახლა იმყოფება ძებნაში და წამოვიდა მასთან, რადგან იცის მისი სამუშაო ადგილი. აღნიშნულის გამო შეშინდა და ოთახიდან ვერ გადიოდა, რადგან თ-ან მოსალოდნელია საშიშროება. მუქარის შესახებ აცნობა პოლიციას.

9.4. ე. ბ-ას კუთვნილი ,,სამსუნგ გალაქსი ა-01’’ ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა 2021 წლის 30 სექტემბრის 00:31 საათით დათარიღებული 4 ფოტოსურათი - ფეისბუქ-მესენჯერის მიმოწერის ,,სქრინშოტი“ ე. ბ-სა და E-a-ს - თ. ს-ის დეიდაშვილს - ქ. ს-ს შორის. ქ. ს-ძე ე. ბ-ს წერდა, რომ თ-მა ცემა ქ-ს დედა, ასევე ამბობდა, რომ ,,ე-ს ჩემი ხელით დავახრჩობო’’.

9.5. დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ე. ჯ-მ (ბ-ამ) მუქარის თაობაზე შეატყობინა 112-ის სამსახურს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, შსს სსიპ ,,112-ის’’ სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის - N2578626 შეტყობინების აუდიოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს ე. ბ-ს შეტყობინება დაფიქსირებულია შემდეგი სახით: ,,ყოფილი მეუღლე ახალი გათავისუფლებულია ციხიდან და ინიციატორს ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით. ეს ინფორმაცია ინიციატორს მიაწოდა მისმა ნათესავმა, პოლიციის გამოძახება არ უნდა, სურს რომ დაფიქსირდეს აღნიშნული ფაქტი’’.

9.6. დაზარალებულმა ნ. ტ-ა თავის ჩვენებაში დაადასტურა ის გარემოება, რომ მასსა და თ-ს შორის ჩხუბის დროს, იგი დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, „ისიც შენსავით გაიძვერა და ძუკნაა და მოვკლავო“. მან აღნიშნულის თაობაზე უამბო დას, რაც შემდეგ ქ. ს-ნ გაიგო ე-მ.

9.7. დაზარალებულ ზ. ტ-ის ჩვენებით დგინდება ასევე თ. ს-ის მიერ ყოფილი ცოლის მიმართ მუქარის ფაქტი. დაზარალებული მიუთითებდა, რომ მათი ცემის დროს თ. ს-ძე ყვიროდა მისი ცოლის მისამართით ,,თქვენც იმფერები ხართ და დავახრჩობ იმასო’’.

9.8. მოწმე ქ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დედის - ზ. ტ-ისა და დის - ნ. ტ-ან გაიგო, რომ თ. ს-ძე ე. ბ-ას დახრჩობით დაემუქრა, რის შესახებაც თავად მისწერა და გააფრთხილა ე. ბ-ნა. თ. ს-ის მხრიდან სხვა დროსაც გაუგია ე. ბ-ას მისამართით მუქარა, მაგრამ არ მიუწერია ე-ის. ამჯერად კი, რადგან თ-ზი გაქცეული იყო, საჭიროდ ჩათვალა ეცნობებინა ბ-ის.

9.9. მოწმე მ. კ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ ქ. ს-ან გაიგო თ. ს-ის მიერ ე. ბ-მი მუქარის შესახებ.

9.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი აღსრულების შიში. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, მსჯავრდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულის ქცევით, (მალევე დაუკავშირდა 112-ის სამსახურს). რაკი დაზარალებულ ე. ბ-ას, მოძალადე - თ. ს-ნ, დაშორების მიზეზი ძალადობა და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც მან სასჯელიც მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ქ. ს-ის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ თ. ს-ს მიერ დედამისისა და დის ცემის შესახებ, ასევე თ-ის მუქარის თაობაზე ,,ე-ს ჩემი ხელით დავახრჩობო’’, რასაც ახლდა ქ-ს მხრიდან გაფრთხილება, რომ თ-ო ძებნაშია, ,,იცის სად მუშაობ და წამოსულია შენთანო’’, მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩინა მისი აღსრულების შიში. აღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს დაზარალებული ე. ჯ-ია (ბ-ნა) თავის ჩვენებაში, როცა მიუთითებს, რომ ოთახიდან ვერ გადიოდა თ. ს-ის მხრიდან საშიშროების არსებობის გამო, რის თაობაზეც მიმართა კიდეც სამართალდამცავ ორგანოს.

9.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან თ. ს-ის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა.

10. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით (საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები):

10.1. ასევე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორების მითითება, რომ თითქოსდა, მსჯავრდებულ თ. ს-ის ქმედებაში გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ნიშნები, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:

10.2. თავად მსჯავრდებულმა თ. ს-მ ჩვენების მიცემისას არ უარყო და დაადასტურა ვიდეოს უკანონოდ გადაღებისა და გავრცელების ფაქტები. მან მიუთითა, რომ დეიდაშვილი - ნ. ტ-ში, რომელიც ეუბნებოდა ვითომ მეუღლეს ურიგდებოდა, მერე სულ სხვა კაცთან შეამჩნია. შელაპარაკდნენ და ნ-მ უთხრა, სახლიდან წასულიყო. მან დეიდას უთხრა, რომ მისი გოგო ცუდ გზაზე იყო, დეიდამ - ეჭვიანობო, „თუ ვეჭვიანობ გგონია, მაშინ გადავიღებ ვიდეოს და განახებო“. მერე გადაიღო ვიდეო და უნდოდა ეჩვენებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. ნ. ტ-ში სხვა კაცთან იყო და მაშინ გადაუღო. სხვა ვიდეოც ჰქონდა გადაღებული, მაგრამ ნ-ა მიხვდა, რომ იღებდა და წაართვა ტელეფონი, ვერ მოახერხა დაფიქსირება. ნ. ტ-ს უთხრა, რომ ამ ვიდეოს აჩვენებდა იმ ხალხს, ვინც საჭირო იყო, რაზეც ნ-მ უპასუხა როგორც უნდოდა ისე მოქცეულიყო. მან ნ. ტ-ის ყოფილ მეუღლეს გადაუგზავნა ვიდეო. 19 სექტემბრამდე, 3-4 დღით ადრე გადაიღო ის ვიდეო, მისი ტელეფონით. ნ-ის პირს ეძახიან იმ ადგილს, სადაც ნ. ტ-ში მონაცრისფრო მანქანაში იჯდა. ეს ვიდეო სოციალური ქსელის საშუალებით, პირადში, გადაუგზავნა ნ-ს ყოფილ მეუღლეს, მის დას - ქ-ს და თავის ადვოკატს.

10.3. დაზარალებულ ნ. ტ-ის ჩვენებით, თ. ს-მ მას ავტომანქანაში გადაუღო ვიდეო მუქარით, თუ არ დაემორჩილებდა ამ ვიდეოს ყველასთან გაავრცელებდა, აშანტაჟებდა. მაშინ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს, რადგან ს-ე მოკვლით ემუქრებოდა. თ-ს თხოვდა, რომ გადაღებული ვიდეოები წაეშალა. გადაღების დროსაც ეწინააღმდებოდა, მაგრამ მაინც უღებდა.

10.4. კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,SAMSUNG-ის’’ ფირმის ,,SM-J106F-ის’’ მოდელის მობილურ ტელეფონში წარმოდგენილ ვიდეოფაილებზე ასახულია მდედრობითი სქესის პირის შიშველი სხეულის ნაწილები, ჩანს მკერდიც. ისმის მამაკაცის და ქალის საუბარი.

10.5. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ ,,მესენჯერში’’ ქ. ს-ის პირადი გვერდიდან ვიდეოაუდიო ფაილები და ტექსტური შეტყობინებები გამოითხოვეს. სოციალურ ქსელ ,,მესენჯერში’’ გაიხსნა მომხარებელ ,,K-ze-ის’’ პირადი გვერდი, რომელთა შორის ფიქსირდება მომხმარებლის ,,T-ze-ის’’ (თ. ს-ის) მიმოწერა. ამ მიმოწერის გახსნისას დადგინდა, რომ ,,T-ze-ის’’ პირადი გვერდიდან ქ. ს-ის პირად გვერდზე 2021 წლის 20 სექტემბერს გაგზავნილია ერთი ვიდეოჩანაწერი, რომლის ხანგრძლივობაა 01 წუთი და 10 წამი. ჩანაწერის დაწყებისთანავე მასში ახლო რაკურსით მოჩანს შიშველი ქალი, რომელიც, ქ. ს-ის განმარტებით, არის მისი და - ნ. ტ-ში. ქალის ზის, ხელებით დაყრდნობილია მუხლებზე, თავდახრილი. ჩანაწერში ასევე ჩნდება სავარაუდოდ ავტომანქანის კარი და კარის შიდა სახელური, ასევე სავარძლის საზურგის ნაწილი. ჩანაწერის დაწყებისთანავე კამერის მიღმა ისმის მამაკაცის ხმა და საუბარი.

10.6. დაზარალებულმა ზ. ტ-მა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ თ. ს-მ მის უფროს შვილს - ქ. ს-ს და სხვებსაც გაუგზავნა ვიდეო, რომელშიც მისი შვილი - ნ. შიშველი იყო.

10.7. მოწმე ვ. ს-მ თავის ჩვენებაში დაადასტურა როგორც თ. ს-ნ შიშველი ნ. ტ-ის ვიდეოს მიღების, ასევე თ-ს მხრიდან ამ ვიდეოს გავრცელების ფაქტები, რაც გამოიხატა თ. ს-ის მიერ ვიდეოს გადაგზავნაში ნ. ტ-ის ნათესავებისა და მის ყოფილი ქმრისთვის.

10.8. მოწმე ქ. ს-ის ჩვენებით, 2021 წლის 20 სექტემბერს თ-მა მესენჯერში გადაუგზავნა ვიდეო, რომელშიც მისი და - ნ. ტ-ში შიშველი იყო.

10.9. მოწმე გ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ყოფილ მეუღლეს - ნ. ტ-ს შერიგებაზე შეუთანხმდა, რასაც ისმენდა თ. ს-ძეც. მეორე დღეს დაურეკა თ-მა, რომ დაენებებინა ნ-ის თავი, რადგან დაიჭირა სხვის მანქანაში შიშველი და ,,ჩამომიგდო ფოტო... ნ-ს შიშველი ფოტო იყო’’. შემდეგ თ. ს-მ მესენჯერში გადაუგზავნა ვიდეო, სადაც ს-ძე ეკითხებოდა როგორ მოქცეულიყო, ნ-ა - არ პასუხობდა. თ-მა უთხრა, რომ მან ნ-ს ყველა ნათესავს გაუგზავნა ვიდეო. მოწმე გ. ბ-ძე თავის ჩვენებაში მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ნ. ტ-მა დაუდასტურა ვიდეოკადრში ყოფნის ფაქტი და უთხრა, რომ ის გადაუღო თ. ს-მ, რომელმაც მოტყუებით წაიყვანა ქ-ნ და გზაში გადაუღო შანტაჟის მიზნით, რომ ს-მ შერიგების თაობაზე მათი საუბარი მოისმინა, არ უნდოდა შერიგებულიყვნენ და მოიმოქმედა ეს ყველაფერი.

10.10. მოწმე მ. ა-მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მას თ. ს-მ ფეისბუქზე, მესენჯერში გადაუგზავნა ნ. ტ-ის ვიდეო, რომელშიც იგი შიშველი იყო.

10.11. ნივთიერი მტიცებულების - რ. მ-ან ამოღებული ,,მერსედესის’’ მარკის, ... სახელმწიფო ნორმის მქონე ავტომანქანის დათვალიერებისას დაზარალებულმა ნ. ტ-მა მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნული ავტომანქანა ითხოვა თ. ს-მ მისი მეგობრისგან და წაიყვანა სხვადასხვა ადგილებში. ამ მანქანით წაიყვანა 2021 წლის 16 თუ 17 სექტემბერს ქ. ქ-ის მიმართულებით, რა დროსაც გზიდან გადაუხვია სოფელ ნ-ში არსებული საყანე ფართობებისკენ და მუქარით, შიშველს გადაუღო ვიდეო (იხილეთ ნივთიერი მტიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმი).

10.12. ამდენად, საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე ნაწილობრივ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. ს-მ, რომელიც ეჭვიანობდა დეიდაშვილზე - ნ. ტ-ზე, აკონტროლებდა, დასდევდა, მორჩილებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდა, შანტაჟის მიზნით, რომ ნ. ტ-ს ახლობლებისათვის ეჩვენებინა როგორ ცხოვრებას ეწეოდა იგი, მისი კუთვნილი ტელეფონით, შიშველ ნ. ტ-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო ვიდეო, რის შემდეგაც სოციალური ქსელის, მესენჯერის მეშვეობით დაუკავშირდა მის ახლობლებს და გადაუგზავნა წელზევით შიშველი ნ. ტ-ის ვიდეოჩანაწერი. თ. ს-ის მიერ დაზარალებულ ნ. ტ-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტი გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, დადგენილი და დადასტურებულია ასევე დაზარალებულ ნ. ტ-ის ჩვენებით, მოწმეების - ვ. ს-ის, ქ. ს-ის, გ. ბ-სა და მ. ა-ის ჩვენებებით.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. ს-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი