საქმე # 190100123007083615
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1308აპ-23 ქ. თბილისი
ხ-ი რ, 1308აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ხ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის ივლისში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, მეუღლეს - ნ. ა-ს თავის არეში დაახლოებით რვაჯერ ჩაარტყა ხელი. შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის თებერვალში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, მეუღლეს - ნ. ა-ს თავის არეში დაახლოებით ორჯერ დაარტყა ხელი. შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის ოქტომბერში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, მეუღლეს - ნ. ა-ს ესროლა საფერფლე, რომელიც მას მოხვდა მარჯვენა ფეხის მუხლზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის იანვრის ბოლოს, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, მეუღლეს - ნ. ა-ს განუცხადა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, მეუღლეს - ნ. ა-ს განუცხადა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, არასრულწლოვანი შვილის - ე. ხ-ის თანდასწრებით, მარჯვენა ხელით მოქაჩა თმა მეუღლეს - ნ. ა-ას, წააქცია და ძირს დაცემულს თავის არეში ხელი სამჯერ დაარტყა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტის მიმდინარეობისას, რ. ხ-მა ნ. ა-ს ჩანგალი მიუტანა სახესთან და განუცხადა, რომ მოკლავდა, ასევე მოგვიანებით უთხრა, რომ მომხდარის პოლიციის ორგანოში გაცხადების შემთხვევაში, არ აცოცხლებდა. აღნიშნული მუქარა ნ. ა-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის ოქტომბერში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, მიაჩნდა რა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, ორსულ მეუღლეს - ნ. ა-ს თავის არეში ჩაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, რა დროსაც ნ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საკუთარი მამაკაცური როლის უპირატესობის წარმოჩინების მიზნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, მეზობლებთან, მაღაზიაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება, თავისი, როგორც მამაკაცის, სიტყვა იყო მთავარი და ცოლი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, ხოლო ქალის ძირითადი მოვალეობა მარტო შვილების გაჩენა და ქმრის მსახურება იყო, არასრულწლოვანი შვილის - ე. ხ-ის თანდასწრებით, მარჯვენა ხელით მოქაჩა თმა მეუღლეს - ნ. ა-ს, წააქცია და ძირს დაცემულს თავის არეში ხელი სამჯერ დაარტყა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით:
2.1. რ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. რ. ხ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სხდომის დარბაზიდანვე.
2.3. რ. ხ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, რ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ. ხ-ის მიერ მეუღლის - ნ. ა-ას მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ა-მ (მეუღლე), მოწმეებმა - ნ. ხ-მა (მამა) და ნ. ხ-ამ (დედა) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და მეუღლისა და შვილის - რ. ხ-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ. ა-ის ჩვენებით, არის ნ. ა-ს მამა. მის ქალიშვილსა და სიძეს აქვთ კარგი ურთიერთობა. იგი არასოდეს შესწრებია მათ შორის კონფლიქტს, არც შვილს უთქვამს მისთვის, რომ მეუღლესთან ურთიერთობაში ჰქონდა პრობლემა. მოწმემ დაადასტურა, რომ 2022 წლის ოქტომბერში მისი ქალიშვილი თვენახევარი დარჩა მათ ოჯახში, რადგან მეორე შვილის ქორწილის სამზადისში ეხმარებოდა.
13. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ზ. ა-მ. მანვე დამატებით მიუთითა, რომ ნ-ის მანამდე და არც მაშინ რაიმე სახის დაზიანება შეუმჩნევია. მოწმემ არ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომ თითქოს, ნ-მ უთხრა, რომ ქმარმა ცემა. მისი განმარტებით, ნ-ან იცოდა, რომ მისი ქმარი ხშირად თვრებოდა და შესაძლებელია გაბრაზებულმა ასეთი განმარტება მისცა გამოძიებას.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად, ნ. ა-ას ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.
15. სრულიად წინააღმდეგობრივია საქმეში არსებული შეტყობინება, რომლის თანახმად, ინიციატორ მ. ხ-ს განმარტებით, ოჯახში მოხდა ფიზიკური ხასიათის არეულობა არაპარტნიორ წევრებს შორის. შვილმა დაარტყა დედას.
16. პროკურორი თეონა წოწკოლაური რ. ხ-ის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად აპელირებს მოწეების - ნ. კ-ისა და ნ. კ-ის, ასევე გამომძიებლების - მ. ვ-ის, გ. ო-ისა და გ. მ-ს ჩვენებებზე, კერძოდ:
17. მოწმე ნ. კ-ის ჩვენებით, არის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი. 2023 წლის 21 თებერვალს, შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა გ-ის პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა ნ. ა-ა. იგი იყო განერვიულებული, წნევა ჰქონდა მაღალი და გული აჩქარებული, საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებდა, გარეგნულად არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა. გამომძიებლისგან გადმოცემით იცის, რომ ნ. ა-ზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ.
18. მოწმე ნ. კ-ის ჩვენებით, რომ მუშაობს თარჯიმანთა ბიუროში, ფლობს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს. როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა ნ. ა-სა და ზ. ა-ის გამოკითხვებს. მოწმის განმარტებით, მას დეტალურად არ ახსოვს ნ. ა-ს ქმრის მიმართ ჰქონდა თუ არა პრეტენზია. ახსოვს, რომ ნ. ა-ს მშობლებმა გამოკითხვის დროს თქვეს, რომ მათ შვილს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან.
19. რაც შეეხება გამომძიებლებს - მ. ვ-ს, გ. ო-სა და გ. მ-ს, მათ დაადასტურეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული პირები არ ყოფილან დანაშაულის არცერთი ეპიზოდის თვითმხილველი მოწმეები და ისინი ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი ჩვენება ირიბია, დიდწილად კი სრულებით დაუკავშირებელია დანაშაულის უმრავლეს ეპიზოდთან.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლითა და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად და მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში შესაბამისად - ტანჯვის, ტკივილის, ხოლო მუქარის შემთხვევაში - საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა არ იარსებებს. ტანჯვის, ტკივილის, შიშის განცდა კი სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, ტკივილის განხორციელებისა და საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებით, დაზარალებულ ნ. ა-ს შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და მის მიერ ტკივილის განცდის არსებობას. საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე არ დგინდება, გაუჩნდა თუ არა ნ. ა-ს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
23. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ. ა-მ მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც სხვადასხვა დროს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
23.1. მოცემულ შემთხვევაში 2023 წლის 21 თებერვალს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნ. ა-ნ მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
23.2. იმ პირობებში, როდესაც ნ. ა-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი რ. ხ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
23.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
23.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
23.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
23.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
24. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 21 თებერვლის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი რ. ხ-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა რ. -ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე რ. ხ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი