Facebook Twitter

საქმე # 190100122005584972

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1310აპ-23 ქ. თბილისი

ს-ი დ, 1310აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის .. თებერვალს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. რ-ში, რ-ის ქუჩის N.. კორპუსის ბინა N...-ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა დ. ს-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დას - ს. ს-ას, თვლიდა რა მეუღლესთან გაშორების გამო მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, კამათისას დინამიკი დაარტყა ფეხის არეში. დ. ს-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ს. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რ-ში, რ-ის ქუჩის N... კორპუსის ბინა N..-ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა დ. ს-მა, სარეცხი მანქანის ჩართვის გამო გაშლილი ხელის თავის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა დაზე - ს. ს-ზე. დ. ს-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ს. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ რ-ში, რ-ის ქუჩის N.. კორპუსის ბინა N...-ში, დ. ს-ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დას - ს. ს-ს, თვლიდა რა მეუღლესთან გაშორების გამო მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (სიტყვით „დაგჩეხავ“). დ. ს-ის აღნიშნული მუქარა ს. ს-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით:

2.1. დ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა, ანუ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 02.02.2023 წლის N1-714-22 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის, სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

2.4. დ. ს-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2023 წლის 23 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 8 აგვისტოდან 2023 წლის 23 ივნისამდე.

2.5. გაუქმდა დ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

3.2. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი დ. ს-ის მიმართ გამამტყუნებელ ნაწილში.

3.3. დ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

3.4. მხედველობაში იქნს მიღებული, რომ დ. ს-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის N1-714-22 განაჩენით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.

3.5. დ. ს-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3.6. დ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

3.7. დ. ს-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, დ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ს. ს-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

8. მოწმის სახით დაკითხული ზ. ი-ს ჩვენებით, არის დ. ს-სა და ს. ს-ას მეზობელი. 2022 წლის იანვრის ბოლოს, სვეტლანა მასთან მივიდა და უთხრა, რომ მისმა ძმამ, დ. ს-მა დაარტყა სახეში ხელი და აუკრძალა სახლში გაზის გამოყენება, ამიტომ ითხოვა წყლის გაცხელება. ამის შემდეგ სთხოვა ტელეფონი და დარეკა პოლიციაში.

9. N243084 შეტყობინების თანახმად, შეტყობინების ავტორის - ს. ს-ს განმარტებით, მასზე ფიზიკურად ძალადობს მისი 17 წლის ძმა - სცემს და ფეხი აქვს დალურჯებული. შეტყობინება შევიდა მობილური ტელეფონის ნომრიდან ....

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ს. ს-ას ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

11. მოწმე მ. კ-ის გამოკითხვის ოქმის (რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) თანახმად, 2022 წლის 28 იანვარს, დაახლოებით შუადღის საათებში, ძმისშვილმა უთხრა, რომ მეზობელი ს-ა ეძახდა. მისვლისას ბავშვი ტიროდა, არ ჩერდებოდა, რის გამოც მან ჰკითხა, თუ რატომ ჩხუბობდნენ, ბავშვი გამოართვა ს-ას და გამოვიდა ეზოში. როგორც შემდგომ ს-ან გაიგო, დ-ი არ უშვებდა სახლში და იგი ბინაში გადავიდა ფანჯრიდან. მოწმის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე მ. კ-ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება შემთხვევის დღეს დ. ს-ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი არც ფიზიკური ძალადობისა და არც მუქარის ფაქტები. მოწმე ადასტურებს მხოლოდ მათ შორის გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციას, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად და ვერ ადასტურებს დ. ს-ის მხრიდან ბრალად შერაცხული რომელიმე ქმედების ჩადენის ფაქტს.

13. რაც შეეხება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, როგორც მოწმე ზ. ი-ს ჩვენებას (რომლის თანახმადაც, ის დაზარალებულ ს. ი-ნ გადმოცემით ფლობს ზოგადად გარკვეულ ინფორმაციას 2022 წლის იანვრის ბოლოს ჩადენილ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით), ასევე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ლ. მ-ის ჩვენებას (რომლის თანახმადაც, მან მოცემულ საქმეზე ჩაატარა გარკვეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, მათ შორის - დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვა), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებების თანახმად, ისინი დ. ს-ის მიმართ ბრალად წარდგენილი რომელიმე ქმედების თვითმხილველი არ არიან; აღნიშნული პირები არც უშუალოდ დ. ს-ის მიერ ს. ს-ს მიმართ ძალადობისა და მუქარის არცერთ ფაქტს არ შესწრებიან და არც ცხელ კვალზე - დ. ს-ს მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლინებას; აღნიშნული მოწმეები დაზარალებულისაგან ფლობენ დ. ს-ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ზოგადად გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

14. N243084 შეტყობინებასა და გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათთთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რამდენადაც შეტობინება გამოძიების დაწყების საფუძველია და მასში აღწერილი ფაქტ(ებ)ის ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო და შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო. ამასთან, დაზარალებულის მიერ 2022 წლის 30 იანვარს განხორციელებული შეტყობინება ზოგადი ხასიათისაა და და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების თვალსაზრისით ასევე არასაკმარისია; აღნიშნულით საერთოდ არ ირკვევა, რაში გამოიხატა მის მიმართ ძალადობა და აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი; ასევე მასში არ არის ასახული რაიმე ინფორმაცია მუქარის ფაქტთან დაკავშირებით.

15. რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნას, რაზეც ასევე აპელირებს პროკურორი სალომე ქემაშვილი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია, სვეტლანა საზიკოვას ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა კიდურზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მოწმე და რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დ. ს-ის მიერ 2022 წლის 28 იანვარსა და 2022 წლის 29 იანვარს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს; ასევე რაიმე მტკიცებულებით უტყუარად არ დგინდება, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა აღნიშნული დაზიანება.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N627აპ-19 განჩინება; 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

18. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

20. განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ს. ს-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა დ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა დ. ს-ის სასარგებლოდ.

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე დ. ს-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი