Facebook Twitter

საქმე # 330100122005795001

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1325აპ-23 ქ. თბილისი

გ-ი გ, 1325აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 18 სექტემბრის N14884 ბრძანებით გ. გ-ი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს N16 განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. მის მოვალეობაში შედიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებებიდან გამომსვლელ პირთა აღრიცხვა, შემოწმება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2022 წლის 2 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ რ-ში, მ-თა ქუჩის N..-ში მდებარე N... პენიტენციური დაწესებულებაში პატიმართან შეხვედრის შემდგომ, ამავე დაწესებულების გამომსვლელთან (N12 და N16 დაწესებულების გამოსასვლელი) იმყოფებოდა ადვოკატი შ. თ-ძე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეტალოდეტექტორის საშუალებით შეამოწმა გ. გ-მა. შემოწმების პროცესში გ. გ-სა და შ. თ-ს შორის მოხდა შელაპარაკება. კონფლიქტისას, გ. გ-მა, საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ. გ-ი და შ. თ-ძე გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც გ. გ-მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შ. თ-ს მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს ზემოხსენებული პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა. გ. გ-მა ადვოკატ შ. თ-ის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, რითაც შეილახა დაზარალებულ შ. თ-ის უფლებები. ამასთან, ინციდენტის მიმდინარეობისას დაირღვა წესრიგი და შეფერხდა N.. პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება. შესაბამისად, გ. გ-ის აღნიშნულმა ქმედებამ შ. თ-ის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით:

2.1. გ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს სახით შეტანილი თანხა - 4000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა - ჯემალ ლომსაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენის გაუქმება, გ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ.საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გამართლებულ გ. გ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კერძოდ:

8. დაზარალებულმა შ. თ-მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2022 წლის 2 მარტს იმყოფებოდა რ-ში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მ. ს-ი. 2022 წლის 2 მარტს, როდესაც აპირებდა მსჯავრდებულის მონახულებას, შემოწმებისას, პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს ჰკითხა, დეტექტორს პრობლემა ხომ არ ჰქონდა. აღნიშნულ კითხვაზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა გ. გ-მა მის მიმართ გამოხატა უკმაყოფილება, პასიური აგრესია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, შეხვედრიდან გამოსვლისას, მას უნდა გაევლო შემოწმება; იგი ესაუბრებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რა დროსაც გ. გ-მა შეაგინა მ. ს-ს. აღნიშნულზე შ. თ-მ გ. გ-ს მოსთხოვა განმარტება, ასევე მოუწოდა აღნიშნული სიტყვების გარეთ გამეორება. შემდეგ შ. თ-ძე შეამოწმეს და გაჩხრიკეს შესამოწმებელ ოთახში, მას პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი მოთავსებული ჰქონდა იქ მდგარ მაგიდის თაროზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ შემოწმების შემდეგ გ. გ-მა შესთავაზა გვერდით გასვლა, რასაც იგი დათანხმდა. მან აიღო მობილური ტელეფონი და ჩართო ხმის ჩამწერი პროგრამა; გავიდა ოთახიდან, სადაც დახვდა გ. გ-ი, რომელმაც გაყოლისკენ მოუწოდა; გაჰყვა დერეფანში და ისინი შევიდნენ მოსასვენებელ ოთახში, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ იყო. მას გ. გ-მა ჰკითხა, რა პრეტენზიები გააჩნდა; თავად კი გ. გ-ს მოთხოვა განმარტება, რატომ აგინებდა პატიმარს, ასევე - სახელისა და გვარის დაფიქსირება, ვინაიდან აპირებდა ჩივილს ხელმძღვანელობასთან. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას გ. გ-მა მიაყენა რუსულ ენაზე შეურაცხყოფა, ანალოგიურად მანაც მიაყენა შეურაცხყოფა. შემდეგ გ. გ-ი გავიდა ოთახიდან და შ. თ-ს დედა შეაგინა. დაზარალებულმა ჩაილაპარაკა ,,მშიშარა ნაბიჭვარი“. აღნიშნულზე გ. გ-ი გაემართა შ. თ-ნ, რომელსაც მოუქნია ხელი. ვინაიდან გ. გ-ს აშველებდნენ სხვა თანამშრომლები, მოქნეული ხელი შ.თ-ს მოხვდა სათვალეში, რომელიც დაუვარდა. შ. თ-მ აღნიშნა, რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, ვინაიდან გ. გ-ი მას არ შეხებია.

9. დაზარალებულმა ჩვენებაში ასევე მიუთითა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია გ. გ-ს მიმართ, კერძოდ, როდესაც შეიტყო, რომ გ. გ-ი იყო დაზარალებული წინა ხელისუფლების მიერ აქციების დარბევის დროს, ამის გამო, მას იგი შეეცოდა. შემდეგ მან წაიკითხა გ. გ-ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც იგი გამოძიებას აწვდის ტყუილ ინფორმაციას, რის გამოც აღშფოთდა. შ. თ-ის განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, ის თანახმაა გ. გ-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

10. გ. გ-სა და ზ. თ-ს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა - კ. კ-მ და ზ. თ-მა, კერძოდ:

11. მოწმე ზ. თ-მა 2022 წლის 2 მარტს განვითრებული მოვლენები შემდეგნაირად აღწერა: იგი პენიტენციური დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც პატიმართან შესახვედრად დაწესებულებაში მისული იყო ადვოკატი შ. თ-ძე. პატიმრის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გაიარა შემოწმება, მას ამოწმებდა გ. გ-ი, რა დროსაც შ. თ-მ უკმაყოფილება გამოხატა დეტექტორის თაობაზე. იმავდროულად, ზ. თ-ი შესამოწმებელ ოთახში სხვა პირს ამოწმებდა, მან გაიგონა გ. გ-სა და შ. თ-ეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება - ,,დაბალ ტონალობაში კამათობდნენ“. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ინციდენტს ხელი არ შეუშლია პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის.

12. მოწმე კ. კ-აც დაადასტურა, რომ 2022 წლის 2 მარტს, დაახლეობით 18:10-15 წუთზე, იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, რა დროსაც დაუკავშირდა მისი თანამშრომელი ანა თორია და სთხოვა ქვევით ჩასვლა. მოწმემ განმარტა, რომ ქვევით ჩასვლისას დაინახა, რომ ადვოკატი შ. თ-ძე იატაკიდან იღებდა ნივთს. მან შემდგომ შეიტყო, რომ ადვოკატ შ. თ-სა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელ გ. გ-ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან დაადასტურა, რომ ამ ინციდენტს ხელი არ შეუშლია პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის.

13. საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერითა და აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ გ. გ-სა და შ. თ-ს შორის წარიმართა სიტყვიერი დაპირისპირება. გ. გ-ის ინიციატივით, მან შ. თ-ძე საქმის გასარკვევად მიიპატიჟა მოსასვენებელ ოთახში, სადაც ადვოკატი გ. გ-ს სთხოვს პასუხს, თუ რატომ შეაგინა მ. ს-ს. გ. გ-ი მას ეუბნება, რომ მხოლოდ მ. ს-ს შეაგინა. ასევე შ. თ-ძე ცდილობდა გაეგო გ. გ-ის სახელი და გვარი, შემდეგ გ. გ-ს მიმართა, რომ არის უზრდელი, რის შემდეგაც ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. კამათის ამოწურვის შემდეგ, როდესაც გ. გ-მა დატოვა შ. თ-ძე და გაემართა დერეფნის ბოლოსკენ, მას ადვოკატმა მიაძახა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რამაც გამოიწვია გ. გ-ის აღელვება, გაღიზიანება და ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით, სწრაფი ნაბიჯით გაემართა შ. თ-ნ. შემდეგ მათ შორის ჩადგნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, რის შემდგომაც განიმუხტა სიტუაცია, ხოლო გ. გ-მა და შ. თ-მ დატოვეს დერეფანი.

14. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... ვიდეოექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ ინციდენტი მოხდა დღის ბოლოს, 18:00 საათის შემდგომ.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ, მართალია, გ. გ-ი მიეკუთვნებოდა საჯარო მოხელეს (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის სუბიექტს), თუმცა ცალსახაა, რომ შ. თ-სა და გ. გ-ს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება არ იყო დაკავშირებული გ. გ-ის საქმიანობასთან. ამასთან, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ინციდენტი განვითარდა 18:00 საათის შემდეგ. დაზარალებულმა შ. თ-მ დაადასტურა, რომ გ. გ-ი არ შეხებია და რაიმე სახის ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ასევე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მომხდარ ფაქტს ხელი არ შეუშლია დაწესებულების საქმიანობისათვის.

16. იმისათვის, რომ პირს შეერაცხოს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, აუცილებელია პირის ქმედებამ გამოიწვიოს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული ადასტურებს, რომ მას ბრალდებული არ შეხებია ხელით; თვითონაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი მოხდა სამუშაო დღის ბოლოს - 18:00 საათის შემდეგ. იმავე დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც შეესწრნენ მომხდარს, ადასტურებენ, რომ რაიმე შეფერხება აღნიშნულ ინციდენტს არ გამოუწვევია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გ. გ-ის ქმედებები, ვერ შეფასდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, რომელმაც არსებითად დაარღვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლება, ასევე საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის განაჩენების მოტივაციას გამართლებულ გ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დაადასტურდა ის ფაქტი, რომ გ. გ-მა ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე გ. გ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი