Facebook Twitter

საქმე # 330100123004691185

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1340აპ-23 ქ. თბილისი

გ-ძე ო, 1340აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით:

1.1. ო. გ-ე, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1050 ლარი. 2021 წლის 29 აპრილს დაკავებაში ყოფნის ვადის - 1 დღის გათვალისწინებით, ო. გ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.2. გაუქმდა ო. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. გ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.თ-ში, ა. გ-ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ო. გ-მ იძალადა მ. ბ-ზე, კერძოდ, მობილური ტელეფონი ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, მარჯვენა მხარეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ო. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ო. გ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. კასატორის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენად საკმარისია ო. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ (Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).

7. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა, ასევე ო. გ-ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ მ. ბ-სა და მოწმეების - ლ. კ-ის, რ. ე-ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N4515 სამედიცინო ბარათი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნა, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სსიპ 112-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ:

8. დაზარალებულმა მ. ბ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ო. გ-ძე და მისი და - ნ. გ-ძე ცხოვრობენ მეზობლად. თავად ცხოვრობს მე-7 სართულზე, გ-ბი კი - მე-6 სართულზე ნაქირავებ ბინაში. ახალგაზრდებთან არაერთხელ ჰქონდა საუბარი სადარბაზოს დასუფთავებასთან დაკავშირებით, ვინაიდან კოვიდ-პანდემიის პირობებში შეესწრო მათი მხრიდან პირბადეების დაყრის ფაქტს და მისცა შენიშვნა, მათ შორის - მსჯავრდებულსაც, შედეგად მიიღო უხეში პასუხი. დაზარალებულის განმარტებით, 2021 წლის 28 აპრილს, დილით, ლიფტთან შეხვდა ო. გ-ძე და გააფრთხილა, აღარ დაეყარა პირბადეები სადარბაზოში, თუმცა პასუხი არ გაუცია. ო. გ-ე დაეწია მას კორპუსის შლაგბაუმთან და მიაწოდა მობილური ტელეფონი, მოითხოვდა მისგან, რომ ვიღაცას დალაპარაკებოდა. მან გამოართვა ტელეფონი, მაგრამ უკანვე დაუბრუნა, ვინაიდან პასუხი არავინ გასცა. დაზარალებულმა გზა განაგრძო, თუმცა ო. გ-ძე ყვირილით დაეწია და, დროის მცირე ინტერვალით, ორჯერ ჩაარტყა მობილური ტელეფონი თავის არეში, რის გამოც განიცადა ტკივილი. საპასუხო აგრესია ო. გ-ს მიმართ არ გამოუვლენია, მხოლოდ უსინდისო უწოდა. ო. გ-მ დატოვა შემთხვევის ადგილი, თავად კი წავიდა სამსახურში, სადაც სველი ნაჭერი დაიდო დაზიანებულ ადგილზე და დალია დამამშვიდებლები. მოგვიანებით თავი შეუძლოდ იგრძნო და დასჭირდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ჩარტყმის შედეგად არ ჰქონია სისხლდენა და არც გონება დაუკარგავს, თუმცა აღენიშნებოდა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ე.წ. კოპი. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2021 წლის 29 აპრილს, სახლში მწოლიარეს დაურეკა ო. გ-ის დედამ და სთხოვა მეუღლესთან გასაუბრება მომხდართან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა და განუმარტა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ო. გ-ს. მ. ბ-ს გადმოცემით, წარსულში არაერთხელ ჰქონდა საუბარი ნ. გ-სა და მასთან ერთად მცხოვრებ თ. ა-ან სადარბაზოში სისუფთავის დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა უარყო როგორც მათთან, ისე სხვა მეზობლებთან კონფლიქტის ფაქტი. მანვე დაადასტურა, რომ 2018 წელს ნ. გ-მ მას უჩივლა თბილისის მერიაში.

9. ამდენად, დაზარალებულმა მ. ბ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა 2021 წლის 28 აპრილს განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ისაუბრა ო. გ-ის მხრიდან ძალადობის - მობილური ტელეფონის თავის არეში ორჯერ დარტყმის ფაქტზე და განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს სანდოობასთან დაკავშირებით.

10. დაზარალებულ მ. ბ-ის ჩვენება ო. გ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით დასტურდება როგორც შეტყობინებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც აღნიშნულია, რომ მ. ბ-მ უჩვენა ის ადგილი, სადაც ო. გ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ-მ მხოლოდ სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე საათის დაგვიანებით დარეკა 112-ში, არ წარმოშობს აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებში აღწერილი გარემოებებისადმი ეჭვის აღძვრის საფუძველს. მ. ბ-მ არ უარყო, რომ ძალადობის შემდეგ იმყოფებოდა სამსახურში, თუმცა, ძლიერი ტკივილის გამო, მოგვიანებით გამოიძახა სასწრაფო დახმარება. დაზარალებულის მდგომარეობასა და კოპის არსებობას ადასტურებს მისი რძალი, მოწმის სახით დაკითხული ლ. კ-ი და ასევე პოლიციის თანამშრომელი, მოწმე რ. ე-ძე, რომელსაც ჰქონდათ შეხება მ. ბ-ან.

11. მ. ბ-ის მიმართ ო. გ-ის მხრიდან ძალადობის ჩადენა და შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი დასტურდება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N4515 სამედიცინო ბარათით, რომლის თანახმად, დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 2021 წლის 28 აპრილს, 17:01 საათზე, რა დროსაც უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ყურის, ყვრიმალის არეში. დილით ჰქონდა თავბრუსხვევა, რასაც უკავშირებდა კონფლიქტს მეზობლის მდგმურთან, რომელმაც მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში. მ. ბ-მ ექსპერტთანაც კი განმარტა, რომ 2021 წლის 28 აპრილს, დილის საათებში, მობილური ტელეფონი რამდენჯერმე ჩაარტყეს თავის მიდამოში. მართალია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დაზიანების არსებობა არ დასტურდება, თუმცა მასში აღწერილია დაზარალებულის ჩივილები გასინჯვის დროს; კვლევისას შესამოწმებელი პირი განიცდიდა ტკივილს თავის მიდამოში, რაც, ლოკალიზაციის მიხედვით, სრულად ემთხვევა დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში აღწერილ გარემოებებს.

12. დაზარალებულის ჩვენების სისწორეს მოწმობს ასევე სასამართლოში გამოკვლეული, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერიც. ჩანაწერში ჩანს ო. გ-ის მიერ მ. ბ-ის მიმართულებით ხელის ორჯერ მოქნევის ფაქტი. თუმცა ხელის მოქნევამდე, მნიშვნელოვანია ასევე იმგვარი გარემოებების შეფასებაც, როგორიცაა ადგილი, კამერის ხედვის არე, მისი ხარისხი და სხვა ქმედებები.

13. ჩანაწერის მიხედვით, დაზარალებულს უკან მიყვება ო. გ-ძე და ჩერდებიან გზის სავალი ნაწილის შუაში, სადაც მოძრაობენ სატრანსპორტო საშუალებები. შემდეგ შორდებიან, დაზარალებული მიდის, ო. გ-ეც უკან ბრუნდება. დაზარალებული ტრიალდება იმ მიმართულებით, საითაც წავიდა ო. გ-ძე და ხელს იქნევს. მსჯავრდებული სწრაფად მიდის დაზარალებულთან და მარცხენა ხელს იქნევს დაზარალებულის თავის მიმართულებით, რის შემდეგაც კამერის ხედვის არეს ფარავს სატრანსპორტო საშუალება. ამის შემდეგ ო. გ-ე კვლავ ბრუნდება დაზარალებულთან, იქნევს მარცხენა ხელს, დაზარალებული იქნევს ხელს, რის შემდეგაც ო. გ-ძე მიდის და დაზარალებულიც აგრძელებს გზას.

14. ის გარემოება, რომ დაზარალებულს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ ვიზუალურად ხილული და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული დაზიანების არსებობა არ არის განმსაზღვრელი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.

15. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას ირიბ ჩვენებებზე, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოწმეების - ლ. კ-სა და რ. ე-ის ჩვენებების ნაწილი, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც დაზარალებულისგან გახდა ცნობილი, თუმცა მათი მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს. მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მ. ბ-ის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ბრალდების მხარე ო. გ-ს ედავება მ. ბ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას თავის არეში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმის გზით; მოწმეებმა - ლ. კ-მა და რ. ე-მ კი განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს, მ. ბ-ს, თავის არეში, მარჯვენა მხარეს, აღენიშნებოდა ე.წ. „კოპი“. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება, ხოლო დაცვის მხარეს, გარდა ზეპირსიტყვიერი განცხადებისა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების მიმართ ეჭვის შეტანის საფუძველს გააჩენდა.

16. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინება - მტკიცებულების წარმოდგენის დასაშვებობის თაობაზე უარის თქმის შესახებ - შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს და წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ გამოვლენილა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ო. გ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე ო. გ-ს მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი