Facebook Twitter

საქმე # 330100123006752484

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1342აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი

მ-ი ნ, 1342აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხვედველობის სამმართველოს პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ნ. მ--მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 25 ნოემბერს, 12:51 საათიდან – 15:08 საათამდე პერიოდში, პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების მე-2 სარეჟიმო კორპუსის მე-2 სართულის №33 საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა – ნ. მ-მა, ამავე საკანში დამონტაჟებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასთან მოახდინა თავისივე ხელნაწერი, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი ტექსტების დემონსტრირება, რითაც ამავე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს – შ. ტ-ს დაემუქრა შვილების სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც, შ. ტ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განაჩენით:

ნ. მ-ი, დაბადებული --- წლის ... - დეკემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა, პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა, მოითხოვა ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

4.1. პროკურორის პოზიციით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე და 303-ე მუხლების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უმნიშვნელოვანესია, უზენაესი სასამართლოს განმარტება, რათა იდენტური დანაშაულის ჩადენის მსურველებს, ,,ხელ-ფეხი“ არ გაეხსნათ და ერთგვარად, შეფარული მუქარით, კანონის წინაშე პასუხგაუცემლად, ვერ შეძლონ პირისათვის ზიანის მიყენება.

4.2. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ნ. მ-ის ბრალეულობის დასტურად, პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორმა დაკითხა მოწმეები, რომლებმაც სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებებში დამაჯერებლად აღწერეს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდების მხარემ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებებიც. საქმის მასალებში ასახულმა ინფორმაციამ მოიცვა ნ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ყველა რელევანტური ელემენტი. პროკურორმა დეტალურად მიმოიხილა საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ასახული წერილის ტექსტები. აღნიშნულ ტექსტებს კი კამერას აჩვენებს ნ. მ-ი.

5. პროკურორის საკასაციო საჩივარზე ნ. მ-მა წარმოადგინა შესაგებელი;

5.1. დაცვის მხარემ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

5.2. შესაგებელში აღწერილია, თუ რამდენად შეიძლება იყოს დამაჯერებელი ის გარემოება, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორს გაუჩნდეს შიში, საკანში მყოფი პატიმრის მიმართ. ფაქტი, რომ 2022 წლის 25 ნოემბრის ჩანაწერში არ იკვეთება მუქარა, ადასტურებს მოწმე ზ. ს--ს ჩვენება. მეორე და მესამე წერილის ჩვენების მიზანს წარმოადგენდა ყურადღების მიქცევა, ვინაიდან, ნ. მ--ს სასჯელაღსრულების დეპარტმენტის თანამშრომლები ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. მ-ი უდანაშაულოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ნ. მ-ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. თბილისის სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმის მასალათა ერთობლივი ანალიზი უტყუარად მიუთითებს ბრალდებულის მიერ შ. ტ-ს მიმართ მუქარის ჩადენას; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ნ. მ-ს ბრალად ედება, რომ იგი შ. ტ-ს შვილების სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. საკასაციო პალატა უთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სიღრმისეულად უნდა გააანალიზდეს: თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს ბრალდების მხარე, რომ ნ. მ-მა ჩაიდინა მუქარა, რას მოიცავს მოცემული მტკიცებულებების შინაარსი და გაუჩნდა თუ არა შ. ტ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საკასაციო სასამართლო თითოეულ ამ საკითხს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შესაბამის არგუმენტებზე დაყრდნობით, დეტალურად შეაფასებს ნ. მ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის საკითხს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ერთობლიობა:

4.1. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს დაზარალებულის ჩვენებას, მასში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა მიმდევრობასა და დამაჯერებლობას, კერძოდ, ერთი მხრივ, თუ კონკრეტულად რა ფორმითა და შინაარსით გამოიხატა ნ. მ-ის მიერ შ. ტ-ს მისამართით გამოთქმული მუქარა, ხოლო, მეორე მხრივ, რამდენად გაუჩნდა თავად შ. ტ-ს მოცემული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.2. დაზარალებულ შ. ტ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით, 7 წელია მუშაობს პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა ნ. მ-ი, შესაბამისად, მასთან ჰქონდა სამსახურებრივი შემხებლობა. 2022 წლის 25 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაუკავშირდა მისი მოადგილე, დ. ნ-ი და უთხრა, რომ ვიზუალური მეთვალყურეობის სამმართველოს თანამშრომლებმა როგორც აცნობეს, ნ. მ-ი ვიდეოკამერას აჩვენებდა წერილს, რომელშიც იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მის დას. აღნიშნულის შემდეგ, იგი უშუალოდ დაუკავშირდა ხსენებული სამმართველოს თანამშრომელს ლ. ბ-ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ნ. მ-მა ვიდეოკამერას ნამდვილად აჩვენა მის დასთან დაკავშირებული, შეურაცხმყოფელი ტექსტი. ამის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა ლ. ბ-ი და შეატყობინა, რომ ნ. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი შვილების მისამართით, მუქარისშემცველი ტექსტის ჩვენებას, კერძოდ, ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც შ. ტ-ს დაურეკავდნენ მისი შვილები და ეტყოდნენ, მამა გვიშველეო, გვიანი იქნებოდა. მან აღნიშნული ტექსტი აღიქვა მისი შვილების მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად, ხოლო ნ. მ-ის პიროვნების გათვალისწინებით (რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის), აღნიშნული მუქარა საფრთხისშემცველი იყო და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში. მართალია, იმ მომენტში, როგორც პატიმარი, ნ. მ-ი პირადად მოკლებული იყო შესაძლებლობას, სისრულეში მოეყვანა მუქარა, თუმცა, საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ან მესამე პირების მეშვეობით, არსებობდა მუქარის სისრულეში მოყვანის საფრთხე. ამის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა ლ. ბ-ი და აცნობა, რომ ნ. მ-მა აჩვენა მესამე წერილიც, სადაც უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელს, რ. ც-ს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

4.3. მოწმე შ. ტ--ს განმარტებით, ნ. მ-ი არაერთხელ მოქცევია თანამშრომლებს აგრესიულად, რაზეც მას დისციპლინური სახდელიც აქვს დაკისრებული. დაზარალებულის განმარტებით, მას ნ. მ-ის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია და მისი დასჯის საკითხს მიანდობს სასამართლოს.

4.4. მოწმე დ. ნ-მა (პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორის მოადგილე) მიუთითა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს თანამშრომელმა, ლ. ბ-მა, აცნობა ნ. მ-ის მიერ შედგენილი წერილის თაობაზე, რაც მან დაუყოვნებლივ აცნობა შ. ტ-ს.

4.5. თავად მოწმე ლ. ბ-მა აღნიშნა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს იგი ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას – ვიზუალურად მეთვალყურეობდა საკნებსა და დერეფნებს, რა დროსაც შენიშნა, რომ ნ. მ-მა აიღო ფურცელი, დაწერა ტექსტი და ეს ფურცელი აჩვენა ვიდეოკამერას. მან შეძლო ამ წერილის წაკითხვა და ტექსტი აცნობა შესაბამის უფლებამოსილ პირებს. ნ. მ--მა აღნიშნული წერილი დახია და ჩააგდო საპირფარეშოში. ამის შემდეგ ნ. მ-მა დაწერა მე-2 და მე-3 წერილებიც, რის შესახებაც ასევე აცნობა უფლებამოსილ პირებს.

4.6. რაც შეეხება უშუალოდ ხსენებულ წერილთა შინაარსს, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმითა და მხარეთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ №33 საკანში არსებული ვიდეოკამერის 2022 წლის 25 ნოემბრის ჩანაწერებით, დადგინდა:

2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით, 12:40 საათზე, ნ. მ-ი იღებს ფურცლებს და იწყებს წერას. დაახლოებით, 12:42 საათზე, მიდის საკნის კარის მიმართულებით, მალევე ბრუნდება საკნის სივრცეში. დაახლოებით, 12:43 საათზე კვლავ მიუჯდება მაგიდას და აგრძელებს წერას. დაახლოებით, 12:51 საათზე, ნ. მ-ი ასრულებს წერას, იღებს ფურცელს, მიდის ვიდეოკამერასთან, აქნევს ხელს და შემდეგ ორივე ხელით აჩვენებს ეკრანს მის მიერ დაწერილ წერილს. ტექსტი ეხება შ. ტ-ს დას და არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი შინაარსის.

აღნიშნული წერილის ჩვენების შემდეგ, იგი შედის საპირფარეშოში და, სავარაუდოდ, იქ აგდებს ამ წერილს, რადგან საპირფარეშოდან გამოსვლისას, ხელში აღარაფერი უჭირავს.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით, 13:40 საათზე, ნ. მ-ი კვლავ ჯდება მაგიდასთან და იწყებს წერას. 13:42 საათზე, ნ. მ-ი მიდის ვიდეოკამერასთან, აქნევს ხელს და მის მიერ დაწერილ წერილს აჩვენებს ვიდეოკამერას. წერილის ტექსტი არის შემდეგი: „შ--, ეს დღე კარგად დაიმახსოვრე, ეს მოგზავნები როგორ უნდა განახებ მე, შვილები რო დაგირეკავენ მამა გვიშველეო მერე ვნახავთ.“

წერილის ჩვენების შემდეგ, იგი შედის საპირფარეშოში და, სავარაუდოდ, იქ აგდებს ამ წერილს, რადგან საპირფარეშოდან გამოსვლისას ხელში აღარაფერი უჭირავს.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით, 15:04 საათზე, ნ. მ-ი კვლავ ჯდება მაგიდასთან და იწყებს წერას. დაახლოებით, 15:08 საათზე, იგი მიდის ვიდეოკამერასთან, აქნევს ხელს და მის მიერ დაწერილ წერილს აჩვენებს ვიდეოკამერას. წერილის ტექსტი შემდეგია:

„შ--, სანამ გავალ სასამართლოზე, ხო მოგიწევს მოსვლა, საკუთარი ყურებით მოგასმენინებ შენს მისამართს რო ჩავაწერინებ და შენს შვილებზე რასაც დავაბარებ. რ--ს უსაფრთხოებას ესე გადაეცი, ვინ ვის დედას მო...ს ამ მისამართზე, ვნახავთ. ქ. თ--ი, რ. მ--ს 1-- ბინა 3-“

წერილის ჩვენების შემდეგ, იგი შედის საპირფარეშოში და სავარაუდოდ, იქ აგდებს ამ წერილს, რადგან საპირფარეშოდან გამოსვლისას, მას ხელში არაფერი უჭირავს.

4.7. სხვა მტკიცებულება, რაც დაკავშირებულია შემთხვევის დღეს ხსნებული წერილების დაწერასთან, არის პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელის რ. ც-ს ჩვენება, რომლის თანახმად, 2022 წლის 25 ნოემბერს, მას კონტროლიორმა ზ. ს-მ აცნობა, რომ ნ. მ--მა დაწესებულების დირექტორ შ. ტ-ს მიმართ დაწერა შეურაცხმყოფელი წერილი, რის გამოც მან მოუწოდა ნ. მ-ს, რომ შეეწყვიტა ამგვარი წერილების წერა და დაეცვა წესრიგი, თუმცა, მან მაინც დაწერა მე-2 და მე-3 წერილები.

4.8. პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ზ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელის რადიოსადგურის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ მსჯავრდებულ ნ. მ--ს საკანში დაშლილ მდგომარეობაში ჰქონდა ჩაიდანი. მან აღნიშნული ჩაიდანი გამოიტანა, რაზეც ნ. მ-ს პრეტენზია არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ, ნ. მ-თან რამდენჯერმე კვლავ ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის, იმ წერილებთან დაკავშირებით, რომლებითაც ის ემუქრებოდა დაწესებულების დირექტორს, შ. ტ-ს. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმის სისწორე, სადაც გარკვევით ჩანდა, რომ ნ. მ-მა დაწერა წერილები, რომლებიც აჩვენა ვიდეოკამერას.

4.9. თავად ნ. მ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში მიზანმიმართულად დევნიდნენ, რის გამოც სისტემატურად ისჯებოდა უკანონოდ. აღნიშნული ბრალდებაც მისი დასჯის ინტერესს ემსახურება, რადგან შეუძლებელია, იგი დამუქრებოდა შ. ტ-ს, როცა მან კარგად იცოდა, რომ მასზე ვიდეოკონტროლი ხორციელდებოდა და ვიდეოჩანაწერები არქივდებოდა, ხოლო მას სასჯელის მოხდამდე დარჩენილი ჰქონდა, დაახლოებით, 9 თვე და მდგომარეობას არ დაიმძიმებდა. მან დაადასტურა, რომ აღნიშნული წერილები თავად დაწერა და ტექსტიც ავთენტურია, თუმცა, ეს გააკეთა არა ვინმეს დაშინების მიზნით, არამედ მისდამი განხორციელებული რეპრესიების გამო, ყურადღების მიქცევის მიზნით, რაზეც მონიტორინგის დეპარტამენტს ჰქონდა კიდეც რეაგირება.

4.10. დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მოწმის, პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორის, თ. შ-ს ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 25 ნოემბერს, მასთან საუბარში ნ. მ-ი არ დამუქრებია შ. ტ-ს. ამასთან, მოწმის, შ. ა--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ. მ-ის №... დაწესებულებიდან მე-3 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან ფანჯრიდან გადაძახების მეშვეობით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ნ. მ-ის საკნიდან გაიტანეს საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე პატიმრებს ეპყრობოდნენ არაადამიანურად, რის გამოც ნ. მ-ის მიზანი იყო ყურადღების მიქცევა და პროტესტის გამოხატვა.

4.11. მოწმის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსის, ნ. ჯ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ ნ. მ-ი დაწესებულების დირექტორის, შ. ტ-სა და მისი ოჯახის წევრების მისამართით ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას აჩვენებდა შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ წერილებს. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები მან დაარქივა და გადასცა როგორც დაწესებულების, ასევე – დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. აღნიშნულის თაობაზე მან დაწერა მოხსენებითი ბარათიც.

4.12. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ ნ. მ--მა N33-ე საკანში ნამდვილად დაწერა რამდენიმე, კონკრეტული შინაარსის მქონე წერილი (შ. ტ-ს მისამართით), რომლებიც ცალ-ცალკე აჩვენა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას, რაზეც შესაბამის სამსახურს ჰქონდა რეაგირება.

5. ნ. მ-ის მიერ დემონსტრირებული ტექსტების შესაბამისობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციასთან:

5.1. მას შემდეგ, რაც საკასაციო სასამართლომ მიმოიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა და დაადგინა ნ. მ-ის მიერ რამდენიმე ტექსტის ვიდეოკამერასთან დემონსტრირების ფაქტი, უნდა შეფასდეს თავად ამ ტექსტთა შინაარსის შესაბამისობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის დისპოზიციასთან.

5.2. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მუქარა უნდა მიემართებოდეს სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის დაზიანებას ანდა - ქონების განადგურებას. მოცემული ჩამონათვალი არის ამომწურავი ხასიათის, რაც გულისხმობს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიესადაგებოდეს ზემოხსენებულ, რომელიმე სამართლებრივი სიკეთიდან ერთ-ერთს მაინც.

5.3. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირობითად, სიცოცხლის მოსპობის მუქარა მოიცავს არამხოლოდ სიტყვებს, რომლებიც პირდაპირი ფორმით მოიაზრებს პირის მიმართ სიკვდილით დამუქრებას (,,მოგკლავ,“ ,,დაგახრჩობ,“ ,,არ გაცოცხლებ“ და ა.შ.), არამედ სიტყვასაც/წინადადებასაც, რომლის ერთობლივი, შინაარსობრივი ანალიზი, ანალოგიურად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ პირი რეალურად, სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით იმუქრება; რომ არა ნორმის ამგვარად განმარტება, მუქარის ჩადენამდე პირი შეარჩევს სიტყვათა იმგვარ წყობას, რომელიც მართალია, თავის თავში პირდაპირი ფორმით სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებულ ტერმინს არ შეიცავს, თუმცა, მისი შინაარსით რეალურად, სწორედ პირის მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ იქნება მიმართული. ამგვარად, სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩება არამხოლოდ დაზარალებულის საფუძვლიანი შიშის აღქმა, არამედ ფაქტიც, რომ მისი სიცოცხლე, შესაძლოა ობიექტურად, მართლაც საფრთხის ქვეშ იყო.

5.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების მუქარად დაკვალიფიცრების დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სავარაუდო დამნაშავის მიერ ნათქვამისა თუ დაწერილის შინაარსს (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფორმით გამოხატულს), და ყოველ, კონკრეტულ საქმეში მოცემული გარემოება, შესაბამისი საქმის მასალებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და ჯეროვნად დასაბუთდეს. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუხლებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. შესაბამისად, დანაშაულის შემადგენლობად ვერ განიხილება მხოლოდ ინდივიდის პერსონალური სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ანდა მხოლოდ პირადი საკუთრება, რადგან ადამიანი სოციალურ გარემოში ცხოვრობს და მისთვის იგივე ხარისხის საფუძვლიანი შიშის მომგვრელია ნებისმიერი მუქარა, რომელიც მიმართულია არამხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ოჯახის საერთო საკუთრებისაკენ და არა მხოლოდ – პირადი საკუთრების განადგურებისაკენ. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის განმარტებისას, უზენაესი სასამართლოს მსჯელობა ეფუძნება დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივ დაცვის ობიექტს და არა დანაშაულის შემადგენლობის სიტყვა-სიტყვით განმარტებას, რადგან სისხლის სამართლის პრაქტიკაში, ხსენებული დანაშაულის ამგვარად განმარტება, მიგვიყვანს იქამდე, რომ თუ მაგალითად, პირს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრებიან და აღნიშნული სახლი საჯარო რეესტრში მისი მშობლის ან მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, მაშინ მუქარის, როგორც დანაშაულის შემადგენლობა არ გამოიკვეთება; ან, თუ პირს ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრებიან, არც მაშინ იარსებებს დანაშაულის შემადგენლობა, რაც მცდარი მსჯელობაა და ეწინააღმდეგება როგორც სამართლიანობის პრინციპს, ასევე ობიექტის ამ დანაშაულისგან დაცვის სულისკვეთებას. ამავდროულად, მოცემული მუხლით კვალიფიკაციის დროს, მთავარია, დაზარალებულს დაეუფლოს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ხოლო რეალურად, განხორციელდება თუ არა ქმედება დამმუქრებელის მიერ, ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

5.5. საკასაციო სასამართლო დამატებით გააანალიზებს თავად მუქარის ცნებას, კერძოდ:

ქართულ განმარტებით ლექსიკონებში, მუქარა განმარტებულია ერთგვაროვნად და იგი გულისხმობს დაშინების ცდას, ავის ქმნის დაპირებას (მუქარის შეთვლა); იხილეთ: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, ნაკვეთი მეორე, მთავარი რედ. არნ. ჩიქობავა, თბილისი, 1990, 753; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი V, არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, თბილისი, 1958, 1163; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, რედ. არნ. ჩიქობავა, მ. ჭაბაშვილი, თბილისი, 1986, 343.

5.6. რაც შეეხება უშუალოდ მოცემულ საქმეში შესაფასებელი ტექსტის შინაარსს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით) უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ნ. მ-მა ვიდეოკამერას აჩვენა სამი წერილი. როგორც აღინიშნა, მოცემულ ფაქტს თავად ნ. მ--იც არ უარყოფს, თუმცა, მიუთითებს, რომ წერილები დაწერა მისდამი განხორციელებული რეპრესიების გამო, ყურადღების მიქცევის მიზნით.

5.7. მოცემული სამი წერილიდან ბრალდებას საფუძვლად უდევს მე-2 და მე-3 წერილი. პირველი წერილის ადრესატიც არის შ. ტ, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ წერილის შინაარსი უკავშირდება მისი დის შეურაცხყოფას, რაც განსახილველი ბრალის მიღმაა. რაც შეეხება, უშუალოდ მე-2 და მე-3 წერილს, მათი შინაარსი როგორც აღინიშნა, შემდეგია:

„შ---, ეს დღე კარგად დაიმახსოვრე, ეს მოგზავნები როგორ უნდა განახებ მე, შვილები რო დაგირეკავენ, „მამა გვიშველეო“, მერე ვნახავთ...“; (მე-2 წერილი) და „შ--- სანამ გავალ სასამართლოზე ხო მოგიწევს მოსვლა, საკუთარი ყურებით მოგასმენინებ შენს მისამართს რო ჩავაწერინებ და შენს შვილებზე რასაც დავაბარებ. რ-ს უსაფრთხოებას ესე გადაეცი, ვინ ვის დედას მო...ს, ამ მისამართზე ვნახავთ. ქ. თ-ი, რ. მ--ს 1-- ბინა 3“ (მე-3 წერილი).

5.8. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფასებისათვის, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებათა ერთობლიობას:

· ნ. მ-ი წერილის დაწერის შემდეგ, ირჩევს მისი დემონსტრირების იმგვარ ფორმას, რომელიც შესაბამისი ლოკაციის დანიშნულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მის ადრესატამდე მივიდოდა (წერილს აჩვენებს საკანში არსებულ ვიდეოკამერას, ხოლო შ. ტ. წარმოადგენს იმავე დაწესებულების დირექტორს). მოცემული გარემოება ცხადყოფს იმას, რომ ნ. მ-ს ეჭვგარეშე სურს მისი მუქარის შესახებ გაიგოს კონკრეტულმა პირმა (ამ შემთხვევაში, შ. ტ-მ). აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ორივე წერილის დაწერას იგი იწყებს ადრესატის სახელით - ,,შ---“;

· ნ. მ-ი დროის მცირე ინტერვალში წერს ორ, სხვადასხვა ტექსტს, რომლიდანაც ორივეს შინაარსი ერთმანეთის მსგავსად, მიმართულია შ. ტ--სა და მისი შვილებისაკენ; წერილების სიმრავლე თავის მხრივ, მიუთითებს ნ. მ-ის მიერ ქმედების ჩადენის სურვილის ხარისხზეც;

· ტექსტები რომ არამარტო დამაშინებელია, არამედ მიმართულია ჯანმრთელობის დაზიანების, ან სიცოცხლის მოსპობისკენ საკასაციო სასამართლოს სადაოდ არ მიაჩნია. ადამიანის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც იძულებულია საშველად მოუხმოს სხვას, ამ შემთხვევაში, მამას, გულისხმობს პირის სერიოზული სახის საფრთხის ქვეშ ყოფნას, მით უმეტეს, რომ წერილები სრულდება სიტყვებით: ,,შვილები რო დაგირეკავენ მამა გვიშველეო, მერე ვნახავთ;“ ,,საკუთარი ყურებით მოგასმენინებ შენს მისამართს რო ჩავაწერინებ და შენს შვილებზე რასაც დავაბარებ. რ-ს უსაფრთხოებას ესე გადაეცი ვინ ვის დედას მო...ს ამ მისამართზე, ვნახავთ.“ ძალადობრივი სახის ქმედება კი პირდაპირ კავშირშია პირის ჯანმრთელობასთან ან სიცოცხლესთან; უფრო მეტიც, წერილების შემდგენი ნ. მ--ი ნასამართლევია ძალადობრივი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის გამოყენებით, ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო შ. ტ. წარმოადგენს იმ სამსახურის დირექტორს, რომელშიც მსჯავრდებული იხდის სასჯელს ჩადენილი დანაშაულისათვის. მოცემული სამართლებრივი ვითარება პირდაპირ მიესადაგება მუქარის ზემოგანმარტებულ ეტიმოლოგიას – დაშინების ცდას, ავის ქმნის დაპირებას და არ შეესაბამება დაცვის მხარის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ ნ. მ-ის მიზანს მხოლოდ ყურადღების მიქცევა და პროტესტის გამოხატვა წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ დამაშინებელი და ძალადობრივი შინაარსის მქონე ტექსტები ვერ განიხილება მსჯავრდებულის მიერ გამოხატული პროტესტის გამართლებულ ფორმად და ვერ იქნება მიჩნეული კონკრეტული საჭიროების დაკმაყოფილების ან მიზნის მიღწევის კანონიერ გზად.

· წერილების ჩვენების შემდეგ, ნ. მ-ი შედის საპირფარეშოში და სავარაუდოდ, იქ აგდებს ამ წერილს, რადგან საპირფარეშოდან გამოსვლისას მას ხელში უკვე არაფერი უჭირავს. მოცემული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ნ. მ-ს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ფაქტი, რომ მოცემული წერილები შესაბამისმა პირებმა ვეღარ მოიძიეს, მოწმობს ნ. მ-ის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას.

· რაც შეეხება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის წარმოშობას, მოცემულთან დაკავშირებით, დაზარალებულმა შ. ტ-მ გარკვევით განმარტა, რომ აღნიშნული ტექსტები მან აღიქვა მისი შვილების მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად, ხოლო ნ. მ-ის პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე, ძალადობრივი კატეგორიის დანაშაულისათვის, აღნიშნული მუქარა მისთვის არის საფრთხისშემცველი და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში. ამასთან, მართალია, იმ მომენტში პატიმარი პირადად მოკლებული იყო შესაძლებლობას, მუქარა აღესრულებინა, მაგრამ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ან „მესამე პირთა“ მეშვეობით, არსებობდა მისი სისრულეში მოყვანის საფრთხე.

· ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ნ. მ-ის მიერ დაწერილი წერილები, მხოლოდ დამაშინებელი და ზოგადი ხასიათისაა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მუქარის შეფასების ეტაპზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული სიტყვის მნიშვნელობა და ამასთან, ის, თუ რა აზრის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული წინადადება, ვის მიერ არის იგი გამოთქმული, ვისი მისამართით და რა ვითარებაში. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დეტალურად არ შეაფასეს ის ფაქტი, რომ ნ. მ-ის წერილები რეალურად შეიცავდა ჯანრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათისაა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია, რის გამოც, მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოხსენებულ ბრალდებაში.

8. საკასაციო სასამართლოს მიერ ნ. მ-ის მიმართ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:

8.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.

8.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს:

ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით – ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით – ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან – უამისოდ.

8.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ. მ-ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე, განზრახი, ძალადობრივი ხასიათის (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) დანაშაულის ჩადენისათვის. იგი ქმედების ჩადენის დროს, უშუალოდ იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ბერკეტი, კიდევ ერთი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია რეციდივი, ვინაიდან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ნ. მ-მა, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეირჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ამავდროულად, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, მას იარაღთან დაკავშირებული უფლებები უნდა შეეზღუდოს 5 წლით.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო ნ. მ--ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხვედველობის სამმართველოს პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ნ. მ-ის მიმართ გაუქმდეს:

3. ნ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 5 (ხუთი) წლით.

4. ნ. მ--ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების გამო, მისი დაკავების მომენტიდან.

5. დამატებით სასჯელად დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

6. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:

ვიდეოჩანაწერები, განთავსებული 6 დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

რ. დ-ს, რ. ქ--სა და რ. დ--ს ტანისამოსი (ინახება იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში), დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ. მ-ის საკნიდან ამოღებული ბოთლი, რომელიც ინახება იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი