საქმე # 340100121004665617
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1351აპ-23 ქ. თბილისი
ა-ი რ, 1351აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ა-ს, - დაბადებულს … წლის … ნოემბერს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 4 თებერვალს, დილით, დაახლოებით 11:20 საათზე, ლ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მცხოვრები თ. ნ-ი იმყოფებოდა ლ-ის რაიონის სოფელ კ-ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რა დროსაც მას მოულოდნელად მიუახლოვდა რ. ა-ის შავი ფერის „NISSAN X-TRAIL“ მოდელის ავტომანქანა, საიდანაც ჩამოვიდნენ რ. ა-ი და ლ-ის რაიონის სოფელ გ-ში მცხოვრები თ. ნ-ი თანმხლებ ოთხ სხვა პირთან ერთად, რომლებმაც ჯგუფურად, ხელკეტებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში დარტყმის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენეს ლ-ის რაიონის სოფელ ყ-აში მცხოვრებ თ. ნ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენით:
2.1. რ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და რ. ა-ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ. ა-ის (პ/ნ …) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ: ლ-ის რაიონის, სოფელ გ-ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდი № … ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1556.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 54.10.02.488, რომლის ღირებულება შეადგენს 35000 ლარს, 20000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას გ-ის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2.3. რ. ა-ს განემარტა, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, რ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ რ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. დაზარალებულ თ. ნ-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის თებერვალში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, დილის 10:00 საათზე, ავტომანქანით მივიდა ავტოსამრეცხაოში, რომელიც მდებარეობს შ. მ-ის აფთიაქის გვერდით, სოფელ ყ-ში. გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. მათთან შავი მანქანა გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდა ოთხი კაცი, რამდენჯერმე დაარტყეს მას და გაიქცნენ. ყურადღება არ მიუქცევია, თუ რა მანქანა იყო, მაგრამ ახსოვს, რომ მაღალი მანქანა იყო. ზუსტად არ ახსოვს, სულ რამდენი იყვნენ, ორი დაინახა, მაგრამ ორზე მეტი იყვნენ, რომელთაგან ორს ეკეთა პირბადე, დანარჩენს ეკეთა თუ არა, არ იცის, ვერ იცნო ვერცერთი თავდამსხმელი. მას ხელკეტებით სცემდნენ. ამ ჩხუბის დროს მასთან ახლოს მისი ახლობელი არავინ იყო, მაგრამ ხალხი იყო შეკრებილი. შ. მ-ი და ნ. ი-ი იქ იყვნენ; ასევე შემთხვევის ადგილზე იყო ა. ნ-იც. მათ, წესით, უნდა დაენახათ ეს ჩხუბი. შემთხვევამდე არავისთან ჰქონია კონფლიქტი და არ ელოდა მსგავს თავდასხმას. თ. ნ-სა და რ. ა-ან ისეთი ურთიერთობა არ ჰქონია, რომ თავდასხმის მოლოდინი ჰქონოდა.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის თებერვალში მის მიმართ განხორციელდა თავდასხმა, რა დროსაც იგი ცემეს ნიღბიანმა პირებმა. ცემის შედეგად მან მიიღო დაზიანებები. თ. ნ-ი არათუ ვერ ასახელებს მასზე თავდამსხმელ პირებს, არამედ დაზუსტებით ვერ ამბობს მათ რაოდენობასაც კი. მისი განმარტებით, ვერ ამოიცნო ისინი, რადგან პირბადეები ძალიან უფარავდა მათ სახეს. გარდა ამისა, იგი თითქმის გამორიცხავს მისი მოსახელე - თ. ნ-სა და რ. ა-ან თავდასხმის მოლოდინს, ვინაიდან არ ჰქონდა მათთან გართულებული ურთიერთობა. დაზარალებული თ. ნ-ი დაპირისპირების თვითმხილველთა შორის ასახელებს შ. მ-ს, ნ. ი-სა და ა. ნ-ს.
9. საკასაციო სასამართლო დაზარალებულ თ. ნ-ის მიერ დასახელებული ორი მოწმის - შ. მ-სა და ა. ნ-ის ჩვენების შეფასებისას მიუთითებს, რომ ავტოსამრეცხაოში მომუშავე ა. ნ-ი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, ვინაიდან, მისივე განმარტებით, იგი უშუალოდ თავდასხმის დროს მანქანას რეცხავდა, არაფერი გაუგია და დაუნახავს იმ მომენტამდე, როდესაც თავდამსხმელები უკვე მანქანებში ისხდნენ და გადიოდნენ. მოწმე შ. მ-ის ჩვენება კი, მის მიერ გადმოცემული ფაქტების დაშვების შემთხვევაშიც, მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის თავად დაზარალებულის ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებთან.
10. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების მნიშვნელობას განსახილველი კატეგორიის საქმეებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნდოვანია მრავალრიცხოვან თავდამსხმელთა შორის პირთა ვინაობა და მათი რაოდენობაც კი. გარდა იმისა, რომ მოწმის სახით დაკითხული პირების - ნ. ი-ის, ვ. ა-ისა და ო. ს-ის გამოკითხვის ოქმებში საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე, სრულიად განსხვავებული ინფორმაციაა მითითებული, ისინი მოგვიანებით ხსნიან ამ წინააღმდეგობის მიზეზებს (მოწმე ნ. ი-ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციაში მის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი ნ. ი-ი, რომელმაც მას გააცნო გამომძიებლის მიერ დაწერილი ტექსტი, რადგან ქართულად კითხვა მან არ იცის. ნ-მა უთხრა, რომ მისი ჩვენება სწორი იყო და მოაწერა ხელი. მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ის იცნობს რ. ა-ს და თ. ნ-ვს, რომლებიც მას არ დაუნახავს ჩხუბის დროს; მას, ასევე არ დაუნახავს მანქანიდან გადმოსულ პირბადეებიან პირებს ხელში ეჭირათ თუ არა რაიმე ნივთი; ასევე - რა ხდებოდა თ. ნ-ის ცემის დროს (ტ2.ს.ფ.200-204). მოწმე ვ. ა-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ პოლიციაში წაიყვანეს დედასთან ერთად. იქ გამომძიებელს მიაწოდა ზუსტად იგივე ინფორმაცია. გამომძიებელმა დაბეჭდა ტექსტი, რომელსაც მან და დედამ მოაწერეს ხელი, თუმცა მას ტექსტი არ წაუკითხავს; დედა ვერ წაიკითხავდა, რადგან არ იცის ქართული წერა-კითხვა. მანვე აღნიშნა, რომ იცნობს თ. ნ-სა და რ. ა-ს, ისინი დაზარალებულ თ. ნ-ის ცემის დროს არ დაუნახავს (ტ2.ს.ფ.239-244). მოწმე ო. ს-ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იმავე დღეს წაიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში, სადაც მას არავისთვის არ მიუცია ჩვენება. განყოფილებაში გამომძიებელმა მიაწოდა ფურცლები და უთხრა, რომ მოეწერა ხელი. მან ჰკითხა, თუ რაზე აწერინებდა ხელს, გამომძიებელმა კი უპასუხა, რომ არაფერი პრობლემა არ იყო და მანაც მოაწერა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ თარჯიმანი მის ხელმოწერას არ ესწრებოდა, მოგვიანებით მივიდა თარჯიმანი ნ. ი-ი, რომელსაც იცნობს და ხელი მოაწერა იგივე ფურცელზე და მას უთხრა, რომ არაფერ მნიშვნელოვანზე ხელი არ მოუწერია (ტ2.ს.ფ. 194-198).
11. მიუხედავად ამისა, მოწმეების - ნ. ი-ის, ვ. ა-ისა და ო. ს-ის ჩვენებები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან ისეთ მნიშნელოვან ნაწილში, როგორიცაა თ. ნ-ზე თავდამსხმელ პირთა რაოდენობა. ციფრი მერყეობს 3-4 ადამიანიდან 6-7 პირამდე, რაც, მართალია, ჯგუფურობის ელემენტს არ ცვლის, თუმცა მოწმეთა ჩვენებების სანდოობისა და ერთმანეთთან თანხვედრისთვის მნიშვნელოვანია. საკასაციო სასამართლოს აზრით, ცალსახაა, რომ ის არგუმენტაცია, რომელსაც ისინი ასახელებენ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმების განსხვავებული შინაარსის ასახსნელად, იწვევს იმგვარ გადაულახავ ეჭვს, რაც ვერ გადაწყდება ბრალდებულის საუარესოდ.
12. კასატორი - პროკურორი შალვა ნიკვაშვილი თავის საჩივარში რ. ა-ის მიერ საქართველოს სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად იშველიებს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნით თ. ნ-ს, სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე, აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2021 წლის 4 თებერვალს დაზარალებულ; თ. ნ-ზე თავდასხმა და მისი ცემის ფაქტი სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია იმის დადასტურება, თ. ნ-ის ჯანმრთელობის დაზიანების მიმყენებელ პირთა შორის იყო თუ არა რ. ა-ი. ამ მხრივ, არაინფორმატიულია საქმეზე დაკითხული გამომძიებლებისა და თარჯიმნების ჩვენებებიც, რომლებმაც სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ირგვლივ და ფაქტის თვითმხილველები არ ყოფილან. კიდევ უფრო საეჭვოა პროცესის გამოძიების მწარმოებელ პირთა და თარჯიმანთა ჩვენებების შინაარსი, იქედან გამომდინარე, თუ რას გადმოსცემენ თვითმხილველი მოწმეები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მათი გამოკითხვის ოქმებში.
15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ იგი მდებარეობს ლ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, შ. მ-ის კუთვნილი ავტონაწილებისა და სამრეცხაოს წინ. ავტოსამრეცხაოდან სოფელ კ-ის მიმართულებით, გზის მარცხენა გვერდზე, ნაგვის ურნასთან არის ნანახი ორი ცალი ხელკეტი - 0,92 და 0,98 მ სიგრძის, რომლებიც ამოიღეს და შეიფუთა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა (ტ1.ს.ფ.25-30). მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - გ. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობდა რ. ა-ის ბინის ჩხრეკაში. ეზოში ნანახი იქნა ავტომანქანა „ნისანი“. კარის ზედაპირზე იყო მოწითალო ფერის ლაქები. ავტომანქანიდან აიღეს ანაწმენდები, რომელიც დალუქა და გადაეცა გამომძიებელს შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის.
16. ამ საგამოძიებო მოქმედებებისას ამოღებულ ნივთებზე - ხელკეტებსა და ანაწმენდებზე ჩატარდა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის №… დასკვნის მიხედვით, ბიოლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქები, ამოღებული ა/მ „ნისანიდან“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოყვითალო და ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №1-3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თ. ნ-ს (ობ. №7; კონვერტი, წარწერით: „...თ. ნ-ან აღებული 05 მილიგრამი სისხლის ნიმუში...“); პაკეტში, წარწერით: „....შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 ცალი ხელკეტი...“ მოთავსებულ ერთერთ, ხისმაგვარ, მოგრძო ფორმის საგანზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ. №4) სისხლი არ აღმოჩნდა; ამავე საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. №5) გენეტიკური პროფილი შერეულია და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; მეორე, მსგავს საგანზე (ობ. №6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა.
17. შესაბამისად, ნათელია, რომ ხელკეტებზე, რომლებიც ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან, არ აღმოჩნდა სისხლის კვალი ან მასალის არასაკმარისობის გამო კვლევა ვერ ჩატარდა. რაც შეეხება ავტომანქანა „ნისანიდან“ აღებულ ანაწმენდზე არსებულ თ. ნ-ის სისხლის კვალს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის თანახმად, შეუძლებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე, დადგინდეს მოვლენათა ბმა, თუ რა ფორმით შეიძლებოდა მოხვედრილიყო დაზარალებულის სისხლის კვალი მითითებულ ავტომანქანაზე. მითუფრო, რომ არ დადასტურდა რ. ა-ის შემხებლობა მომხდარ თავდასხმასთან, ასევე არცერთი თვითმხილველი მოწმე არ ადასტურებს, რომ თავად დაზარალებულ თ. ნ-ს ჰქონდა რაიმე შეხება თავდამსხმელების ავტომობილთან. თუ გავიზიარებთ იმ ფაქტს, რომ ცემა ხორციელდებოდა ხელკეტებით, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ავტომანქანა „ნისანზე“ თ. ნ-ის სისხლის კვალის აღმოჩენის კანონზომიერება.
18. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. ა-ის ბრალეულობას, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ..
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე რ. ა-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი