საქმე # 190100121004938266
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1388აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი მ, 1388აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით:
1.1. მ. მ-ი, - დაბადებული .. წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.2. ცნობად იქნა მიღებული, რომ მ. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - არ გამოყენებულა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. პ. ტ-ს ქ-ის რაიონის სოფელ ა-ში საკუთრებაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... მასზე გაშენებული ხეხილის ბაღით. 2018 წლის დეკემბერში, პ. ტ-ის მიწის ნაკვეთთან გაიყვანეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. საგზაო-სამშენებლო სამუშაოებისას გაიჩეხა და დაზიანდა პ. ტ-ის ვაშლის ნერგები, რის გამოც მესაკუთრეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. პ. ტ-მ სამოქალაქო წესით სახელმწიფოსთან დავის საწარმოებლად და იურიდიული დახმარების გასაწევად მიმართა ადვოკატ მ. მ-ს. შეთანხმებისამებრ, მ. მ-ს სასამართლოში უნდა შეეტანა სარჩელი, ხოლო სარჩელის შესატანად უნდა შეეფასებინა დაზიანებული ქონება, რისთვისაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უნდა გაცემულიყო ექსპერტიზის დასკვნა. ადვოკატმა მ. მ-მა მოიპოვა პ. ტ-ის ნდობა, მოტყუებით დაჰპირდა, რომ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, პ. ტ-ის დავა სახელმწიფოსთან მის სასარგებლოდ დასრულდებოდა. ამ მიზნით პ. ტ-მ მას საქმის დასაწყებად მოთხოვნილი თანხა - 1000 ლარი, 2019 წლის თებერვალში, ქ. რ-ში, ლ-ის ქუჩის N..-ში მდებარე მ. მ-ს საცხოვრებელ სახლში პირადად გადასცა. მოგვიანებით, მ. მ-მა პ. ტ-ს, სახელმწიფოსაგან მიყენებული ზარალის შესაფასებლად, თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, 2000 ლარი კვლავ მოტყუებით ჩაარიცხვინა თავისი შვილის - ნ. ლ-ის ანგარიშზე, რის შედეგადაც ადვოკატმა მ. მ-მა, საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, პ. ტ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი - 3000 ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ პ. ტ-ისა და მოწმეების - მ. ბ-ის, ლ. ქ-ის, გ. ტ-ის, ა. გ-ის, ნ. ც-ის, ვ. მ-ის, მ. ო-ის და თ. კ-ის ჩვენებები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ფონოსკოპიური ექსპერტიზის ... დასკვნით, ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის ... დასკვნები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ მ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ქეთევან სონიძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მას შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე), კერძოდ: მ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ, მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველადაა სამართალში.
12. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
13. კასატორი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის ასევე უთითებს დაზარალებულის პოზიციაზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №449აპ-22 განაჩენი; №388აპ-22 განჩინება).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი