Facebook Twitter

საქმე # 330100123007512714

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1420აპ-23 ქ. თბილისი

თ-ა გ, 1420აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენით:

1.1. გ. თ-ა, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6-7 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (21 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

1.2. გ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 22 მაისიდან იმავე წლის 4 სექტემრბის ჩათვლით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 6-7 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, გ-ის „ა“ მიკრორაიონში, ბ-ის ქუჩის №..-ში გ. თ-მ ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. კ-ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ა. კ-ია წაიქცა და დამატებით მიიღო დაზიანება. ამავდროულად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 21 მაისს, 01:00 საათზე, თ-ში, გ-ის რაიონში, ხ-ის ქუჩის №..-ში, გ. თ-მ ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. კ-ზე, კერძოდ, ხელი ჰკრა, კედელს მიანარცხა, კისერში წაუჭირა ხელები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 6-7 და 21 მაისს, ზემოაღნიშნულ მისამართებზე, გ. თ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. კ-ას, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, დაასახიჩრებდა და მოკლავდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და გ. თ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ა. კ-სა და მოწმეების - ნ. ლ-ის, ზ. გ-ის, ს. უ-ს, ნ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაკავების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, ამოღების ოქმით, სამედიცინო ბარათითადა სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. თ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. თ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან.

13. პროკურორის ძირითად არგუმენტს თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, რომ გ. თ-ამ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული და მუქარა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედში, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა სიტყვიერად), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ.. ამ შემთხვევაში, გ. თ-ას ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის თანახმად, პროკურატურა მას ედავებოდა ოჯახური დანაშაულის ჩადენას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.

14. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, ქმედების ხასიათსა და სიმძიმესთან ერთად (როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს პროკურორის ძირითად არგუმენტს), დამატებით უნდა შეფასდეს საქმის ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, გ. თ-ას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, ნასამართლობის არმქონეა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ა. კ-ას ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მას მსჯავრდებულთან პრეტენზია არ გააჩნია და სურს გააგრძელოს თანაცხოვრება (ტ.1.ს.ფ.110-111). გ. თ-ს მიერ ჩადენილი ძალადობის ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ-ას მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი