Facebook Twitter

საქმე # 330100122005975645

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №921აპ-23 ქ. თბილისი

გ. გ. 921აპ-23 21 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 7 ივნისს, ღამის საათებში, თ–ში, ........ მასივში, მე-.. კვარტალში, N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. გ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ ,,B....“ მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიან ხმოვან პისტოლეტს, რომელსაც კუსტარული წესით გაბურღული აქვს ლულის არხში არსებული საცობი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განაჩენით გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

3.4. გ. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 7 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – შ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა გ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – შ. გ–მა, რომელიც ითხოვს გ. გ–ს გამართლებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გ. გ–ს გამართლება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – პოლიციელების ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის 2022 წლის 5 აგვისტოს N........... დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დეტექტივებმა – კ. გ–მ და ზ. ხ–მ დაადასტურეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნეს გ. გ–სი, რომელმაც საქამრეში გაისწორა პისტოლეტის მსგავსი საგანი. გ. გ–მა, მათი განმარტებისთანავე, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, სცადა გაქცევა. შეაჩერეს და გაჩხრიკეს, რა დროსაც ზ. ხ–მა გ. გ–ს შარვლის მარჯვენა მხარეს საქამრე ზოლიდან ამოუღო პისტოლეტი, მჭიდითა და მჭიდში მოთავსებული ვაზნებით. დეტექტივებმა დაადასტურეს, რომ, ვინაიდან იყვნენ ორნი და, იმავდროულად, გ. გ–მა სცადა გაქცევა, მათ ვერ მოახერხეს პირადი ჩხრეკის ვიდეოგადაღება. კ. გ–ი ავსებდა შესაბამის ოქმს, ხოლო ზ. ხ–მი ერთი ხელით აკავებდა, ხოლო მეორე ხელით ჩხრეკდა გ. გ–ს. ამასთან, კ. გ–მა განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა დილით ადრე, როცა ქუჩაში, მათ გარდა, არავინ იმყოფებოდა.

11.1. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. გ–ი დააკავეს 2022 წლის 7 ივნისის 04:55 საათზე.

12. სასამართლო ითვალისწინებს პირადი ჩხრეკის ჩატარების გარემოებებს – პოლიციელებმა გ. გ–ი ქუჩაში პისტოლეტის მსგავსი საგნით დაინახეს შემთხვევით (და არა ოპერატიული ინფორმაციის ან/და სასამართლოს განჩინების საფუძველზე); გ. გ–ი შეეცადა მიმალვას, რის გამოც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე პირადი ჩხრეკის ჩატარების საჭიროება, რაც ობიექტურად გამორიცხავდა პირადი ჩხრეკის ვიდეოგადაღების შესაძლებლობას.

12.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩხრეკის ჩატარების დროს და ადგილმდებარეობას; იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ჩხრეკის მიმდინარეობისას ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობაზე პოლიციის თანამშრომლების მიერ და რაც არ იქნა განხორციელებული მათ მიერ.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N............. დასკვნას, რომლის თანახმად, პისტოლეტის სახელურიდან, სასხლეტიდან, დამცავი კავიდან და პისტოლეტის ჩარჩოდან, ჩამკეტის გარსაცმიდან, ჩახმახიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. გ–ს.

13.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი იქნა გ. გ–ს გენეტიკური პროფილი, იმავე დასკვნის თანახმად, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებულ ანაწმენდებზე მსჯავრდებულის დნმ-ი არ აღმოჩენილა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილსა ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე