საქმე # 010100121005304188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №933აპ-23 ქ. თბილისი
დ. გ.933აპ-23 15 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. დ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბ–ში, .........ს ქუჩის N..–ში მდებარე „............... ცენტრის“ N..განყოფილების ეზოში, გ. დ–მ 5,45 მმ კალიბრის „AKC– 74Y“ მოდელის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით, მოკვლის განზრახვით, ე. ჯ–ს მენჯ-ბარძაყის არეში მიაყენა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2.2. გ. დ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბ–ში ........ის ქუჩის N..–ში მდებარე .............. ცენტრის N.. განყოფილების ეზოში ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 5,45 მმ კალიბრის „AKC–74Y“ მოდელის N.......... „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატს და აღნიშნული ავტომატისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. აღნიშნული „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატი და 57 ცალი, 1.. წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრიანი ვაზნა ამოიღეს 2021 წლის 23 ოქტომბერს, ღამის საათებში, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, გ. დ–ს საცხოვრებელი სახლის სარდაფში, გ. დ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით, გ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. დ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. გ. დ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2021 წლის 23 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ლაშა ლოლუა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებას და მსჯავრდებულ გ. დ–სისათვის სასჯელის სახით მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას;
4.2. მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. დ–ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და მისთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა გ. დ–ს სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დადგენის თარიღად „2022 წლის 14 ივნისის“ ნაცვლად მიეთითა „2022 წლის 14 ივლისი“.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
6.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი თხოვს ცვლილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და გ. დ–სათვის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას;
6.2. მსჯავრდებულ გ. დ-ს ადვოკატი პ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენის შეცვლას, კერძოდ, გ. დ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მისთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. დ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცრებას და მისთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ბრალდების მხარე გ. დ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია გ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს თუ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს. ასევე, გ. დ–სათვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. უსაფუძვლობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას გ. დ–ს მიერ განხორციელებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაციის შესახებ.
10. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას.
10.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არც ერთ მტკიცებულებაზე, არ უთითებს არც ერთ არგუმენტს. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის ჩვენებაში მითითებული გარემოებები (მას არ უნდოდა ე. ჯ–ს მოკვლა და ამიტომ მხოლოდ ფეხების მიმართულებით ესროდა) არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
12. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს როგორც პირდაპირი, ასევე - არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს თვითმხილველ მოწმეთა მ. გ–სა და თ. დ–ს ჩვენებებს (რომლებმაც დაინახეს გ. დ–ს მიერ ძირს დაცემული ე. ჯ–ს მისამართით არაერთი გასროლა), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2022 წლის 6 აპრილის N.......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (დასკვნის თანახმად, ე. ჯ–ს გვამს აღენიშნებოდა "მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: 1. მარჯვენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, არტერია, ვენა. ჭრილობის არხი მიმართულია ზემოდან ოდნავ ქვემოთ; 2. ჭრილობა მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე. დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები. ჭრილობის არხი მიმართულია ზემოდან ქვემოთ; 3. ჭრილობა მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე, დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, ჭრილობის არხი მიმართულია ზემოდან ქვემოთ; 4. ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში გარეთა ზედაპირზე, დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, ძვალი, არტერია, ვენა. ჭრილობის არხი ზემოდან ქვემოთ; 5. ჭრილობა მარჯვენა წვივის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე. დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, წვივის ძვლები. ჭრილობის არხი მიმართულია უკნიდან წინ; 6.ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე. დაზიანებულია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები. ჭრილობის არხი ზემოდან ქვემოთ; 7. ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედში გარეთა ზედაპირზე, დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, ძვალი, არტერია, ვენა. ჭრილობის არხი გარედან შიგნით, მარცნიდან მარჯვნივ; 8. ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე. დაზიანებულია ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები. ჭრილობის არხი მიმართულია ზემოდან ოდნავ ზემოთ. ე. ჯ–სის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებებით. გვამზე ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არაუმეტეს 08 საათისა და არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ გარდაცვალების დროს 21.10.2021წ. 14:00 სთ; ე. ჯ–ს გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები, მარჯვენა მხრის, მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა ბარძაყის, მარჯვენა წვივის, მარცხენა ბარძაყისა და მარცხენა დუნდულოს არეებში, ორივე ბარძაყის ძვლის ქვედა მესამედების და მარჯვენა დიდი და მცირე წვივის ძვლების ზედა მესამედის ღია ფრაგმენტოვანი მოტეხილობები, მარჯვენა მხრის არტერიის და ვენის, მარჯვენა მუხლქვეშა არტერიის და ვენის, მარცხენა ბარძაყის არტერიის და ვენის, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების და კუნთების დაზიანებებით. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად და მათ მიმართ სროლა ნაწარმოებია - არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი და დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ ჭრილობების მიყენების მომენტში, აღნიშნული მიდამოები არ იქნენ დაფარული ტანსაცმლით და წარმოადგენდნენ პირველ გარეთა შრეს. ტანსაცმლის არსებობის შემთხვევაში, სროლის მანძილის ზუსტად დადგენის მიზნით, მიზანშეწონილია ჩატარდეს ტანსაცმლის გამოკვლევა.), მიყენებული დაზიანებების (ჭრილობების) ხასიათს, ლოკალიზაციას (მათ შორის მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირსა და მარჯვენა წინამხრის არეში) და რაოდენობას, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და იარაღს („კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით), დანაშაულის ჩადენის მოტივს (მოწმეთა ჩვენებებითა და თავად გ. დ–ს ჩვენებით ცალსახად დასტურდება, რომ მისი ქმედება განპირობებული იყო შურისძიების მოტივით). აღნიშნულიდან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
13. რაც შეეხება კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. დ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეუფარდა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. დ–მ ითანამშრომლა გამოძიებასთან, გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვებას. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე