Facebook Twitter

საქმე # 130100122006114223

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №960აპ-23 ქ. თბილისი

ე. მ. 960აპ-23 7 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ე-ს, – დაბადებულს .... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2022 წლის 14 აპრილს, ...., მ. ე-მ, თავისთვის ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით, თანნაქონი პორტატული კომპიუტერით და მობილური ტელეფონით უნებართვოდ შეაღწია ხსენებულ სოფელში არსებულ სს ,,...... ბანკის’’ ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში, რა დროსაც შეეცადა დაუფლებოდა აღნიშნულ ბანკომატში განთავსებულ 74 305 ლარს. ხსენებული თანხიდან მ. ე. დაეუფლა 64 450 ლარს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, რადგან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ შს ... რაიონული სამმართველოს .... პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, რომელთა მიერ მიმალვის მცდელობისას დაკავებული იქნა მ. ე. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს ,,...’’ შესაძლოა მისდგომოდა 74 305 ლარის დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. მ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 14 აპრილიდან;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:

4.1. მსჯავრდებულ მ. ე–მის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ი-მ მოითხოვა ცვლილება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ სასჯელის შეფარდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით;

4.2. მსჯავრდებულმა მ. ე–მმა მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება ან საპროცესო შეთანხმების დადება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მ. ე–სათვის სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მ. ე–სათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით დანიშვნას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მ. ე–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ე–მისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:

13. საქართველოს სსკ-ის 19,2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

14. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მ. ე–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მ. ე–ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 19,2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით. სასამართლო ითვალისწინებს რომ საქართველოს სსკ-ის 19,2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს სხვა სახის სასჯელს. იმავდროულად, ვინაიდან მხარეებს შორის არ არის დადებული საპროცესო შეთანხმება - არ არსებობს არც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

15. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან, კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. ე–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე