Facebook Twitter

საქმე # 330100121004481227

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №918აპ-23 ქ. თბილისი

თ–ე ს., 918აპ-23 14 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ო. ძ–ს და ს. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ს. თ–ს, – დაბადებულს ...... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.2. ო. ძ–ს, – დაბადებულს ....წელს, – ბრალად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ს. თ–სა და ო. ძ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 13 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს გამზირზე N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს. თ–ე და ო. ძ–ა ჯგუფურად არ დაემორჩილნენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს ..........ის სამმართველოს მე-.. ოცეულის პატრულ-ინსპექტორებს: პოლიციის კაპიტან გ. ს–ს და პოლიციის მაიორ დ. გ–ს კანონიერ მოთხოვნას დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მითითებებს. ს. თ–მ და ო. ძ–მ, ჯგუფურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის, პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს მათ მიმართ. კერძოდ, ს. თ–მ პატრულ-ინსპექტორს გ. ს–ს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მკერდის არეში, ხოლო ო. ძ–მ ზურგის და თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი გ. ს–ს. თითოეული ძალადობრივი ქმედების დროს გ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ს. თ–მ გულმკერდის არეში მუშტი დაარტყა პატრულ-ინსპექტორ დ. გ–ს, რა დროსაც დ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით:

3.1. ს. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ს. თ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 13 თებერვლიდან;

3.3. ო. ძ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ო. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 13 თებერვლიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ მსჯავრდებულების ს. თ–სა და ო. ძ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ც–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმება და ს. თ–სა და ო. ძ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იოსებ ხუციშვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:

6.1. მსჯავრდებულ ს. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. გ–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად ს. თ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას;

6.2. მსჯავრდებულ ო. ძ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. გ–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად ო. ძ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულების ს. თ–სისა და ო. ძ–ას უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: დაზარალებულების – გ. ს–სა და დ. გ–ს, მოწმეების: ვ. შ–ს, მ. ფ–ს, დ. მ–ს ჩვენებებს, 2021 წლის 1 მარტის N........... და N............ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, 2021 წლის 13 თებერვლის ქ. თ–ში, გ–ს გამზირი N..-ში მდებარე სს „........ის“ კუთვნილი სუპერმარკეტ „ლ–ს“ გარე სათვალთვალო ვიდეოჩანაწერს, 2021 წლის 13 თებერვლის სამხრე კამერების ჩანაწერს და სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს. თ–სა და ო. ძ–ს მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ძალადობით, ჯგუფურად.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020წლი 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102). მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). შესაბამისად, პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 განაჩენი; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც – საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს; სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს 2021 წლის 13 თებერვალს ს. თ–სა და ო. ძ–ს მიერ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ფიზიკური ძალადობით წინააღმდეგობა, ისინი დეტალურად ჰყვებიან, თუ რა ვითარებაში ნახეს ო. ძ–ა და ს. თ–ე.

11.1. გ. ს–ს განმარტებით, დ. გ–სთან ერთად პატრულირებისას ქ. თ–ში, გ–ს გამზირზე დაინახა ქვეითი ო. ძ–ა და ს. თ–ე. ს. თ–ს ჯიბიდან მოუჩანდა დანა. გ. ს–მა წარუდგინა თავი, თუმცა ს. თ–მ არ მიაქცია ყურადღება და გააგრძელა ტელეფონზე საუბარი. ს. თ–სკენ გადადგა სამი ნაბიჯი, მარჯვენა ხელით შეეხო და ,,ერთი წუთით“-ო მიმართა. აღნიშნულზე, ს. თ–მ ხელით მოიშორა „რატომ მაჩერებო.“ მან კვლავ სთხოვა ს–ს შეეწყვიტა ტელეფონზე საუბარი და ეპასუხა რა ედო ჯიბეში, თან პარალელურად ჯიბიდან ამოუღო დანა და ჰკითხა თუ ვის ეკუთვნოდა ის, რაზეც თ–მ აგრესიულად და უხეშად უპასუხა: ,,მე რავიცი ვისიაო“. მან ბრალდებულს ხელი მოჰკიდა და სთხოვა ავტომანქანასთან გაჰყოლოდა, მაგრამ ს–ა არ ემორჩილებოდა და უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას. სწორედ ამ დროს მივიდა მისი მეწყვილე - დ. გ–ი და ო. ძ–მ გაწია გვერდით, რომელიც კონფლიქტში ჩარევას აპირებდა. ს. თ–მ კი, დაიწყო ე.წ. „დუტის“ ჟილეტის გახდა და ხელების ქნევა მისი მისამართით, რომელიც მოხვდა გულმკერდის არეში და იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ს. თ–ე დააკავეს და მიჰყავდათ მანქანისკენ, რა დროსაც ო. ძ–მ ხელს უშლიდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში – ძალადობდა პოლიციელებზე და ცდილობდა ს–ს გათავისუფლებას. ო. ძ–ას ასეთი ძალადობრივი ქმედების გამო, ს. თ–მ შეძლო თავის გათავისუფლება და გაქცევა. ამის შემდეგ, მათ დააკავეს ო. ძ–ა, მაგრამ ს. თ–სის ძალადობრივი ქმედების შედეგად, რომელიც შორიდან გამოიქცა და მათ დაეჯახა, ო. ძ–მ შეძლო თავის გათავისუფლება და გაქცევა. მან შეძლო ს. თ–ს კვლავ დაკავება და მანქანაში ჩასმა, ხოლო დ. გ–მა - ო. ძ–ას შეკავება, რომელიც ს. თ–სის დასახმარებლად მირბოდა. გამოიძახეს დახმარება, ვინაიდან დაკავებულები წინააღმდეგობის გაწევას არ წყვეტდნენ, ამასთან, ხალხიც მოგროვდა და იყო რეალური საშიშროება იმისა, რომ ს–ა და ო–ი ისევ გაქცეულიყვნენ. დამხმარე ეკიპაჟი მალევე მივიდა და დაკავებულები ჯერ ..........ის სამმართველოს ეზოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში;

11.1.1. გ. ს–ს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გამოკვლეულ იქნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-იდან გამოთხოვილი გ. ს–ს 2021 წლის 13 თებერვლის სამხრე კამერების ჩანაწერი, რა დროსაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მოწმისთვის მათთვის საინტერესო კითხვები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის სხდომის ოქმი).

11.2. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა დ. გ–სმა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მეწყვილე გ. ს–სთან ერთად მასაც დაარტყეს ს-მ და ო-მ, რის გამოც, ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამასთან, ო. ძ–მ ჯერ უკნიდან ურტყამდა, როდესაც ს. თ–ს გათავისუფლებას ცდილობდა, ხოლო შემდეგ შორიდან გამოიქცა და წინ გაშვერილი ხელებით დაეჯახა, რა დროსაც მოახერხა მისი შეჩერება და დამხმარე ეკიპაჟის დახმარებით მისი დაკავება.

11.2.1. დ. გ–ს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გამოკვლეული იქნა (როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი) ქ. თ–ში, გ–ს გამზირის N..-ში მდებარე სს „..........ის“ კუთვნილი სუპერმარკეტ „ლ–ს“ გარე სათვალთვალო ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მოწმემ მიუთითა ვიდეოჩანაწერში ასახულ პირთა ვინაობებზე, ქმედებებზე და შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის სხდომის ოქმი)

11.3. დამხმარე ეკიპაჟის წევრებმა, პატრულ ინსპექტორებმა ვ. შ–მა და მ. ფ–მ დაადასტურეს, რომ გ. ს–სა და დ. გ–ს ეკიპაჟმა ითხოვა დახმარება, ახლოს იყვნენ, რის გამოც მალევე მივიდნენ და დაეხმარნენ კოლეგებს ს. თ–სისა და ო. ძ–ას დაკავებაში, რომლებიც ცდილობდნენ გაქცევას, დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

11.4. სასამართლო ითვალისწინებს ასევე, 2021 წლის 1 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... და N.......... დასკვნებს. დასკვნების თანახმად, დ. გ–სა და გ. ს–ს აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ:

11.4.1. N.......... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემებში დ. გ–ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. პირადი გასინჯვით, 15/02/2021წ-ს დ. გ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით – განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 13/02/2021წ-ს თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 13/02/2021წ-ს თარიღს;

11.4.2. N.......... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების თანახმად და პირადი გასინჯვით, 15/02/2021წ-ს გ. ს–სს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთის, ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაკაწრები განვითარებულნი უნდა იყვნენ რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 13/02/2021წ-ს თარიღს.

12. საკასაციო სასამართლო თვალისწინებს, რომ დაზარალებულებისა და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ 2021 წლის 13 თებერვლის ქ. თ–ში, გ–ს გამზირის N..-ში მდებარე სს „............ის“ კუთვნილი სუპერმარკეტ „ლ–ს“ გარე სათვალთვალო ვიდეოჩანაწერთან და 2021 წლის 19 თებერვლის სამხრე კამერების ჩანაწერებთან.

13. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ვიდეოჩანაწერების დაუშვებლობის შესახებ. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ით დადგენილ ვადაში (იხ.:2021 წლის 23 მარტის ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ს.ფ. 152-157) გაეცვალა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის 2021 წლის 13 თებერვლის ქ. თ–ში, გ–ს გამზირის N..-ში მდებარე სს „..........ის“ კუთვნილი სუპერმარკეტ „ლ–ს“ გარე სათვალთვალო ვიდეოჩანაწერი და 2021 წლის 19 თებერვლის სამხრე კამერების ჩანაწერები. ამასთან, დაცვის მხარის მიერ 2021 წლის 1 მარტის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 9 მარტს გამოთხოვილი იქნა სს „........დან“ მის დაქვემდებარებაში მყოფი ქ. თ–ში, გ–ს გამზირის N.. კორპუსის ....... სართულზე არსებული მარკეტი „ლ–ს“ გარე პერიმეტრზე განთავსებული მაკონტროლებელი ვიდეოკამერის მიერ, 2021 წლის 13 თებერვალს 16:30 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში გაკეთებულ ჩანაწერზე არსებული ინფორმაცია (იხ.: ტ.1, ს.ფ. 168-173). შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა სათანადო დრო და შესაძლებლობა ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები, არ დასტურდება, რომ რაიმე საფუძვლით დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილს, რომლის თანახმად, "დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“; საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილს "მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი". მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა გამომძიებელი დ. მ–ე. შესაბამისად, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

15. მსჯავრდებულ ს. თ–სა და ო. ძ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა.

17. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ს. თ–სე და ო. ძ–ა არ აღიარებენ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი; არ არსებობს არც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა; საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, ხოლო ვინაიდან არ არის წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ო. ძ–ს და ს. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე