Facebook Twitter

საქმე # 030100119003201304

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1087აპ-23 ქ. თბილისი

თ. ჯ. 1087აპ-23 22 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ჯ. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 10:20 საათიდან 11:10 საათამდე დროის შუალედში, ზ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე ჯ. თ–ს საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამ უკანასკნელმა თავის მეუღლეს, რ. შ–ს დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2.2. 2010 წლიდან (ზუსტი დრო დაუდგენელია), 2019 წლის 30 აპრილამდე დროის მონაკვეთში, ჯ. თ–ს და მისი მეუღლის, რ. შ–ს თანაცხოვრების პერიოდში, ზ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ჯ. თ–ს გენდერის ნიშნით, სასტიკად ეპყრობოდა და სისტემატურად ამცირებდა რ. შ–ს, კერძოდ უკრძალავდა მას მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, სოციალური ქსელებით სარგებლობას, ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ეუბნებოდა, რომ იყო ხელმოკლე ოჯახიდან და აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდა, არაფრად აგდებდა მის მოსაზრებებს საოჯახო საკითხებზე, არ აძლევდა ავადმყოფი დედის მონახულების უფლებას, ეუბნებოდა, რომ ის მაინც მოკვდებოდა, უმოწმებდა მობილურ ტელეფონზე მიღებულ შეტყობინებებს, სახლიდან გასვლისას უმოწმებდა ჩანთას, ვინაიდან არ უნდოდა, რომ რ. შ–ს თავისი ოჯახის წევრებისთვის მიეტანა რაიმე სახის სოფლის პროდუქტი, არ აძლევდა ოჯახში ნივთების და შემოსავლის განკარგვის უფლებას, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, აიძულებდა მას მუდმივად ყოფილიყო სახლში და ყოფილიყო მისი მორჩილი, ახდენდა მისი შრომის ექსპლუატაციას, რაც იწვევდა რ. შ–ს სულიერ ტანჯვას, რის შედეგადაც 2019 წლის 30 აპრილს მან თავის ჩამოხრჩობით სცადა თვითმკვლელობა;

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ჯ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ჯ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. გამართლებულ – ჯ. თ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ და მოითხოვა ჯ. თ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს გამართლებულ ჯ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ჯ–მ და რ. მ–მ, რომლებმაც მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენსა და განკარგულებაში არსებული უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ნივთმტკიცების სახით არსებული თოკი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო წერილი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად“ .

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე კოდუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ჯ. თ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6.1. გამართლებულ ჯ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი. ჯ–მ და რ. მ–მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ჯ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ჯ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაზარალებულ რ. შ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოქვეყნდა მისი 2019 წლის 19 სექტემბრის გამოკითხვის ოქმი.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები: მ. ჩ–ს, ვ. შ–ს, გ. შ–ს, ი. ლ–ს, მ. ჩ–ს, ჯ. შ–ს, ქ. ს–ს, მ. ს–ს, გ. წ–ს, ვ. ჩ–ს, ე. ჯ–ს, ა. ს–ს, ც. ვ–ს, ბ. შ–ს, ნ. კ–ს, მ. ც–ს ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ჩ–სა და რ. შ–სს მიმოწერიდან არ დგინდება საქმისათვის მნიშვნელოვანი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა დაედგინა ჯ. თ–ს მიერ რ. შ–ს მიმართ მუქარის, სასტიკი მოპყრობის, ანდა პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირების შესახებ. მართალია დაზარალებული უთითებს თავის ემოციურ მდგომარეობაზე, მაგრამ მითითებული მიმოწერა ზოგადი ხასიათისაა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ რ. შ–ს წერილს, რომლიდანაც ასევე არ იკვეთება ჯ. თ–ს ბრალეულობა რ. შ–ს თვითმკვლელობის მცდელობასთან.

14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული დაზარალებულ რ. შ–ს გამოკითხვის ოქმი; სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში არ მოიპოვება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჯ. თ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ჯ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ დგინდება – გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი