საქმე # 330100121004749762
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1124აპ-23 ქ. თბილისი
კ. ა. 1124აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 14 მაისამდე პერიოდში, ქ. თ–ში, .......ის დასახლების N.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში თანაცხოვრებისას ა. კ–სი, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ორსულ მეუღლეს – ი. კ–ს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ორჯერ მოეშალა მუცელი და 2021 წლის 14 მაისს დატოვა საცხოვრებელი სახლი;
2.2. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 14 მაისამდე პერიოდში, ქ. თ–ში, .......ის დასახლების N.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში თანაცხოვრებისას ა. კ–ი, რომლისთვისაც ცოლი ასოცირდებოდა მის საკუთრებასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა ორსული მეუღლის – ი. კ–ს მიმართ, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2020 წლის 24 ივნისს, 28 აგვისტოსა და 19 დეკემბერს, რის შედეგადაც ი. კ–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას და ორჯერ მოეშალა მუცელი;
2.3. 2021 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ........., მე-.. მიკრორაიონის №..-ე კორპუსის ბინა №..-ში, სახლში დაბრუნების თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ა. კ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. კ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით:
3.1. ა. კ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად – 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.3. მსჯავრდებულ ა. კ–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 16 მაისიდან 2021 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. კ–ს დაეკისრა მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ა. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ა. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის კი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა – ი. კ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – ა. კ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ა. კ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით (სისტემატური ცემით ან სხვაგვარი ძალადობით), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ (სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ) გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. კ–ს ქმედებებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზიანის მიყენება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 15 მაისს 19:59 საათზე სსიპ 112-ში შესული შეტყობინების ავტორია ა. ო. . შეტყობინებაში მითითებულია, რომ ინციდენტის ტიპია ოჯახური კონფლიქტი მამიდაშვილის მეუღლესთან. სხვა დამატებით ინფორმაციას შეტყობინება არ შეიცავს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: მ. კ–ი, ს. ო–ი, ა. ო–ი, მ. ო–ი, ი. კ–ი, ნ. კ–ი, მ. გ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და მომხდარი ფაქტების შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 15 მაისს N.......... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი გამოიცა ა. კ–ს მიერ ი. კ–ს მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერის ოქმში, ი. კ–სათვის დასმული კითხვების პასუხად, მართალია მითითებულია, რომ ა. კ–ი სისტემატურად აყენებდა ი. კ–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, 2020 წლის 24 ივნისს და 2020 წლის 28 აგვისტოს სცემა, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები (ფსიქოლოგიური ტანჯვისა და ფიზიკური ტკივილის განცდის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს), ამასთან, შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ არ არის უდავოდ ცნობილი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 7-12).
17. სასამართლო ითვალისწინებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №............ დასკვნას, რომლის თანახმადაც, ა. კ–ს ქმედებების შედეგად ი. კ–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულსა და ა. კ–ს შორის არსებულ მიმოწერებზე (რომლებიც არ იყო ცნობილი ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში), რომლებიც თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით გამორიცხავს ა. კ–ს მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და შეურაცხყოფა/დამცირებას.
18. დაზარალებულმა ი. კ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება ა. კ–ს მიერ დაზარალებულის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება – არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ან ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდას.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ა. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
20. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
21. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ა. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევის ვარგის და პროპორციულ საშუალებას - სააპელაციო სასამართლომ ა. კ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ა. კ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, არ არის ნასამართლევი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი ცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
23. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
24. იმავდროულად, ა. კ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მისი რესოციალიზაციის, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მიღწევისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით 8 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომელიც ჩაეთვალა პირობითად - იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი პიროვნების შესაბამისი პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
26. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე