საქმე # 190100122006026987
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1155აპ-23 ქ. თბილისი
მ. ვ. 1155აპ-23 21 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. მ–ს, - დაბადებულს 19..წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ვ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ვ. მ–სმა, 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მკ/რ-ნი N...-ში მდებარე, მათ მფლობელობაში არსებულ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე გაშლილი ხელის სახის არეში გარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის, ი. ი–ს მიმართ. ვ. მ–ს ძალადობრივი ქმედებით ი. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. ვ. მ–სმა, 2022 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მკ/რ-ნის N....-ში მდებარე, მათ მფლობელობაში არსებულ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფეხის მარცხენა ფეხზე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ი. ი–ს მიმართ. ვ. მ–ს ძალადობრივი ქმედებებით ი. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3 ვ. მ–სმა, 2022 წლის 27 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მკ/რ-ნის N..........-ში მდებარე, მათ მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ. მ–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, გაშლილი ხელის სახის მარცხენა არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ი. ი–ს მიმართ. ვ. მ–ს ძალადობრივი ქმედებებით, ი. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით, ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორ ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 10 ივნისის ეპიზოდში) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 ივნისის ეპიზოდში) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა, (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დანიშნულმა) სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, ვ. მ–ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 3 წელი;
3.5. ვ. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 28 ივნისიდან - 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით;
3.6. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
3.7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტა მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ ვ. მ–სათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა;
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ვ. მ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ვ. მ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ვ. მ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ვ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ვ. მ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების - ი. ი–სის და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ვ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა) ვ. მ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ვ. მ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე