Facebook Twitter

საქმე # 190100122005561864

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1122აპ-23 ქ. თბილისი

ს. რ. 1122აპ-23 6 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: რ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე, ქალაქ რ–ში, მე- მიკრორაიონში, N..-ში მდებარე, მათ მფლობელობაში არსებულ სახლში, რ. ს–ს, ძმის ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარის მიღების გამო, ყელში ხელის მოჭერით და სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ი. ს–ს. აღნიშნული მუქარა ი. ს–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2022 წლის 5 იანვარს, რ. ს–სს N..... შემაკავებელი ორდერით,30 დღით, აეკრძალა მსხვერპლთან, ყოფილ მეუღლესთან, ი. ს–სთან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მის სამსახურთან, სახლთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, შემაკავებელი ორდერის გაცნობის შემდეგ, 2022 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, რ. ს–ს მივიდა, ქ.რ–ში, შ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ, ი. ს–სთან, პირისპირ შეხვდა მას, სთხოვა შერიგება, უარის მიღებისთანავე კი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული ქმედებით რ. ს–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.3. რ. ს–ს გენდერული დისკრიმინაციის, ეჭვიანობის მოტივით, კერძოდ, თვლიდა რა, რომ უფლება ჰქონდა ეკონტროლებინა ყოფილი მეუღლის პირადი ცხოვრება, ურთიერთობები, 2021 წლის იანვრიდან, 2022 წლის 22 იანვრამდე, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გზით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა ყოფილი მეუღლის, ი. ს–ს მიმართ. 2022 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ რ–ში, შ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, შერიგებაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, ჯერ მარჯვენა გაშლილი ხელის გულ-მკერდის არეში დარტყმის, შემდეგ კი, სამარშრუტო ტაქსში ასვლისას, გაშლილი ხელის ზურგის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა ი. ს–სზე, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - დ. და რ. ს–ები. რ. ს–სს ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ი. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით:

3.1. რ. ს–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151 -ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

3.2. რ. ს–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად;

3.3. რ. ს–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. ს–ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 წლით, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. ს–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

3.5. რ. ს–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით;

3.6. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

3.7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტა მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა და მოითხოვა რ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება, რ. ს–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს რ. ს–სს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს რ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მხარეთა შორის დავის საგანია, ჩაიდინა თუ არა რ. ს–მ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ რ. ს–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ი. ს–მ (რ. ს–ს მეუღლე) და მოწმე მ. ს–მ (რ. ს–ს დედა) სასამართლო სხდომაზე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე;

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებაზე/განცხადებაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების საფუძველი გახდა დაზარალებულ ი. ს–ს 2022 წლის 24 იანვრის განცხადება, რომლის თანახმადაც: ი. ს–ს მეუღლის რ. ს–ს მიმართ 3 იანვარს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც უკრძალავდა მასთან 30 დღის განმავლობაში ყველანაირ კომუნიკაციას. 2022 წლის 22 იანვარს ჩასული იყო ქ. რ–ში, რათა თავისი შვილები ენახა. რა დროსაც შემაკავებელი ორდერი დაარღვია მისმა მეუღლემ და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 2). სასამართლო ითვალისწინებს, რომ განცხადებაში არაფერია ნათქვამი რ. ს–ს მხრიდან მუქარის ფაქტზე.

14. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, რ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად N.......... შემაკავებელი ორდერის გამოყენების შესახებ. ვინაიდან, შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს ინფორმაციას რ. ს–სს მხრიდან ი. ს–ს მიმართ მუქარის განხორციელების შესახებ. უფრო მეტიც, ორდერის თანახმად, შეკითხვაზე ,,მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია“ ი. ს–ს პასუხობს – ,,არა“(იხ. ტ.1, ს.ფ. 18-28).

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რ. ს–ს აღიარებას, თუმცა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სავარაუდო შემთხვევა მოხდა 2018 წლის 30 დეკემბერს, დაზარალებულმა საგამოძიებო ორგანოებს მიმართა 2022 წლის 24 იანვარს (რ. ს–ს მიერ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ), შესაბამისად, უტყუარად არ დასტურდება (არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმებით) რომ რ. ს–ს ქმედებით დაზარალებულ ი. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს (ელემენტს).

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას რ. ს–სს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

17. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა რ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი