საქმე # 330100122005532345
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1123აპ-23 ქ. თბილისი
ფ. კ. 1123აპ-23 20 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: კ. ფ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2021 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში, ქ. თ–ი, ა–ში, ჭ–ს მე-.. შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, კ. ფ–მ ცემა 14 წლის შვილი, კერძოდ: ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, შემდეგ კი ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რის გამოც ნ. ფ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2021 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში, ქ. თ–ში, ა–ში, ჭ–ს მე-.. შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ. ფ–მ, ვინაიდან ნ. ფ–ე ჩაერია მშობლებს შორის კამათში, იძალადა 14 წლის შვილზე, კერძოდ: ფეხსაცმელი დაარტყა თავში, რის გამოც ნ. ფ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2022 წლის 24 იანვარს, ქ. თ–ში, ა–ში, ჭ–ს მე-.. შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ. ფ–მ, ვინაიდან ნ. ფ–ს უპოვეს თამბაქო, ცემა 14 წლის შვილი, კერძოდ: ორჯერ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. კ. ფ–ს ქმედების შედეგად ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2022 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ა–ში, ჭ–ს მე-.. შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ. ფ–მ, იმის გამო, რომ მის 14 წლის შვილს - ნ. ფ–ს არ უნდოდა სკოლაში წასვლა, იძალადა ამ უკანასკნელზე, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. კ. ფ–ს ქმედების შედეგად ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით:
3.1. კ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. კ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. კ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.4. კ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, კ. ფ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ და მოითხოვა კ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ ჭურღულია ითხოვს კ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს კ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც კ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. ფ–მ, მოწმეებმა: ნ. ფ–მ და ქ. ღ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – კ. ფ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ კ. ფ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კ. ფ–ს ქმედებებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება.
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს დაზარალებულ ნ. ფ–ს განცხადების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული განცხადება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის განცხადება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე რ. მ. არ არის შემთხვევის თვითმხილველი, ის არ შესწრებია მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და მან ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მისი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). მოწმე ც. ფ. მიუთითებს, რომ იგი არასდროს შესწრებია ნ. ფ–მის მიმართ ძალადობას. არასრულწლოვანმა მოწმემ ს. კ–მ არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და მიუთითა, რომ არ ადასტურებს, რომ თითქოსდა ნ. ფ–ს მონაყოლის მიხედვით მშობლებმა იძალადეს მასზე; ასევე არ ადასტურებს მეგობრის მონაყოლს, რომ დედა და მამა ეჩხუბნენ ნ. ფ–ს სახლიდან გაპარვის გამო და მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხოფა; მსგავს ფაქტს თავად არასდროს შესწრებია.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. ფ–ს ბრალდების დასამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია N.......... შემაკავებელი ორდერი, თუმცა შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში კ. ფ–სის მიერ შვილის – ნ. ფ–ს მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ მითითებულია მხოლოდ ზოგადად. შემაკავებელი ოქმი გამოწერილია დაზარალებულ ნ. ფ–ს მოწმის სახით გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულის, მისი კანონიერი წარმომადგენელისა და ოქმის შემდგენი პირის მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 64-66).
17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.
18. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა კ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
19. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
19.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე