Facebook Twitter

საქმე # 140100122005682156

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №908აპ-23 ქ. თბილისი

ქ. მ. 908აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ნ–სა და ლ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. გ–ში, ც–ს გზატკეცილზე, ავტომანქანაში, მ. ქ–მა ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ზ. კ–ს, თუმცა მ. ქ–მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და ზ. კ–ი დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გადარჩა.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით მ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

3.1. მსჯავრდებულ მ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. გ–ში, ც–ს გზატკეცილზე, ავტომანქანაში, მ. ქ–მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ზ. კ–ს, თუმცა მ. ქ–მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და ზ. კ–ი დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გადარჩა.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ქ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ნ–მ და ლ. ბ–მ, რომლებმაც მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

5.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ნ–მ და ლ. ბ–მ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელიც ითხოვს, რომ არ იქნეს დაშვებული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს მ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ მ. ქ–სის უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ზ. კ–სა და მოწმე მ. რ–ს ჩვენებებით, ასევე მოწმე ლ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსებით, ზ. კ–სა და მ. ქ–ს მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ქ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენა.

12. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმის ფარგლებში არ ამოღებულა დანაშაულის იარაღი – დანა; არ ჩატარებულა, მათ შორის, ფონოსკოპიური, ბიოლოგიური ან/და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა, მათ შორის, მაგ.: საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 2022 წლის 25 თებერვლის ოქმის თანახმად, დაცვის მხარეს – მსჯავრდებულსა და ადვოკატ ლ. ბ–ს გადაეცა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები (ტ. N1; ს.ფ. 306-310).

12.2. იმავდროულად საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია დეტექტივ-გამომძიებელ ლ. ი-ს 2022 წლის 4 მარტის დადგენილება ტრასოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

12.2.1. დანიშნულ კომპლექსურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, კერძოდ, ერთ-ერთ კითხვასთან მიმართებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ 2022 წლის 9 მარტს წერილით მიმართა დეტექტივ-გამომძიებელ ლ. ი–ს და მოითხოვა გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება, რისთვისაც 2022 წლის 3 აპრილს დეტექტივ-გამომძიებელმა ჩაატარა ავტომანქანის სავარძლის ქსოვილის ნიმუშის აღება და 2022 წლის 4 აპრილს ექსპერტიზის ბიუროს გადაუგზავნა ზ. კ–სის კუთვნილი ავტომანქანის სავარძლის ზედაპირის ქსოვილის ნიმუშები 2022 წლის 4 მარტს დანიშნული კომპლექსური, ტრასოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარების მიზნით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ადვოკატების მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ქ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.

14. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმის დასასაბუთებლად, რომ მ. ქ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხილი დანაშაული, გაითვალისწინა და მიუთითა, მათ შორის, მ. ქ–სის შსს ......ის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადების შესახებ ოქმზე, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია (2021 წლის 8 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:58:23; 2021 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:24:09; 15:17:59) და რომლის თანახმად, მ. ქ–სი ადვოკატ – ლ. ბ–სთან ერთად გამოცხადდა პოლიციის დეპარტამენტში და განაცხადა, რომ 2021 წლის 21 თებერვალს თანნაქონი ფრჩხილების საკვნეტელზე დამაგრებული წვეტიანი ქლიბით ზ. კ–ს მიაყენა სხეულის დაზიანება.

14.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის დანაწესს (გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება, მათ შორის, ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან) და მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მნიშვნელობას სს საქმის განხილვისას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს, ასევე იმ გარემოებას, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარყო სადავო დანაშაულის მის მიერ ჩადენა; ასევე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილს (მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს (რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი)).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ნ–სა და ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე