საქმე # 140100122005992010
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №924აპ-23 ქ. თბილისი
შ. მ. 924აპ-23 16 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: მ. შ–სეს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2021 წლის 30 სეტემბერს, ქალაქ კ–ში, ლ–ს ქ.-ის N ..-ში მდებარე ნ. კ–სს საცხოვრებელ სახლში, თ. მ–სის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ა. მ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გარემოებებს შეესწრო მათი მეგობარი, მ. შ–ე, თუმცა 2022 წლის 17 მაისს, გორის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას უარყო თ. მ–სთან და ა. მ–სთან მეგობრობის ფაქტი და განაცხადა, რომ ზემოხსენებულ რიცხვებში არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და არ შესწრებია მომხდარ ფაქტს.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით:
3.1. მ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. მ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 20 ივნისიდან.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჯ–მა და მოითხოვა მ. შ–სის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი:
5.1. მ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის
370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5.2. გამართლებული მ. შ–სეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოთარ დოხნაძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მ. შ–ს დამნაშავედ ცნობას და მისთვის სამართლიანი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. შ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისთვის რაც გამოიხატება, მათ შორის, ცრუ ჩვენების მიცემაში. მიუხედავად იმისა რომ ცრუ ჩვენებას წარმოადგენს ჩვენება, რომელშიც განზრახ არასწორად არის მითითებული ფაქტები, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის მოწმის მიერ მიწოდებული განზრახ არასწორი ინფორმაცია, ცალკე აღებული ან სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, უნდა იწვევდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის.
12. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ თ. მ–სის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ა. მ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გარემოებებს შეესწრო მ. შ–სე, რომელმაც 2022 წლის 17 მაისს, გორის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას უარყო როგორც თ. მ–სთან და ა. მ–სთან მეგობრობის ფაქტი, ასევე მიუთითა, რომ ზემოთხსენებულ რიცხვებში არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და არ შესწრებია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა: ნ. პ–ას, ნ. კ–ს, გ. პ–ს, ლ. რ–სა და ა. მ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მ. შ–სე ნამდვილად იცნობდა როგორც თ. მ–სს, ასევე ა. მ–ს, შემთხვევის დღეს (სადავო შემთხვევამდე) ნამდვილად იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე და შეხვდა სტუმრად მისულ თ. მ–ს, - თუმცა ამ ნაწილში მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ გარემოებას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის და არ ეხება ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა თ. მ–ს მსჯავრდებაზე.
14. სასამართლო ითვალისწინებს რომ მოწმეებმა: ნ. პ–მ, ნ. კ–მ და გ. პ–მ თანხვდენილად მიუთითეს, რომ 2022 წლის 17 მაისს, კ–ში, ლ–ს ქ.-ის №..-ში, დაახლოებით, 7 საათისთვის, მ. შ–სა და ნ. პ–ს ახალშობილი შვილის სანახავად სტუმრად მივიდნენ თ. მ–სი, მისი მეუღლე – ს. მ–ი და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი. იმ მომენტისთვის მ. შ–სე სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო, თუმცა სახლიდან იყო გასული. სტუმრების მოსვლის შემდეგ, ნ. პ–მ ტელეფონზე მისწერა მ. შ–ს, რომ სტუმრები ჰყავდათ და უკან დაბრუნებულიყო. მ. შ–სე, დაახლოებით, 5 წუთში დაბრუნდა სახლში, მისი დაბრუნებიდან, დაახლოებით, 10-15 წუთში კი, დაიწყეს სუფრის გაშლა. სუფრაზე იმყოფებოდნენ ნ. პ–ა, ნ. კ–ს, მ. შ–სე, გ. პ–ა, თ. მ–ი და მისი მეუღლე ს. მ–ი. დაახლოებით 10 საათისთვის ს. მ–მა გადაწყვიტა სახლში წასვლა, შვილებთან ერთად, რომელიც მ. შ–მ გააცილა. მ. შ–სის წასვლის შემდეგ, სუფრასთან მხოლოდ თ. მ–ი დარჩა. მალევე სტუმრად მივიდა ასევე შ. გ–აი. თ. მ–ი და შ. გ–ი რაღაცაზე საუბრობდნენ, მათ ცოტა ხანში შეუერთდა ა. მ–ც. ისინი ოთახში ისხდნენ და სვამდნენ, ხოლო ნ. პ–ა, ნ. კ–ს, გ. პ–ა და ბავშვები მისაღებ ოთახში იყვნენ და ბავშვს აბანავებდნენ. ცოტა ხმამაღალი საუბარი შემოესმათ, ნ. კ–ს გავიდა მათთან და შენიშვნა მისცა ხმამაღალ საუბარსა და გინებაზე. შენიშვნის მიცემიდან ცოტა ხანში ისევ ხმაური შემოესმათ და გაიგეს გასროლის ხმა, ამის შემდეგ ნ. კ–ს გავიდა ოთახიდან, უკან შეტრიალდა და ნ. პ–აას უთხრა, რომ არაფერი მომხდარა. შესვლიდან რამდენიმე წამში გასროლის ხმა ისევ განმეორდა. ნ. კ–სა და გ. პ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ნ. კ–ს გასროლის ხმაზე გავარდა ოთახიდან და თ. მ–ს დაეჯახა, რომელსაც მარჯვენა ხელში იარაღი ეჭირა. ნ. კ–ს თ. მ–სა და ა. მ–ს ჩაუდგა შუაში და თ. მ–ი შეაგდო პირდაპირ უკან, საძინებელ ოთახში, გადაუგრიხა ხელი და იარაღი დააგდებინა. თ. მ–მა უთხრა, რომ, თუ არ გაეცლებოდა, არც მას დაინდობდა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დგინდება, მ. შ–ე შეესწრო თუ არა თ. მ–სა და ა. მ–ს შორის სავარაუდოდ მომხდარ დაპირისპირებას. ნ. პ–ა და გ. პ–ა მ. შ–ს მიერ თ. მ–ს მეუღლისა და ბავშვების სახლში გაცილების შემდეგ მის სახლში ყოფნის ფაქტზე არ მიუთითებენ. ნ. კ–მ მიუთითა, რომ როდესაც ხმაურზე პირველად შეიხედა მ. შ–ე მას ოთახში არ დაუნახავს, ამასთან, მისი 2021 წლის 1 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის ნაწილობრივ გამოქვეყნების შემდეგ, სადაც იგი უთითებდა, რომ, იმ დროს, როდესაც თ. მ–ი დაემუქრა მას, ოთახში შევიდნენ მისი შვილი - გ. პ–ა და სიძე - მ. შ–ე, რომელმაც საკინძი დაუჭირა და უთხრა: ბიჭო, აზრზე მოდიო - მოწმემ განმარტა, რომ ძალიან აღელვებული იყო და არ იცის, როგორ გაჩნდა იქ მ. შ–ე. თვითონ არ ახსოვს, მაგრამ ისე ხმამაღლა უყვირია, რომ მის ხმაზე მ. შ–ე, რომელიც ჭიშკრის გარეთ იყო, შევიდა სახლში. ნ. კ–სა და თ. მ–ს შორის იარაღის წართმევაზე არსებული დაპირისპირებისას მ. შ–სის ჩართულობაზე არ მიუთითებს გ. პ–ა, რომელიც საძინებელ ოთახში შეჰყვა თ. მ–სა და ნ. კ–ს და ცდილობდა დედას დახმარებოდა თ. მ–ს გაჩერებაში (მოწმის მტკიცებით, ჭიდაობის დროს თ. მ–ს იარაღი დაუვარდა საწოლზე, გ. პ–ა კი ცდილობდა მისთვის ხელი დაეჭირა, რომ რაიმე არ დაეშავებინა დედამისისთვისაც. ამის შემდეგ ნ. კ–მ დაიწყო ნაჭრის მოძებნა, რომ ა. მ–სთვის ფეხი შეეხვია, ნაჭრის მოძებნაში ეხმარებოდა გ. პ–ც. ამ დროს მოვიდა ა. მ–ს მეუღლე ლ. რ–ი, რომელიც სახლში არ შესულა და კარის ზღურბლიდან ესაუბრებოდა ა-ს, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ, ხოლო შემდეგ წავიდა თ. მ–ი. გ. პ–აას განმარტებით, ამის შემდეგ სახლში დარჩნენ მხოლოდ თავად, ნ. პ–აა და ნ. კ–ს).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილზე მ. შ–სის ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს არც ა. მ–ს მეუღლე – ლ. რ–ი; თ. მ–სმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, მოწმე შ. გ–ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ერთი მხრივ პროკურორის კითხვაზე: თქვენ ადასტურებთ რომ იმ დროს, როდესაც მოხდა დაჭრის ფაქტი, მანამდე სუფრაზე, უფრო მანამდეც როდესაც შეიკრიბნენ მ. შ–ე და თ. მ–ი იყვნენ? უპასუხა: კი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:42:09-17:42:20), თუმცა მოწმის სახით დაკითხვისას არაერთხელ განმარტა, რომ როდესაც საპირფარეშოდან გამოვიდა და დაინახა ა. მ–ე, რომელსაც ფეხიდან სისხლი მოსდიოდა, ზუსტად არ ახსოვს ოთახში ვინ იყო, ამაზე არ გაუმახვილებია ყურადღება (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:40:58-17:41:50; 17:43:50-17:44:40); ამასთან, მიუთითა, რომ სხვები მის ზურგს უკან იყვნენ, სავარაუდოდ მ. და თ–ც (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:41:50 – 17:41:59); სუფრაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში რომელიმე იქ მყოფმა სუფრის წევრმა დატოვა თუ არა ოთახი ზუსტად არ ახსოვს (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:43:06 – 17:43:43); როდესაც ა-სკენ იყო მიბრუნებული უკან ვინ იყვნენ არ დაუნახავს. იმ დროის განმავლობაში მ-ს შესაძლოა დაეტოვებინა იქაურობა და ყურადღება არ მიექცია. შეიძლება დაეტოვებინა, შეიძლება არა, დარწმუნებით თქმა არ შეუძლია (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:44:44-17:45:08). საპირფარეშოდან რომ გამოვიდა პირდაპირ ა-სკენ წავიდა, უნდა გასულიყვნენ და პირდაპირ მასთან მივიდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:47:14 – 17:47:36); მოწმემ მიუთითა, რომ მახსოვრობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი 17:45:33-17:46:00).
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ა. მ–ს ჩვენებას, მოწმემ მიუთითა, რომ ზუსტად არ ახსოვს ვინ დახვდა მ. შ–ს სახლში, როგორც ახსოვს მ. შ–სე, თ. მ–ი და ქალები, ზოგი შედიოდა, ზოგი გადიოდა, ზუსტად არ ახსოვს... როგორც ახსოვს ერთი ჭიქა დალია, ბავშვი დალოცა, კონკრეტულად მ–ს მიულოცა თუ არა არ ახსოვს, ოჯახში მივიდა და დაილოცა... მ. შ–ს იქ იყო თუ არა დაზუსტებით არ ახსოვს...მას არ შეუძლია თქმა მისი მისვლისას თ. მ–სის მეუღლე იქ იყო თუ არა... ბავშვის დალოცვის შემდეგ გვერდზე მდგომებს მიუჭახუნა ჭიქა, არ ახსოვს, ალბათ შალვას, ალბათ თ. მ–საც, ვინც იყვნენ იქ, შეიძლება მ–საც, არ იცის, არ ახსოვს.... როდესაც სისხლი წამოუვიდა ფეხიდან, მ. შ–სე იქ იყო თუ არა არ ახსოვს, არ ახსენდება, მერე გონება დაკარგა... (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 14:39:09 – 14:50:38). სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ა. მ–ე თ. მ–ს და შ. გ–ს შეუერთდა მას შემდეგ რაც მ. შ–ე წავიდა თ. მ–ს მეუღლისა და ბავშვების სახლში გასაცილებლად; იმავდროულად ასევე ითვალისწინებს, რომ ა. მ–მ არ დაადასტურა თ. მ–სის მიერ მისი დაჭრის ფაქტი და შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე მ. შ–ს ყოფნას არ ადასტურებს არც ა. მ–ს მეუღლე, რომელმაც ხმაურზე მიაკითხა ა. მ–ს.
18.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ნ. კ–ს ჩვენებითაც ვერ დგინდება მ. შ–სე შეესწრო თუ არა თ. მ–სა და ა. მ–ს შორის სავარაუდოდ მომხდარ დაპირისპირებას. მოწმე უთითებს სავარაუდო შემთხვევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე; ამასთან მისგან განსხვავებულად (მ. შ–ის ნაწილში) აღწერს განვითარებულ მოვლენებს თვითმხილველი გ. პ–ა.
18.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ ბრალდება მ. შ–ს ედავება ცრუ ჩვენების მიცემას თ. მ–ს მიერ ა. მ–სთვის ცეცხლსასროლი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით.
18.3. შესაბამისად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მხოლოდ სავარაუდო ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მ. შ–ე შეესწრო შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე