საქმე # 330100122005644938
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №909აპ-23 ქ. თბილისი
ჩ. ნ. 909აპ-23 22 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ჩ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შპს “........ სერვისში“ (ს/კ ...............), რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ტექსტილის, ტანსაცმლის და სხვადასხვა უნიფორმის წარმოება, 2016 წლიდან ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ნ. ჩ–სი (პ/ნ...............). მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა ფირმის ბუღალტერიის გამართული წარმოება. ასევე მინიჭებული ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება და გადაცემული ჰქონდა კომპანიის კუთვნილი სს „...........ს ბანკის“ საბანკო ანგარიშის „დ–ი“, რისი საშუალებითაც შეეძლო კომპანიის სახელით ეწარმოებინა სხვადასხვა სახის საბანკო ტრანზაქციები.
2.1. ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში ნ. ჩ–მა განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული შპს „....... სერვისის“ კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის აღსრულების მიზნით, ნ. ჩ–ი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან მის კუთვნილ სს „.......... ბანკის“ პირად საბანკო ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა შპს „........... სერვისის“ კუთვნილ თანხებს. აღნიშნულით მან მიითვისა შპს „........... სერვისის“ კუთვნილი – 384 083,54 ლარი და საწარმოს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენით ნ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;
3.1 ნ. ჩ–ი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, დაკავებულ იქნა სხდომის დარბაზშივე და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 7 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ნ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ გ. კ–ს, მოწმე გ. ლ–სა და რ. ქ–ს ჩვენებით, სს „.......... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, თემატური რევიზიის აქტითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. ჩ–სის მიერ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ჩ–ს მიერ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე (ტ. N1; ს.ფ. 59-60), რომლის თანახმად, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის 20 მაისამდე, ნ. ჩ–სი, დირექტორისაგან ფარულად, სისტემატურად ახდენდა კომპანიის ანგარიშზე შესული თანხების მის პირად საბანკო ანგარიშზე გადატანას, რათა სხვადასხვა ტოტალიზატორში ეთამაშა. შპს „........... სერვისის“ ანგარიშიდან პირად ანგარიშზე, ჯამში, გადარიცხა – 361 667 ლარი. ამავე განცხადებით, ნ. ჩ–სმა აიღო 2021 წლის 2 აგვისტომდე თანხის დაბრუნების პასუხისმგებლობა.
10.1. თავის მხრივ, ნოტარიუს ც. ლ–სს ჩვენების თანახმად, რომ 2021 წლის 2 ივლისს ნ. ჩ–სმა სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება და ითხოვა ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება. როგორც წესი, ხელმოწერამდე ნოტარიუსი ხელმომწერ პირს ეკითხება, გაცნობილია თუ არა დოკუმენტის შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში, რაიმე ეჭვის არსებობისას, მოქალაქეს დოკუმენტზე ხელს არ მოაწერინებდა და მისცემდა რეკომენდაციას, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
10.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილს (არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე), ასევე, ერთი მხრივ – საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს, ხოლო, მეორე მხრივ – იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვების ან/და წარმოდგენის შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
10.3. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად, რომლის თანახმად, ვალის აღიარების თაობაზე განცხადების შედგენა და სანოტარო ბიუროში მისი შინაარსის დადასტურება მოხდა მუქარის, ზეწოლისა და ტყუილის შედეგად, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ჩ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე