საქმე # 130100121005258188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №919აპ-23 ქ. თბილისი
ჩ. ზ. 919აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ზ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2731 მუხლის მე-6 ნაწილით;
1.2. ნარკოტიკული საშუალება უკანონო დამზადება, შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჩ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. ზ. ჩ–სმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, წონით – 3692,25 გრამი, რაც შსს ქ.... რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2021 წლის 13 ოქტომბერს ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში ზ. ჩ–სის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად.
2.2. ზ. ჩ–მა უკანონოდ დაამზადა, შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, წონით – 0,1089 გრამი. 2021 წლის 14 დეკემბერს შსს –....ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქ–ში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. ჩ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მის (ზ. ჩ–ს) მიერ უკანონოდ დამზადებული, შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, წონით – 0,1089 გრამი.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.3. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახით დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.4. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 10 თვისა და 9 დღის ვადით) შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა;
3.5. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახით დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომელიც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 17 თებერვლიდან;
3.6. ზ. ჩ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ი–მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი ზ. ჩ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ–მა, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, დარჩენილი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვს მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებას. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზ. ჩ–სმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს არ გამოვლენილა იმგვარი არსებითი დარღვევა, რომელიც გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას შეფარდებული სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული ზ. ჩ–ი არ უარყოფს, მათ შორის, ჩხრეკის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გამომშრალი მარიხუანას ამოღების ფაქტს, თუმცა, იმავდროულად, განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული გამომშრალი მცენარეული მასა იყო იმ სახით და ისეთ მდგომარეობაში, რომ არ იყო ვარგისი გამოსაყენებლად – ,,ვერ გამოიყენებ“ (14:02:29), შესაბამისად, ამოღებულ მასას არ აქვს იმდაგვარი ღირებულება, რომ მოხდეს მისი გასამართლება/მსჯავრდება (13:59:30). ამდენად, მსჯავრდებულის პოზიციით, მას არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი დანაშაული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
11. საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.
12. ზ. ჩ–ი 2021 წლის 15 იანვრის ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს ავალდებულებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა განსაზღვროს ისე, რომ მისი ხანგრძლივობა სულ მცირე 1 წლით აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის ნაწილით (მოცემულ შემთხვევაში – საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილით) გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ზ. ჩ–ს, რეციდივის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომელმაც საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნისას შთანთქა დანარჩენი სასჯელები.
14. შესაბამისად, რადგან მხარეებს შორის დადებული არ არის საპროცესო შეთანხმება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამციროს ან/და შეცვალოს დანიშნული სასჯელი, ხოლო ვინაიდან გამოძიების ეტაპზე მსჯავრდებული არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არ აღიარებდა დანაშაულს, ამასთან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას (საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში), საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას პირობით მსჯავრად ჩათვალოს სასჯელის ნაწილი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე