საქმე # 010100122006550207
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №946აპ-23 ქ. თბილისი
ჭ. ბ. 946აპ-23 5 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი ბ. ჭ–ს, 2022 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ბ–ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, არაერთგზის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - მეუღლეს, ნ. ს–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევი ბ. ჭ–ს, 2022 წლის 26 ოქტომბერს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის მეშვეობით, არაერთგზის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქალაქ ბ–ში, თ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მყოფ ოჯახის წევრს - მეუღლეს, ნ. ს–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით:
3.1. ბ. ჭ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტიდან (2022 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილზე;
3.2. ბ. ჭ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ბ. ჭ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტიდან (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილზე;
3.4. ბ. ჭ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.6. მსჯავრდებულ ბ. ჭ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ ბ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ბ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ბ. ჭ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დაკვალიფიცირებას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ბ. ჭ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის ნაწილში, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, დაზარალებულ ნ. ს–ს ჩვენება, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა: მ. ბ–ს, ლ. მ–ს, ი. ზ–ს, გამოკითხვის ოქმები, N........... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, N........... შეტყობინება და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ჭ–სს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას ბ. ჭ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირების შესახებ და ითვალისწიინებს დაზარალებულ ნ. ს–ს ჩვენებას, რომლითაც ცალხადად დგინდება, რომ ბ. ჭ–ს მისგან მოითხოვდა მას თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ეიძულებინა შვილი თავი დაენებებინა სამსახურისთვის, ამასთან, ემუქრებოდა, რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა და არ დაატოვებინებდა შვილს სამსახურს, აუცილებლად მოკლავდა. შესაბამისად, ბ. ჭ–ს მიერ ჩადენილია – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბ. ჭ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (ორი ეპიზოდი) მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილზე (ორი ეპიზოდი).
13. სასამართლო იზიარებს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ბ. ჭ–ს ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე