საქმე # 190100122006175247
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1156აპ-23 ქ. თბილისი
ხ. გ. 1156აპ-23 27 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2022 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.რ–ში, .........ის მე-.. გასასვლელის ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–მ აღნიშნულ სახლში მცხოვრებ პირებს სახლის მესაკუთრე მ. ლ–ს და მის დედას ნ. ლ–ს უთხრა, რომ თუ მითითებული სახლიდან არ წავიდოდნენ, ჩამოანგრევდა ჭერს და სახლში მყოფი ადამიანების მოკვლის მიზნით - მათ დასაწვავად - ჩამოასხავდა ბენზინს, რა დროსაც მ. და ნ. ლ–ებს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:
3.1. გ. ხ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. გ. ხ–ს, განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულმა გ. ხ–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ სტურუა საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა გ. ხ–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა მ. ლ–მ ჩვენებაში განმარტა, რომ შესაძლოა 2022 წლის 5 აგვისტოს გ. ხ–ს მათ არ დამუქრებია, თუმცა არ აძლევს სახლში მშვიდად ცხოვრების უფლებას. სასამართლოში მოწმის სახით არ დაკითხულა ასევე ნ. ლ–ე.
12.1. შესაბამისად, დაზარალებულებს და გამართლებულ პირს შორის კონფლიქტური ურთიერთობის ხასიათის, ხანგრძლივობის, დაპირისპირების მიზეზის და დაზარალებულის ჩვენების გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება რომ 2022 წლის 5 აგვისტოს ადგილი ჰქონდა დაზარალებულების მიმართ გ. ხ–ს მხრიდან მუქარას; ასევე ვერ დასტურდება რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს საფუძვლიანად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
13. მოწმეები: ა. მ–ი, ზ. ა–ე, ა. გ–ა უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულებისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, საბა ლურსმანაშვილის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ გამოძახებაზე გავიდა ზ. ა–სთან ერთად, გ. ხ–ს მისამართზე, თუმცა დაზარალებულმა გამოხედა მათ და სახლში შეიყვანა. გ. ხ–მ სხვენში ასასვლელი ფიცარი მოხსნა და გაიგონა როგორ დაემუქრა ლ–ებს ბენზინის დასხმით და დაწვით.
14. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა 2022 წლის 5 აგვისტოს, ქ.რ–ში, ......ის მე-.. გასასვლელის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ. ა–ს მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს სახლის სხვენში ასასვლელი კვადრატული ფორმის სივრცე, რომელიც დამაგრებულია ფიცრის ან ფანერის ნაჭერით და გ. ხ–ს და დაზარალებული კამათობენ სახლთან დაკავშირებით. მითითებულ ჩანაწერში არ ისმის მუქარის შემცველი სიტყვები.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი 2022 წლის 5 აგვისტოს შეტყობინებებით (2022 წლის 5 აგვისტოს, 15:11 საათზე პოლიციის მესამე განყოფილებაში დარეკა მოქალაქე – გ. ხ–მ, რომელიც ითხოვდა პოლიციის მისამართზე მისვლას, რადგან აპირებდა მეზობლისათვის ჭერის ჩამონგრევას, ასევე ითხოვდა მათ გაყრას სახლიდან; 2022 წლის 5 აგვისტოს, 17:19 საათზე პოლიციის მესამე განყოფილებაში გამოცხადდა მ. ლ–ს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეზობელი გ. ხ–ს მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით) დასტურდება მხოლოდ მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა ქონებრივი დავიდან გამომდინარე, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. ხ–ს დაემუქრა დაზარალებულებს და მისი ქმედებით მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე