Facebook Twitter

საქმე # 020100122006259483

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №903აპ-23 ქ. თბილისი

ა.ზ. 903აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს, - პირადი ნომრით: 1........., დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1ზ. ა–მ, 2013 წლის 20 სექტემბერს, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, თითქოს მის სახელზე გაცემულ უკრაინულ მართვის მოწმობას "BCD" კატეგორიით, ნომრით ......, რომელიც მას შსს-ს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ერიცხებოდა და უკანონოდ გამოიყენა 2022 წლის 9 ივლისს, ქ. ....., ..... ქუჩაზე, "ფორდის" მარკის, სანომრე ნიშნით ...... ავტომანქანის მართვისას. კერძოდ, 2022 წლის 9 ივლისს, დაახლოებით, 13:20 საათზე, ქ. ....., ..... ქუჩაზე მართავდა "ფორდის" მარკის ავტომობილს სანომრე ნიშნით – ... რა დროსაც გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ზ. ა–მ პატრულ - ინსპექტორებს წარუდგინა თითქოს მის სახელზე, 2013 წლის 20 სექტემბერს გაცემული უკრაინული მართვის ყალბი მოწმობა "BCD" კატეგორიით, ნომრით – ......, რითაც გამოიყენა იგი;

2.2ზ. ა–მ, 2013 წლის 20 სექტემბერს, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, თითქოს მის სახელზე გაცემულ უკრაინულ მართვის მოწმობას 'BCD" კატეგორიით, ნომრით – ....., რომელიც მას შსს-ს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ერიცხებოდა და უკანონოდ გამოიყენა 2019 წლის 19 დეკემბერს "ფორდის" მარკის ავტომობილის, სანომრე ნიშნით ......., მართვისას, კერძოდ, ზ. ა–მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა თითქოს მის სახელზე, 2013 წლის 20 სექტემბერს, გაცემული, ყალბი უკრაინული მართვის მოწმობა "BCD" კატეგორიით, ნომრით ......, რითაც გამოიყენა იგი;

2.3. ზ. ა–მ, 2013 წლის 20 სექტემბერს, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, თითქოს მის სახელზე გაცემულ უკრაინულ მართვის მოწმობას "BCD" კატეგორიით, ნომრით ..........., რომელიც მას შსს-ს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ერიცხებოდა და უკანონოდ გამოიყენა 2021 წლის 8 თებერვალს "ფორდის" მარკის ავტომობილის, სანომრე ნიშნით ........, მართვისას, კერძოდ, ზ. ა–მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, თითქოს მის სახელზე, 2013 წლის 20 სექტემბერს, გაცემული, ყალბი უკრაინულ მართვის მოწმობა "BCD" კატეგორიით, ნომრით – ......., რითაც გამოიყენა იგი;

2.4. ზ. ა–მ, 2013 წლის 20 სექტემბერს, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, თითქოს მის სახელზე გაცემულ, უკრაინულ მართვის მოწმობას "BCD" კატეგორიით, ნომრით – ........., რომელიც მას შსს-ს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ერიცხებოდა და უკანონოდ გამოიყენა 2021 წლის 6 ივნისს "ფორდის" მარკის ავტომობილის, სანომრე ნიშნით – ......, მართვისას, კერძოდ, ზ. ა–მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა თითქოს მის სახელზე, 2013 წლის 20 სექტემბერს გაცემული, ყალბი უკრაინულ მართვის მოწმობა "BCD" კატეგორიით, ნომრით – .........., რითაც გამოიყენა იგი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით:

3.1. ზ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ზ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ზ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. ზ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.5. ზ. ა–ს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ზ. ა–ს;

3.6. გამართლებულ ზ. ა–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნონა თოლორაიამ მოითხოვა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ზ. ა–ს მიმართ და გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. კ–მ მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნონა თოლორაიამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ზ. ა–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა: პროკურორმა, რომელიც ითხოვს გამართლებულ ზ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362 მუხლის დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, იქნება ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება, თუ გამოყენება. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალური წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა პირმა სასურველ შედეგს. აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. ამასთანავე, ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ის იყენებს, არის ყალბი.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზ. ა–ს მიერ 2013 წლის 20 სექტემბრს მის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის “BCD” კატეგორიის, ნომრით .......... ფლობა და 2019 წლის 19 დეკემბერს, 2021 წლის 8 თებერვალს, 2021 წლის 6 ივნისსა და 2022 წლის 9 ივლისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას პოლიციის თანამშრომლებისათვის წარდგენის ფაქტი; ასევე 2022 წლის 9 ივლისს ლ. ფ–ს და ნ. გ–ს მიერ ზ. ა–საგან მითითებული მართვის მოწმობის ამოღება და სათანადო წესით დალუქვა. მხარეთა შორის დავის საგანია, ზ. ა–ს მიერ წარმოდგენილი უკრაინული მართვის მოწმობა (ნომრით ..........) არის თუ არა ყალბი და შესაბამისად, ზ. ა–ს მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმეტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზ. ა–ს უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად დასკვნის გამოტანა .......... .... – .... სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სიყალბის შესახებ.

6. სასამართლო ითვალისწინებს, 2022 წლის 21 ივლისის N..... დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი უ–ს მართვის მოწმობის ბლანკი N...... შევსებული .... – .... სახელზე დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. მასში ცვლილებები შეტანილი არ არის. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა რ...... ხ...... მ–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა. ამასთან, მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ მართვის მოწმობა სტამბური წესითაა დამზადებული, ცვლილებები შეტანილი არ არის.. ოფიციალურად სადაც მზადდება დოკუმენტები იმ სტამბაში დამზადებული დოკუმენტია... მის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს სტამბა ბოროტადაც იქნეს გამოყენებული (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმი 12:13:20 – 12:14:54).

7. სასამართლო ითვალისწინებს, 2022 წლის 16 აგვისტოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი/სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ა. ხ–ს წერილს, რომლითაც მიმართა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) უფროსს (მთავარი სამმართველოს უფროსი) ვიცე-პოლკოვნიკ ს. ს–ს რათა ეცნობებინათ მართვის მოწმობა სერიული ნომრით № .........., „.., .., .., ..,..” კატეგორიებით, გაცემული იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე, ....... წელს დაბადებულ ზ-... ო-.....ში მცხოვრებ ზ. ჟ–ს ძე ა–ის (პ/ნ ..........) სახელზე, უ–ს რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დადებითი პასუხის შემთხვევაში როდის და რა წესით იქნა გაცემული (წერილს დაერთო ზ. ა–ს მართვის მოწმობის ასლი) (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 34).

7.1. 2022 წლის 17 აგვისტოს უ–ს ნაციონალური პოლიციიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მართვის მოწმობის № .......... ზ-.... ა-ის (დაბ.: ...... წელს) სახელზე გაცემა უ–ს შსს ერთიან საინფორმაციო სისტემათა ბაზაში არ ფიქსირდება.

7.1.1. სასამართლო ითვალისწიინებს, რომ უ–ს ნაციონალური პოლიციიდან მიღებულ პასუხში, ზ. ა–ს გვარში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა (ა-ის ნაცვლად მითითებულია ა–ე), თუმცა მითითებული დოკუმენტი შედგენილია ა. ხ–ს მიმართვის საფუძველზე, სადაც ზ. ა–ს მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების წელი) სწორად იყო მითითებული. ამასთან, წერილის პასუხში გარდა მითითებული ტექნიკური შეცდომისა, სხვა ყველა მონაცემი, მათ შორის ზ. ა–ს დაბადების თარიღი, ზ. ა–ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობის ნომერი სწორადაა მითითებული.

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საოლქო პროკურორ გიორგი მიქაიას უ–ს გენერალური პროკურატურისათვის გაგზავნილ შუამდგომლობას სისხლის სამართლის N..... საქმეზე სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. რომლის თანახმად, იმისათვის, რათა საბოლოოდ დადგინდეს ........ წელს დაბადებული ზ. ა–ს სახელზე უკრაინაში გაცემული მართვის მოწმობის – №....., „.. .. .. .. ..” კატეგორიის რეალურობა, აუცილებელია უ–ს ტერიტორიაზე ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის მე-4, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, უ–ს რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართეს შუამდგომლობით, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განახორციელონ შემდეგი საპროცესო მოქმედებები: ა) დადგინდებს – ........ წელს დაბადებული, ზ. ჟ–ს ძე ა–ის სახელზე საერთოდ გაცემულია (ან გაცემული იყო) თუ არა უ–ს შესაბამისი ორგანოების მიერ მძღოლის მართვის მოწმობა; ბ) დადებით შემთხვევაში როდის იქნა გაცემული ეს დოკუმენტი და მისი სრული მონაცემები (კატეგორიები, დოკუმენტის ნომერი და ა.შ.); გ) მძღოლის მართვის მოწმობა ნომრით ..........-, „.. .. .. .. .. ” კატეგორიის გაცემულია თუ არა უ–ს რესპუბლიკის მიერ; დ) დადებით შემთხვევაში ვის სახელზე იქნა გაცემული ზემოაღნიშნული მძღოლის მართვის მოწმობა (იხ. ტ1, ს.ფ. 93-96).

9. უ–ს გენერალური პროკურორის ოფისიდან სისხლის სამართლის N..... საქმეზე შემოსული სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულებული მასალების თანახმად:

9.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სერვის-ცენტრში კომპეტენციის ფარგლებში განხილულ იქნა მოთხოვნა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სისხლის სამართლის N...... საქმეზე დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც ეხებოდა .. სერიის N.. მართვის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქე ზ. ჟ-ს ძე ა-–ზე, დაბადებული 1.. წლის .... .

9.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან სახელმწიფო რეესტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით ... სერიის N..- მართვის მოწმობა 2016 წლის 27 იანვარს არის გაცემული სხვა პირზე. 2016 წლის 21 ოქტომბრიდან აღნიშნულ მართვის მოწმობას მინიჭებული აქვს დაკარგულის სტატუსი. რეესტრში არ არის ცნობები ზ. ჟ-ს ძე ა-ეზე, დაბადებული 1... წლის ... (იხ. ტ. 2, ს.ფ. 41-46).

10. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე გამოგზავნილი დოკუმენტებით ცალსახად დასტურდება, რომ ზ. ა–ს მიერ 2019 წლის 19 დეკემბერს, 2021 წლის 8 თებერვალს, 2021 წლის 6 ივნისსა და 2022 წლის 9 ივლისს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლებისათვის წარდგენილი უკრაინული მართვის მოწმობა “BCD” კატეგორიის, ნომრით .......... უკრაინაში, შესაბამის სამსახურს მის სახელზე არ გაუცია.

10.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მოცემული ინფორმაციის გაუზიარებლობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაში არ არის მითითებული, თუ ვის სახელზე იყო გაცემული № .......... მართვის მოწმობა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ზ. ა–ს პასუხისმგებლობის საკითხისათვის გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ მოწმობა სერიული ნომრით № .........., „.. .. .. .. ..” კატეგორიებით გაცემული არ იყო ზ. ა–ს მიმართ, უფრო მეტიც, რეესტრში არ არის ცნობები ზ. ჟ-ს ძე ა-ეზე, დაბადებული 1... წლის .., რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ უ–ს შესაბამისი ორგანოების მიერ მართვის მოწმობა ზ. ა–ს მიმართ საერთოდ არ გაცემულა.

11. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საგამოცდო ბარათთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია საგამოცდო ბარათის ასლი (რომელიც ითარგმნა და თარგმანი დაამოწმა ნოტარიუსმა), რომლის ნამდვილობა შესაბამისი წესით არ არის დამოწმებული და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მისი გაზიარების თუ სამართლებრივი მნიშვნელობის შესახებ.

12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ოთხი ეპიზოდი) ჩადენა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციასა (ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, იმ გარემოებას, რომ ზ. ა–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და მიზანშეწონილად მიაჩნია ზ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ოთხი ეპიზოდი) ჩადენისათვის თითოეულ შემთხვევაში სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი;

3. ზ. ა–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2022 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი;

4. ზ. ა–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 დეკემბერის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;

5. ზ. ა–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;

6. ზ. ა–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) დანიშვნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;

8. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს განადგურდეს;

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ა–სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე