Facebook Twitter

საქმე # 020142223701284813

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №31აგ-23 ქ. თბილისი

დ. ა.31აგ-23 9 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ–აას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 19 ივლისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით: ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვით, ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

2. 2020 წლის 30 ივლისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით: ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა (2018 წლის 19 ივლისის განაჩენი) ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ა. დ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ა. დ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. დ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. ა. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 21 მაისიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი ა. დ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. დ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. დ–მ და მიუთითა, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განხილულიყო მისი საქმე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. დ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. დ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, მისთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, რადგან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურა, ჰყავს ოჯახი, ოთხი შვილი, არიან სოციალურად დაუცველები. წარმოდგენილი აქვს დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებიც უთითებენ, რომ ა. დ–ს მიმართ არ აქვთ პრეტენზია, ზიანი ანაზღაურებულია.

9. 2023 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ა. დ–ს განცხადებები, რომლებშიც მითითებულია სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნაზე, ასევე ა. დ–ს განმარტებით მას მოტყუებით აღიარებინეს ბრალი, საქმეზე არ დაკითხულა დაზარალებული ლ. ჭ–ი, რომელმაც როგორც კი გაიგო რომ მანქანა მას ჰყავდა წაყვანილი განცხადება გაიტანა და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.

10. 2023 წლის 16 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 7 ნოემბერს, 1 დეკემბერსა და 12 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ა. დ–ს განცხადებები, რომლებშიც მსჯავრდებული წინა განცხადებების იდენტურად უთითებს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნაზე და წარმოადგენს დაზარალებულთა პოზიციას, მის მიმართ პრეტენზიის არქონაზე.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. დ–აას მიერ წარმოდგენილია დაზარალებულ ლ. ჭ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ მას ა. დ–აას მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ ლ. ჭ. დაზარალებულია ა. დ–აას მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საქმეზე, სადაც მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება), ასევე შპს „დ-ს“ დირექტორ გ. ტ–სის ნოტარიულად დამოწმებული დასტური, რომელშიც მითითებულია, რომ ა. დ–მ აანაზღაურა მიყენებული ზიანი და მას პრეტენზია არ აქვს (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების ნაწილი), რის საფუძველზეც მოთხოვნილია მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ა. დ–ს მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო და რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

6. დაზარალებულთა განცხადებებთან (მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიების არქონის თაობაზე) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გაითვალისწინება სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ შესაბამისად - საქმის არსებითი/ სააპელაციო/ საკასაციო წესით განხილვისას, ან/და mutadis mutandis „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისას, მაგრამ არ იძლევა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის უფლებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება N17აგ-23; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინება N217აგ-16; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება N57აგ-17).

7. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული - დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

8. სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნასთან (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი შეფასდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. დ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი) და ა. დ–ს განემარტა, რომ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, ა. დ–ს მიერ მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის გამო.

9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ა. დ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი არცერთი საფუძვლის არსებობა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ რომელიმე მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. დ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. დ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა. დ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე