Facebook Twitter

1635-1209(კ-05) 8 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 27 მაისს ვ. ს-ამ სარჩელი აღძრა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005წ. 15 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენა და სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:

ვ. ს-ა 1983 წლიდან მუშაობდა ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოში უფროს, ხოლო 1993 წლიდან მთავარ .........-ად, საიდანაც გათავისუფლდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 2005წ. 28 აპრილის ¹1 ბრძანებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:

ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოსარჩელე პერსონალურად არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 11 თებერვლის ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელზე აღნიშნული ვ. ს-ას ხელმოწერა, რადგან მითითებულ დოკუმენტზე ხელს აწერს სამმართველოს ყველა თანამშრომელი და იგი არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური გაფრთხილება. ამასთან, ვ. ს-ა თანამდებობაზე დანიშნული იყო ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიერ და მასვე უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

ვ. ს-ას გათავისუფლებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. აგრეთვე, არ იქნა გათვალისწინებული სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება. გარდა აღნიშნულისა, ვ. ს-ა მუშაობდა მთავარი ...... თანამდებობაზე, 2005წ. 28 აპრილის ¹1 ბრძანების თანახმად კი, გათავისუფლდა ......... თანამდებობიდან. ამასთან, ვ. ს-ა სამუშაოდან გათავისუფლდა 2005წ. 15 აპრილიდან, ხოლო 2005წ. 22 აპრილს ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ინტერესების დასაცავად წარგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში

მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართვის შესახებ.

ვ. ს-ას სარჩელი უსაფუძვლობისა და სამართლებრივად დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო მოპასუხემ _ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველომ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

«საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2005წ. 28 იანვრის ¹19 დადგენილების თანახმად, განხორციელდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია, რის გამოც ისინი ორმაგი დაქვემდებარებიდან გადავიდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნულის შესაბამისად, ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყველა თანამშრომელი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილებულ იქნა 2005წ. 11 თებერვალს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც თანამშრომლების მიერ დადასტურებულია ხელმოწერებით. ამდენად, მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან თანამშრომელთა გაფრთხილება მოხდა არა შრომის კანონთა კოდექსის, არამედ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც არ ითვალისწინებს მოხელის პერსონალურ გაფრთხილებას. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულის მიუხედავად, ვ. ს-ა გაფრთხილებულ იქნა პერსონალურად, რადგან გაფრთხილების ფურცელში კონკრეტულად არის მითითებული მისი სახელი, გვარი და ვ. ს-ა პირადად აწერს ხელს.

მოპასუხის მითითებით, ვ. ს-ა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, პროფკავშირის თანხმობა საჭიროა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში პროფკავშირები არ იყო.

მოპასუხის განმარტებით, ვ. ს-ას მიმართ დაცულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ 2005წ. 11 თებერვალს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ორი თვის შემდეგ, 2005წ. 15 აპრილს და ხელფასიც მოსარჩელეს მიღებული აქვს 2005წ. 15 აპრილამდე.

მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის _ 297 ლარის ანაზღაურების შესახებ, რადგან გათავისუფლებამდე სრულად აქვს მიღებული კუთვნილი თანხა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის განმარტებით, ვ. ს-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, მოპასუხის მოსაზრებით, ვ. ს-ას უნდა გაესაჩივრებინა მითითებული ბრძანება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ....... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა 2005წ. 15 აპრილიდან იძულებითი განაცდური, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ვ. ს-ა 1983 წლიდან მუშაობდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში. 2005წ. 11 თებერვალს ვ. ს-ა სხვა თანამშრომლებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 2005წ. 29 აპრილის ¹1 ბრძანებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამავე წლის 15 აპრილიდან ვ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელეს გაათავისუფლეს შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო, რის შესახებაც იგი გაფრთხილებული არ ყოფილა. ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მხოლოდ რაიონებში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების რეორგანიზაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათი გათავისუფლების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, არ შეიძლება ჩაითვალოს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ გაფრთხილებად, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელის გაფრთხილება კი არ შეიცავს ინფორმაციას არც ერთი მითითებული საფუძვლების შესახებ. ის გარემოება, რომ ¹1 ბრძანებით ვ. ს-თან ერთად იმავე საფუძვლით, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა ამავე სამმართველოს ყველა თანამშრომელი, ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე მის მიერ დაკავებული შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილა. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულებაში მოხდა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, ყველა შტატის შემცირება მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ვ. ს-ა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო გაფრთხილების ერთთვიანი ვადის გასვლიდან პირველივე დღეს, რაც დარღვეულია კონკრეტულ შემთხვევაში რადგან მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა გაფრთხილების დღიდან ორი თვის შემდეგ.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ვ. ს-ა კი გაფრთხილებული არ ყოფილა შტატების შემცირების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების შესაბამისად, სამმართველოში არსებული ექვსი საშტატო ერთეული გათვალისწინებული იყო მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგის ........-თვის. მითითებული დებულების მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარე, იურიდიული განათლების მქონე პირის ........ დანიშვნა არ ეწინააღმდეგება სამმართველოს მიზნებს. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება სოფლის მეურნეობის დარგის .........-ებით სამმართველოს დაკომპლექტების შესახებ სამინისტროდან ოფიციალური მითითების მიღების შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოთხოვნა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოსთან, რომლის სამართალმემკვიდრეც არის მოპასუხე. სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 28 აპრილის ¹2-115 ბრძანებით რაიონის ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ რაიონის სამმართველოს უფროსებს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ეს უკანასკნელი კი საქმეში მონაწილეობს მესამე პირის სტატუსით. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამმართველო წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის რაიონში.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე, 97-ე, 108-ე და 112-ე მუხლების საფუძველზე ვ. ს-ას სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველომ და მოითხოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ვ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

«საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2005წ. 28 იანვრის ¹19 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონის სამმართველოების რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ 2005წ. 11 თებერვალს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივად უსაფუძვლო, კერძოდ, არასწორია რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო გაფრთხილების ვადის გასვლის პირველსავე დღეს, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მუშაკს ეძლევა გაცდენილი დროის ხელფასი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია და მოსარჩელეს მიეცა ხელფასი 2005წ. 15 აპრილამდე, რომელიც უგულებელყოფილ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ.

აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და პირდაპირ სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. შესაბამისად, რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია ბრძანების კანონიერებაზე და მისი ბათილად გამოცხადების გარეშე აღადგინა მოსარჩელე სამუშაოზე, ამასთან, აღდგენა მოხდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ......... თანამდებობაზე, სადაც მოსარჩელეს არასოდეს უმუშავია.

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე არ იმსჯელა მოცემული საქმის განსჯადობაზე, რადგან «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა მინისტრის ბრძანებით, რის გამოც ბრძანება გასაჩივრებულ უნდა ყოფილიყო არა ტყიბულის რაიონულ, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხედ მიწვეული უნდა ყოფილიყო სოფლის მეურნეობის მინისტრი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევითა და უგულებელყოფით, რადგან ვ. ს-ას გათავისუფლება მოხდა კანონიერად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად და მას მიეცა საბოლოო ანგარიში.

რაიონულმა სასამართლომ უხეშად დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რადგან მითითებული ნორმიდან გამომდინარე, დავის საგანი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული აქტი, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50 ბრძანება, რომელიც არ გასაჩივრებულა და სასამართლომ ისე დააკმაყოფილა ვ. ს-ას სარჩელი და აღადგინა იგი სამუშაოზე, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაუუქმებია და იგი ძალაშია.

ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ ცნო ვ. ს-ამ და შესაგებლით მოითხოვა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და მასში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50 ბრძანების ბათილად ცნობა ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში შემდეგი მოტივით:

შესაგებლის ავტორის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან არ იქნა პერსონალურად გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ვ. ს-ა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან, რის გამოც სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა გაფრთხილებული ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 11 თებერვლის ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელს ხელს აწერს ყველა თანამშრომელი, რის გამოც იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პერსონალურ გაფრთხილებად.

შესაგებლის ავტორის მითითებით, იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან, შესაბამისად, გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო მის მიერ. ამავე მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოცემული საქმის განსჯადობის შესახებ და მიიჩნია, რომ საქმე განხილულ იქნა განსჯადი სასამართლოს მეირ, რადგან იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან და არა სოფლის მეურნეობის სამინსტროსთან. გარდა ამისა, ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 1996წ. 4 ოქტომბრის ¹8 ბრძანების თანახმად, ვ. ს-ა მუშაობდა ....... იურიდიულ საკითხებში, ხოლო 2005წ. 28 აპრილის ¹1 ბრძანებით გათავისუფლდა ....... თანამდებობიდან.

შესაგებლის ავტორმა ასევე არ გაიზიარა აპელანტ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რადგან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის გათავისუფლება დაუშვებელია, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, კონკრეტულ შემთხვევაში ვ. ს-თვის არანაირი თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, არასწორია აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, რადგან, მართალია, სარჩელში კონკრეტულად არ არის აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობაზე, მაგრამ ეს საკითხი დაყენებულ იქნა სასამართლოში და უნდა ასახულიყო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერაც და აღნიშნული არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერ საფუძველს.

შესაგებლის ავტორის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან ვ. ს-ას არ გაუსაჩივრებია მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50 ბრძანება და სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ ბრძანება არ გაუუქმებია და იგი ძალაშია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს მთავრობის 2005წ. 28 იანვრის ¹19 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რაიონული სამმართველოების რეორგანიზაცია, რის შესახებაც ყველა მოხელე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულია 2005წ. 11 თებერვალს. სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებით «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ყველა მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ახალი საშტატო განრიგის თანახმად, ტყიბულის სამმართველოს დაუმტკიცდა 6 საშტატო ერთეული, ნაცვლად 12 ერთეულისა. ამდენად, მოხდა 6 საშტატო ერთეულით შემცირდა. შესაბამისად, ვ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და მას მიეცა საბოლოო ანგარიში. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სამმართველოს მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლების უფლება ჰქონდა მხოლოდ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს და არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რის გამოც იგი არ იყო გაფრთხილებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 28 აპრილის ¹2-115 ბრძანებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების თანახმად, სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვ. ს-ამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი და იგი აღარ ითხოვს სამუშაოზე აღდგენას, მაგრამ ითხოვს 2005წ. 15 იანვრიდან 2005წ. 12 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის _ 2261 ლარის ანაზღაურებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც არ გასაჩივრებულა, ბრძანება არ გაუქმებულა და იგი ძალაშია, რის გამოც არ არსებობს განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველიც.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, მასში ცვლილების შეტანა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50-კ ბრძანების ბათილად ცნობა ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ვ. ს-ას სასარგებლოდ 2005წ. 15 აპრილიდან 2005წ. 11 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის _ 1584 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 594 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და გამოტანილ იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებების არასამართლებრივი შეფასების შედეგად.

სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებაზე და უგულებელყო ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 2005წ. 28 აპრილის ¹1 ბრძანება, რაზეც უნდა ემსჯელა, რადგან ვ. ს-ა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან და მხოლოდ ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება, შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კანონიერად იყო ვ. ს-ა გათავისუფლებული ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიერ და 2005წ. 28 აპრილის ¹1 ბრძანების გამოცემამდე დაცული იყო თუ არა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები და არა იმაზე, ბრძანება გამოსცა თუ არა იმ უწყებამ, რომელთანაც ვ. ს-ა არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ¹50-კ ბრძანებას იურიდიული ძალა არა აქვს.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ვ. ს-ას მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ, რადგან შესაგებელში გამოთქმული მოსაზრება აღნიშნულ მიზანს არ ისახავდა. კასატორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო ტყიბულის რაიონული სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, რომ სამუშაოზე აღდგენის გარეშე განაცდურის მოთხოვნა უსაფუძვლო იქნებოდა.

კასატორის განმარტებით, იგი ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში ფაქტობრივად მუშაობდა 2005წ. 30 აპრილამდე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მითითებული კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ორი თვის თანამდებობრივი სარგოს გარდა, მას ეკუთვნის 2005წ. 15 აპრილიდან 30 აპრილამდე ნამუშევარი დღეების ანაზღაურებაც, რაც არ ანაზღაურებია.

სააპელაციო სასამართლომ უარყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულება, რომლითაც სოფლის მეურნეობის სამმართველოების უფროსებს მიეცათ დელეგირების უფლება, ანუ სამმართველოებში დაენიშნათ და გაეთავისუფლებინათ რიგითი თანამშრომლები.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 22 თებერვლის განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ვ. ს-ას მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა შემდეგი მოტივით:

საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა»და «ბ» ქვეპუნქტების შესაბამისად, რადგან მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებისას შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 422 მუხლისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის დარღვევისას მუშაკი ექვემდებარება აღდგენას.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 10 აპრილის განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან კასატორის მიერ უზრუნველყოფილ იქნა პროცესუალური ვალდებულება _ მითითება წინაპირობებზე, რომლებიც საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, არ იმსჯელა და სათანადოდ არ შეაფასა კონკრეტული დავის არსი და შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნა თუ გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ბრძანებით, რაც წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის წარმოშობა-შეწყვეტის საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვ. ს-ა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50-კ ბრძანების «თ» პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების რეორგანიზაციის გამო. ვ. ს-ამ მიიჩნია რა უკანონოდ მისი სამუშაოდან გათავისუფლება, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, რაც მოიცავს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასაც, რადგან სამუშაოდან გათავისუფლება ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით და ის გარემოება, რამდენად მართლზომიერად მოხდა მოხელის გათავისუფლება და საფუძვლიანია თუ არა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ყოველთვის დაკავშირებულია გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებასთან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნაში მოიაზრება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაც, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების გზით, უნდა იმსჯელოს და სათანადოდ შეაფასოს რა წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს და შემდეგ უნდა იქნეს შემოწმებული, რამდენად საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა და არსებობს თუ არა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვ. ს-ამ საქმის სააპელაციო წარმოების დროს შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ლიკვიდაციის გამო და მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ მას დავის საგნის შემცირება არ მოუთხოვია, რადგან აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ იმ პირობებში, როდესაც შემცირებულად მიიჩნია დავის საგანი და უნდა ემსჯელა მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ფაქტობრივად გადაწყვეტილება ააგო იმაზე, იყო თუ არა უფლებამოსილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ვ. ს-ას გათავისუფლებაზე. უფრო მეტიც, შეაფასა ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005წ. 15 აპრილის ¹50-კ ბრძანება და იგი მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცემულად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილშიც. სასამართლომ არ მიუთითა შესაბამის ნორმაზე, რის საფუძველზე მივიდა ასეთ დასკვნამდე, რითაც დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.