Facebook Twitter

საქმე # 010142223701275322

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №24აგ-23 ქ. თბილისი

ჩ. ნ. 24აგ-23 12 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

ნ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით, ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ,

ნ. ჩ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და იგი ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

ნ. ჩ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

ნ. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმჟამად მოქმედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე

მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

ნ. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმჟამად მოქმედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

ნ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ, ნ. ჩ–ს მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით:

3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ნ. ჩ–ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა;

3.3. ნ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და იმ დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჩ–მა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვა ნ. ჩ–ს მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა. ადვოკატმა შუამდგომლობას დაურთო შპს ,,რ–ს“ 2023 წლის 30 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რომლითაც დგინდება ნ. ჩ–ს უდანაშაულობა. ასევე, დაცვისმხარე თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევდა, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. ჩ–ს ბრალეულობას, გარდა ა. ზ–ს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჩ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჩ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას არსებითი განხილვისათვის.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ი) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია შპს „რეალექსპერტის“ 2023 წლის 30 ივლისის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა საქმის მასალების საფუძველზე; მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჩ–ს შპს „რს“ ადმინისტრაციული დირექტორისადმი მიმართვის წერილით დგინდება, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად და დასკვნის შედგენისათვის დაცვის მხარემ გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები 6 ტომად, აგრეთვე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 28.10.2022 წლის N..........ცნობა 2004 წლის 15 - დან 22 ნოემბრამდე (ჩათვლით) დაბა კ–ში ცელსიუსით დაფიქსირებული ტემპერატურის და ნალექიანობის შესახებ.

5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ ნ. ჩ–სის ინტერესების დამცველ ადვოკატს თ. ჩ–ს შუამდგომლობაში არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ობიექტურად ცნობილი არ იყო საქმის განხილვის დროს (რომლის მოპოვებაც შეუძლებელი იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს) და რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

6. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მითითებას ინკვიზიციურ პროცესზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ჩ–ს სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდებოდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება ჰქონდათ წარედგინათ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიეღოთ მათ გამოკვლევაში, განეცხადებინათ შუამდგომლობა და აცილება, გამოეთქვათ საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე დაცვის მხარისათვის ხელმისაწვდომი იყო სისხლის სამართლის საქმის ის მასალები, რომლებიც 2023 წლის 30 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას დაედო საფუძვლად. შესაბამისად, თუ დაცვის მხარე არ იზიარებდა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას /მიიჩნევდა არასრულყოფილად/ ჰქონდა კითხვები, - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა შესაბამისი ალტერნატიული ექსპერტიზა (არ დასტურდება, რომ რაიმე საფუძვლით დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული შესაძლებლობა). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

7. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილ სტატიას, ადვოკატ ზ. ჯ-სთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ სტატიაში მითითებული ინფორმაციის შემხებლობა ნ. ჩ–ს სისხლის სამართლის საქმესთან არ დასტურდება და ამდენად, არარელევანტურია.

8. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული - დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ნ. ჩ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჩ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ჩ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჩ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ნ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჩ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე