Facebook Twitter

საქმე # 330100122005513909

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N1026აპ-23 ქ. თბილისი

ყ. ი. 1026 აპ-23 8 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ი. ყ–ს, - დაბადებულს 1..- წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2021 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 19:36 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის №-.. საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ვ. შ–ს და ი. ყ–ს შორის, ყოფით საკითხზე, ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რა დროსაც ვ. შ–მ საკანში არსებული ხის ტუმბოს კარის ნაჭერი თავში დაარტყა ი. ყ–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, საპასუხოდ ვ. შ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით:

3.1. ი. ყ–ი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ი. ყ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა და მოითხოვა ი. ყ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი ლაშა ამირანაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ი. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ი. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

6. სასამართლო ითვალისწინებს 2021 წლის 29 სექტემბრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, რომლითაც დასტურდება 2021 წლის 18 ივლისს საკანში მოთავსებულია ექვსი პატიმარი. მათ შორის არიან ვ. შ–ი, ი. ყ–ი და ზ. ფ. ჩანაწერის დროით 19:36:00 საათზე ვ. შ–ი ადის საკანში შესასვლელი კარებიდან მარცხნივ მდგარი საწოლის მეორე სართულზე, რომლის გვერდით ასევე დგას კარადა. კარადის ჭერზე დევს ხის ოთხკუთხა ფორმის ნაჭერი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა სახის ნივთი. ვ. შ–ი ჯერ საწოლზე გადმოალაგებს ნივთებს, შემდეგ კარადის სახურავიდან იღებს ზემოხსენებულ ხის ნაჭერს და 19:37:05 საათზე თავზე გადაატეხავს ი. ყ–ს, რომელიც ზის საწოლის მოპირდაპირედ მდგარ მაგიდასთან, პირისახით საწოლისკენ და რაღაცას წერს ქაღალდზე. ხის ნაჭერი ტყდება ორ ნაწილად. მეორე ნაწილს, რაც ვ. შ–ს ხელში შერჩება, კვლავ მოუქნევს ი. ყ–ს, რაც ამ უკანასკნელს ხვდება ხელებში. ამის შემდეგ ვ. შ–ი მიდის საკნის კართან, რა დროსაც მასთან სწრაფი ნაბიჯით მიდის ორი თანასაკნელი, რომლებიც მას რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ თუ არა არ ჩანს. 19:36:09 საათზე მასთან ასევე მიდის კიდევ ერთი თანასაკნელი ზ. ფ., რომელიც მარჯვენა ფეხს არტყამს ფეხების არეში. 19:36:10 საათზე კი ი. ყ–იც მარჯვენა ფეხს ურტყამს ფეხების არეში, რის შემდეგაც თავზე ისვამს ხელს. 19:36:47 საათზე იღება საკნის კარები და ვ. შ–ი გადის საკნიდან. გარდა აღნიშნულისა, ჩანაწერზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია დაფიქსირებული არ არის.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული ვიდეოჩანაწერით დგინდება მხოლოდ ი. ყ–ის მიერ ვ. შ–ისათვის ფეხის ჩარტყმის ფაქტი. თუმცა მითითებული ქმედებით ვ. შ–ის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი ობიექტურად ვერ დგინდება.

8. სასამართლო ითვალისწინებს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ზ. ფ.ს, დ. პ–ს და ნ. კ–ს გამოკითხვის ოქმებს. მოწმეებმა ზ. ფ–მ და დ. პ–მ მიუთითეს მხოლოდ ვ. შ–ის მიერ ი. ყ–ისათვის ხის ნაჭრის ჩარტყმის ფაქტზე. ხოლო ი. ყ–ის მიერ ვ. შ–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე საერთოდ არ მიუთითებიათ (იხ. ტ.1, ს.ფ. 32-35; 40-43); ნ. კ–მზ. ფ.სა და დ. პ–ს იდენტურად მიუთითა ვ. შ–ის მიერ ი. ყ–ისათვის ხის ნაჭრის ჩარტყმის ფაქტზე. ამასთან მოწმემ აღნიშნა, რომ ი. ყ–ს ფეხი ჩაარტყა ვ. შ–ს წელს ქვემოთ არეში (იხ. ტ.1, ს.ფ. 36-39). თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული მოწმის მიმართ გამოძიების ეტაპზე არ დასმულა კითხვა ი. ყ–ის მიერ ვ. შ–ისათვის ფეხის ჩარტყმის შემდეგ დაზარალებულის მდგომაროების შესახებ, უჩიოდა თუ არა რაიმე სახის ტკივილსა და დისკომფორტს, მითითებულ გარემოებასთან მიმართებით არაინფორმატიულია სამედიცინო ცნობაც (ცნობის თანახმად: 2021 წლის 18 ივლისს ვ. შ–ის გარეგანი დათვალიერებით გასინჯვისას დგინდება, რომ ქვედა ტუჩის არეში აქვს მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა. პაციენტის გადმოცემით დაზიანება მიიღო თანასაკნელთან დაპირისპირების გამო. სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 61)); მოწმის სახით არ დაკითხულან არც ის პირები (სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები), რომლებსაც შემთხვევიდან მალევე ჰქონდათ დაზარალებულთან შემხებლობა და შეეძლოთ შეეფასებინათ როგორც მისი ფიზიკური ასევე ემოციური მდგომარეობა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვ. შ–ს დაზიანება აღენიშნებოდა მხოლოდ ქვედა ტუჩის არეში (იხ. ტ.1, ს.ფ. 69-72), რასაც ბრალდების მხარე ი. ყ–ს არ ედავება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინება ვ. შ–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ასევე არ არის წარმოდგენილი 2023 წლის 27 თებერვლის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნით დგინდა, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2021 წლის 18 ივლისი) ვ. შ–ს აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა დეკომპენსაციის მდგომარეობა (კოდი F60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). დასკვნის გაცემის მომენტისთვისაც, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო მიეცა ჩვენება და მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში)), რომელზეც უთითებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე ბრალდების მხარე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში. ამასთან, მითითებული ექსპერტიზის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს შპს „ა–ს“ გენერალური დირექტორის გ. ბ–ს 2023 წლის 25 აპრილის წერილს (სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის, ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ არის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 78)), რომლითაც დგინდება ვ. შ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ბრალდების მხარის შუამდგომლობის (დაზარალებულ ვ. შ–ის 2021 წლის 20 ივლისისა და 2022 წლის 12 იანვრის გამოკითხვის ოქმების საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნების შესახებ) არდაკმაყოფილების თაობაზე. სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ მიუხედავად პირის შეურაცხადობისა, არ შეიძლება უგულებელყოფილი იქნეს მის მიერ ტკივილის აღქმის უნარი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენამდე.

10.1. მოცემულ შემთხვევაში კი (როგორც საქმის მასალებით დგინდება), 2023 წლის 27 თებერვლის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვ. შ–ს 2021 წლის 18 ივლისს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა), მაგრამ არაფერია ნათქვამი ფიზიკური ტკივილის აღქმის/შეგრძნების უნარზე. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს მოწმის ჩვენებას მხოლოდ თუ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლებები არ არის აბსოლუტური და ამ უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, გამართლებული იყოს არა მხოლოდ ქმედუუნაროდ აღიარებულ, არამედ ქმედუნარიან პირებთან მიმართებითაც, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და პასუხობდეს თანაზომიერების მოთხოვნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-145).

12. შეზღუდული შესაძლებლობა „შესაძლებელია იწვევდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობის მოდიფიცირებას ან ნაწილობრივ შეზღუდვას, მაგრამ ასეთი ზომები არ უნდა ლახავდეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის და სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლების არსს“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-146).

13. სასამართლო ითვალისწინებს რომ რიგ შემთხვევებში შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ქმედუუნარო) შეიძლება მოკლებული იყოს საკუთარი აზრის გადმოცემის შესაძლებლობას, მაგრამ პირის ინტელექტუალური (ქმედების მნიშვნელობის შეგნება) ან/და ნებელობითი (საკუთარი ქმედებების ხელმძღვანელობა) უნარის დაქვეითება უპირობოდ არ გულისხმობს მის უუნარობას გამოთქვას მოსაზრებები უშუალოდ მის მიერ განცდილ ტკივილთან ან უშუალოდ მასზე გარკვეული გარე ფიზიკური ზემოქმედების შედეგების შესახებ.

14. „სწორედ დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური თუ ქონებრივი ზიანი. ის საკუთარ თავზე განიცდის ამა თუ იმ დანაშაულის მავნე/უარყოფით შედეგებს - ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას, საკუთრებას, ღირსებას ... და სხვა. მაშასადამე, დაზარალებული მთელი სიმწვავით განიცდის კონკრეტული დანაშაულის შედეგად ფიზიკურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ სტრესს, განსაცდელს, ტკივილს ან/და მატერიალურ დანაკარგს. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ დარღვეული უფლებების (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების, საკუთრების და სხვა უფლებების) აღდგენის, დაცვის, ზიანის ანაზღაურების ინტერესი აქცევს დაზარალებულს სამართლიანი სასამართლოს უფლების სუბიექტად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8)

15. სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე Stanev v. Bulgaria განხორციელებულ შედარებით კვლევას (იხ. Stanev v. Bulgaria [GC], no. 36760/06, paras. 88-90, 243, ECtHR, 17/01/2012) და ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ „სასამართლოსთან პირდაპირი ხელმისაწვდომობის აბსოლუტური აკრძალვა არ შეესაბამება საერთო ტენდენციას ევროპულ დონეზე“ (Nikolyan v. Armenia, no.74438/14, par. 101, ECtHR, 3/10/2019)

16. სასამართლო mutadis mutandis ითვალისწინებს და ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის კონტექსტში, სასამართლო აღიარებს, რომ საქმეებში, რომლებიც ეხება ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ეროვნული სასამართლოები უნდა სარგებლობდნენ თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით - მაგალითად, მათ შეუძლიათ გაატარონ შესაბამისი პროცედურული ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელება, დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.“ (Nikolyan v. Armenia, no.74438/14, par. 89, ECtHR, 3/10/2019; იხ. Shtukaturov v. Russia, no. 44009/05, § 68, ECHR, 2008).

17. „შეიძლება არსებობდეს სიტუაციები, როდესაც ქმედუნარიანობას მოკლებულ პირს სრულიად არ შეუძლია თანმიმდევრული შეხედულების გამოხატვა. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ინდივიდი უნდა მოექცეს მეურვეობის ქვეშ, რადგან მას არ აქვს უნარი წარმართოს თავისი საქმეები, არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია გამოხატოს აზრი მის მდგომარეობაზე. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სასამართლო ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობა ჰქონდეს მოუსმინონ პირადად ან, საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობის რაიმე ფორმით. ფსიქიკურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი უფლების განხორციელების წესის შეზღუდვა ან შეცვლა, მაგრამ ის ვერ ამართლებს უფლების არსის შელახვას, გარდა უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევებისა, .... შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური პროცედურული გარანტიები იმ პირთა ინტერესების დასაცავად, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლიათ სრულად იმოქმედონ დამოუკიდებლად (იხ. D.D. v. Lithuania, no. 13469/06, par. 118, ECtHR, 14/02/2012).

18. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში“ (ანალოგიურად არის განმარტებული შეზღუდული შერაცხადობის მქონე პირის ცნება 2020 წლის 2 დეკემბრის გაერთიანებული ერების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის (შემდეგში - გაეროს კონვენცია) პირველი მუხლით, რომლის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში“).

19. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, „1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე“; მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვას მათ შორის ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს როგორც შესაბამისი პროცედურული მექანიზმების შექმნას, ისე ნებისმიერ გონივრულ მისადაგებას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სრულფასოვანი მონაწილეობა შეძლოს ყველა ტიპის ადმინისტრაციულ წარმოებაში, სანოტარო მოქმედებაში, აგრეთვე გამოძიების, სასამართლო განხილვის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ან/და აღსრულების პროცესში“.

20. გაეროს კონვენცია წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე (მე-4 მუხლის პირველი პუნქტი) და განახორციელონ „შესაბამისი ზომები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის“ (მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი); ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყონ „მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით“.

21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ევროპის კავშირის 2012/29/EU „დაზარალებულთა უფლებების მინიმალური სტანდარტების, მათი დახმარებისა და დაცვის შესახებ“ დირექტივის მე-10 მუხლით აღიარებულ დაზარალებულის უფლებას იყოს მოსმენილი სასამართლო განხილვისას; შესაბამისი დირექტივის იმპლემენტაციის სახელმძღვანელო დოკუმენტს (Ref. Ares(2013)3763804 - 19/12/2013), რომლის თანახმად, მე-10 მუხლის მიზანია, სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოს ყველა დაზარალებული ინფორმაციის, შეხედულების და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობით.

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1985 წლის 28 ივნისის No. R (85) 11 რეკომენდაციას „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ“, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის No. R (87) 18 რეკომენდაციას „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამარტივების შესახებ“;

23. საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლი დაზარალებულს სხვა უფლებებთან ერთად, მათ შორის ანიჭებს უფლებას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია.

24. სასამართლო ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას „აღჭურვოს დაზარალებული მისი ინტერესებისა და უფლებების დაცვის საკმარისი და ეფექტური ბერკეტებით, ასევე უნდა გაუქარწყლოს დაუცველობის განცდა, გამორიცხოს მისი შემდგომი ვიქტიმიზაცია და ამ გზით უზრუნველყოს მართლმსაჯულებისადმი მისი ნდობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

25. „დაზარალებულს, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეს დანაშაულის შედეგად დარღვეული უფლებების (ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების და სხვა) აღდგენის, დაცვის საკმარისი ბერკეტები. მეორე მხრივ, დაზარალებულს აქვს ინტერესი, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება, რაც, მათ შორის, მნიშვნელოვანია მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურებისთვის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, დაზარალებულის ინტერესია, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებასა თუ სასამართლო პროცესში იმ ფორმითა და დოზით, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).

26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება წარმოადგენს, ხოლო მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ფიზიკური ტკივილის მიყენება ფასდება ობიექტური ან/და სუბიექტური კრიტერიუმით. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ობიექტურად ვერ დგინდება გამოიწვია თუ არა ფიზიკურმა შეურაცხყოფამ (მოცემულ შემთხვევაში - ფეხის ჩარტყმამ) დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სასამართლოს მიერ დაზარალებულის პოზიციის გარკვევას.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებულ ვ. შ–ის 2021 წლის 20 ივლისისა და 2022 წლის 12 იანვრის გამოკითხვის ოქმების საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებაზე უარის თქმის შესახებ (შპს ა–ს გენერალური დირექტორის გ. ბ–ს 2023 წლის 25 აპრილის წერილის გათვალისწინებით).

28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ა–ს გენერალური დირექტორის გ. ბ–ს 2023 წლის 25 აპრილის წერილით დგინდება, რომ სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის, ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ არის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 78).

29. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული იქნა, რომ ამოწურული იყო სასამართლოს წინაშე დაზარალებულის წარმოდგენის შესაძლებლობა, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დასაშვები იყო მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა/გამოქვეყნება, რის გამოც საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, გამოექვეყნებინა კასატორის მიერ მითითებული გამოკითხვის ოქმები და მათში მითითებული ინფორმაცია უნდა შეეფასებინა მოგვიანებით, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 75-ე და 82-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 11 იანვარს ვ. შ–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 108-109).

31. შესაბამისად სასამართლოს უარმა მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებაზე, დაზარალებულ ვ. შ–ს მოუსპო საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „გაეროს კონვენციითა“ და ევროპის კავშირის 2012/29/EU „დაზარალებულთა უფლებების მინიმალური სტანდარტებით“ გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა - უფლება ყოფილიყო მოსმენილი სასამართლოს მიერ, და მიეწოდებინა სასამართლოსთვის ინფორმაცია (გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების გზით), მის მიმართ განხორციელებული ქმედებით მისთვის ფიზიკური ტკივილის განცდის/არ მიყენების საკითხზე.

32. სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).

33. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს სსსკ-ით, ასევე საქართველოს საკონსტიტუიო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს და საერთაშორისო აქტებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან დაზარალებულ ვ. შ–ის გამოკითხვის ოქმები მხარეების მიერ არ იქნა უდავოდ ცნობილი და არც არსებით სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, სასამართლო მოკლებულია აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის შეფასების შესაძლებლობას.

35. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

36. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება ი. ყ–ის ქმედებით დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს, არ დგინდება ი. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი