საქმე # 010140024900165020
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №11-24 ქ.თბილისი
ყ–. ზ. №11-24 20 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ყ–ს განცხადება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განაჩენის თანახმად:
1.1. ლ. ყ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
1.2. ლ. ყ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმდა და გირაოს სახით განსაზღვრული თანხის – 2000 ლარის – უზრუნველსაყოფად მოქალაქე ზ. ყ–ს (პირადი №........) საკუთრებაში არსებული, დაყადაღებული უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი, მდებარე გ–ს რაიონის სოფელ ქვ. ბ–ში, საკადასტრო კოდით – .......) გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიექცეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ყ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ლ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ლ. ყ–ი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 6 იანვრიდან), მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
2.2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში – საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2.3. განაჩენის თანახმად, ცნობად იქნა მიღებული, რომ ლ. ყ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია; გირაოს სახით განსაზღვრული თანხის – 2000 ლარის – უზრუნველსაყოფად მოქალაქე ზ. ყ–სის (პირადი №..........) საკუთრებაში არსებული, დაყადაღებული უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი, მდებარე გ–ს რაიონის სოფელ ქვ. ბ–ში, საკადასტრო კოდით – .......) გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილისა და 17 მაისის წერილების თანახმად, ზ. ყ–ს ეცნობა, რომ ლ. ყ–ს მიმართ დადგენილი განაჩენით, ზ. ყ–ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, მიექცა აღსასრულებლად. ამასთან, როდესაც სასამართლო გირაოს პირობების დარღვევის გამო, უძრავ ქონებას მიაქცევს აღსასრულებლად არ მსჯელობს ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნის საკითხზე და ყადაღის მოხსნა, სააღსრულებო პროცედურების დასრულების შემდეგ, წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 1 ივნისის წერილით დგინდება:
4.1. სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისს გაცემული N....... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ლ. ყ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია; გირაოს სახით განსაზღვრული თანხის – 2000 ლარის – უზრუნველსაყოფად მოქალაქე ზ. ყ–ს (პირადი №..........) საკუთრებაში არსებული, დაყადაღებული უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი, მდებარე გ–ს რაიონის სოფელ ქვ. ბ–ში, საკადასტრო კოდი – ........) გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიექცეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
4.2. სააღსრულებო ფურცელი აღსრულებულია, კერძოდ, ზ. ყ–ის მიერ სრულად გადახდილია სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2021 წლის 6 აპრილს. შესაბამისად, არ განხორციელდა უძრავი ქონების რეალიზაცია. იმავდროულად, თანხის გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია.
4.3. განცხადებაში მითითებული ყადაღა წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადებულ ყადაღას და შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ შეუძლია მისი გაუქმება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის წერილის თანახმად, ზ. ყ–ს ეცნობა, რომ: თუ მას მიაჩნია, რომ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებთ უნდა ემსჯელა და არ უმსჯელია საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მან უნდა მიმართოს საბოლოო განაჩენის დამდგენ (საქართველოს უზენაეს) სასამართლოს.
6. 2024 წლის 18 იანვარს ზ. ყ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმება.
7. საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილისა (თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 282-ე მუხლის (გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან; აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად) დანაწესებს და პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №274აპ-16 განაჩენში არ არსებობს ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის რაიმე საფუძველი და სადავო საკითხი გადაწყვეტილია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, იმავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების – განაჩენის – კანონიერება; საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება; 314-ე მუხლის საფუძველზე – სააპელაციო სასამართლოს განაჩენი; ასევე – სააპელაციო სასამართლოს განჩინება სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგ.: იხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კანონისმიერად არის მოკლებული განსახილველ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა/გაუქმების შესაძლებლობას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზ. ყ–ი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართავს ისეთი მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და რომელზე მსჯელობაც სცდება საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციას, სასამართლო მოკლებულია განცხადების განხილვის/დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
10.1. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სადავო საკითხის არსისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №274აპ-16 განაჩენში არ არსებობს ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის რაიმე საფუძველი და საკითხი გადაწყვეტილია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის წერილის (ზ. ყ–ს ეცნობა, რომ: თუ მას მიაჩნია, რომ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებთ უნდა ემსჯელა და არ უმსჯელია საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მან უნდა მიმართოს საბოლოო განაჩენის დამდგენ (საქართველოს უზენაეს) სასამართლოს) საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის სადავო საკითხით მომართვა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ყ–ს განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ყ–ს განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე