Facebook Twitter

საქმე N 180100123006843618

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1204აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი

ბ–ი ნ., №1204აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ნ–ს, ასევე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ბ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 19 ოქტომბერს, დღის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე მინდორში, შელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ბ–მა განზრახ, მ. ს–ს ესროლა ლითონის საგანი და მოარტყა თავის არეში, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ქალა-სარქველის მოტეხილობა, თავის ტვინის კეროვანი ტრამვა, ტრამვული სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა, ეპიდურული სისხლჩაქცევა და სკალპის ღია ჭრილობა, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით ნ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ბ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მ. ნ–მა, ასევე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნათია კიკალიამ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მესამედის პირობითად ჩათვლა, ხოლო ბრალდების მხარემ – უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ნ–სა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 27 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ნ. ბ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მ. ნ–მა, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, ასევე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის მესამედის პირობითად ჩათვლა.

3.3. 2023 წლის 3 ნოემბერს, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნათია კიკალიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორების, მსჯავრდებულ ნ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ნ–ს პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ნ. ბ–ს არ უცდია მიმალვა, ის ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციას, უამბო მომხდარის შესახებ, მონაწილეობა მიიღო ყველა იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რომლის განხორციელებაც სურდა გამოძიებას, უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე გამოვლენილა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, ვინაიდან, მართალია, ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ც. ბ–ს ცნობის დადგენილების დართვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო ირიბად მოექცა ბრალდების მხარის სტრატეგიის ქვეშ და მ. ს–ს მეუღლის უკანონოდ დაფიქსირებული პოზიციის გავლენით ნ. ბ–ს განუსაზღვრა უსამართლო და მკაცრი სასჯელი, რომელიც შურისძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე – სამართლიან და კანონიერ სასჯელს. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ. ბ–ს პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას.

4.2. კასატორის, პროკურორ ნათია კიკალიას პოზიციით, ნ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს კვლავ გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, დანიშნული სასჯელი ვერ აღადგენს სამართლიანობას და ვერ მოახდენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას დანიშნული სასჯელის შემცირებასთან და დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც სასამართლომ არ გაიზიარა მხარეთა პოზიციები და უცვლელად დატოვა ნ. ბ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შესაბამისი, მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთის მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა. ნ. ბ–ს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციით გამოყენებული სასჯელის ზომა კანონიერი და სამართლიანია.

5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ნ. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული დაზარალებულის უფლებამონაცვლეს არ შერიგებია და მას მის მიმართ გააჩნია პრეტენზია, მით უფრო, მაშინ, როდესაც დაზარალებულის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია და მსჯავრდებულს ბრალად დამდგარი შედეგი არ შერაცხვია. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.8. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ირიბად მოექცა ბრალდების მხარის სტრატეგიის ქვეშ და მ. ს–ს მეუღლის უკანონოდ დაფიქსირებული პოზიციის გავლენით ნ. ბ–ს განუსაზღვრა უსამართლო და მკაცრი სასჯელი. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. ბ–ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, ნ. ბ–ს კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის, ის გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და საქმეში გამოკვლეულ გარემოებათა გათვალისწინებით მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა. სააპელაციო სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს არ გაუთვალისწინებია მ. ს–ს მეუღლის პოზიცია და აღნიშნულზე რაიმე ფორმით, თუნდაც ირიბად, მითითებული არ არის გადაწყვეტილების დასაბუთებაში. ამდენად, დაცვის მხარის ამგვარი განმარტება წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

5.9. პალატას, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენებით ნ. ბ–სთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი არ არღვევს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით დანაშაულის ჩადენის შემდგომ ნ. ბ–ი არ გამოცხადებულა ბრალის აღიარებით, შესაბამისად, შეუძლებელია ამ მუხლზე აპელირება. ამასთან, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ნ–ს, ასევე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე