საქმე N 020142223701433082
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №36აგ-23 14 თებერვალი, 2024 წელი
გ–ე გ., 36აგ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით; გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი - მუქარა მობილური ტელეფონის მეშვეობით) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით.
1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა:
გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი - მუქარა მობილური ტელეფონის მეშვეობით) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
1.4. 2023 წლის 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. გ–მ და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, გ. გ–ს შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
1.6. მსჯავრდებულმა გ. გ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.
1.7. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რადგან, მისთვის საქმის არსებითად განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ საქარველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავდების საფუძველი იყო ხიშტი-დანა, რომელიც მას ჰქონდა სახლში შენახული, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მისი შენახვისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის დაწესებული. სისხლის სამართლის საქმეში კი, არასწორადაა მითითებული, რომ თითქოს ის ადმინისტარციული წესით დაკავებული იქნა ქუჩაში, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა დანა. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე საქმის არსებითი განხილვის დროს არ განუმარტავთ საქმის განმხილველ მოსამართლეებს.
1.8. კასატორს მიაჩნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საფუძველი გამოეცალა მისი საქარველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებას, რადგან ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტში მითებულია, რომ ცივი იარაღის ტარება უნდა იყოს ჩადენილი იმ პირის მიერ ვისაც შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ცივი იარაღის ტარება, ზემოხსენებული განჩინებით კი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მის მიმართ არსებული ადმინისტარციული საქმის წარმოება შეწყდა.
1.9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დარეგისტრირებულია მსჯავრდებულ გ. გ–ეის რამოდენიმე იდენტური შინაარსის განცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.
2.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომელიმე ახალი გარემოების არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა განაჩენის გადასინჯვას.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
2.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთდროულად არსებობასთან. კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ უნდა იყოს ცნობილი და, ამავდროულად, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის დროს, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია დაუსაბუთოს სასამართლოს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი და ამასთან, გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო მისთვის ცნობილი.
2.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მსჯვარდებულის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის ახალი. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ გ. გ–ს 2020 წლის 18 ივნისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, 2020 წლის 24 ივნისის ამოღების ოქმი, 2020 წლის 1 ივლისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა იმთავითვე განთავსებული იყო გ. გ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში, რაც საქმის განხილვისას პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაფასეს და გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისი მსჯავრდების საფუძველი იყო მისი ადმინისტარიულსამართალმდამრღვევად ცნობა - არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ–ს ბრალი წარედგინა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას მის მიერ წარდგენილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, რაც დაშვებული იქნა მტკიცებულებად და განაჩენში მიეცა შესაბამისი შეფასება. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
2.9. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ დანა, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას ამოღებულია მისი სახლიდან და არა მისი პირადი ჩხრეკის დროს და განმარტავს, რომ გ. გ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში განათავსებულ 2020 წლის 1 ივლისის N... ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ,,პაკეტებისათვის N.... პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და მასში აღმოჩნდა საკეცი დანა. დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. 2020 წლის 24 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, კი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. მ–საგან ამოღებული იქნა გ. გ–ს პირადი გასინჯვის დროს ამოღებული გასაშლელი დანა, რაც იყო დალუქული N..... ლუქით, რაც არ უნდა იქნეს გაიგივებული 2020 წლის 23 ივნისს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ მოყავისფროტარიან დანასთან.
2.10. სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული წინასასამართლო სხდომის ოქმის გაცნობით კი დგინდება, რომ მოსამართლემ გ. გ–ს სრულად განუმარტა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ამ ბრალდებებით გათვალისწინებული სასჯელის ზომა. რა დროსაც ბრალდებულმა დაადასტურა, რომ იგი სრულად იცნობდა მისთვის წარდგენილ ბრალს. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ მისთვის არ იყო ცნობილი წარდგენილი ბრალდების არსი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
2.11. საკასაციო სასამართლოს აზრით, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე