Facebook Twitter

საქმე N 190100123007133468

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1358აპ-23 21 თებერვალი, 2024 წელი

დ–ი თ., №1358აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. დ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 19 მარტს, დაახლოებით 21:15 საათზე, თ. დ–ი მივიდა ქ. გ–ში, .........ის ქ. ...-ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ სახლთან, ფეხებს ურტყამდა კარს და მოითხოვდა სახლში შეშვებას, ასევე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა. ბ–ს და გერებს: მ. ბ–ს და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ. ბ–სას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებით, თ. დ–იმა დაარღვია 2023 წლის 19 მარტს, 19:35 საათზე გამოცემული N...........; 2023 წლის 19 მარტს, 20:00 საათზე გამოცემული N.......... და 2023 წლის 19 მარტს, 20:30 საათზე გამოცემული N.......... შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლის თანახმად, მას სხვა ვალდებულებებთან ერთად აეკრძალა მსხვერპლებთან: ა. ბ–სთან, მ. ბ–სთან დ მ. ბ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.

2023 წლის 19 მარტს, დაახლოებით 21:15 საათზე, თ. დ–ი მივიდა ქ. გ–ში, .........ს ქ. N..-ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ სახლთან, ფეხებს ურტყამდა კარს და მოითხოვდა, სახლში შეშვებას, ასევე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა. ბ–ს და გერებს: მ. ბ–ს და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ. ბ–ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, აღნიშნულ პირებს უთხრა, თუ კარს არ გაუღებდნენ, სამივეს დახოცავდა. ზემოაღნიშნული მუქარა ა. ბ–მ, მ. ბ–მ და მ. ბ–მ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

სასამართლომ დაადგინა, რომ თ. დ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 19 მარტს თ. დ–ს მიმართ გამოიცა N......, N........ და N........ შემაკავებელი ორდერები, რომელთა თანახმად, თ. დ–ის აეკრძალა მსხვერპლებთან: ა. ბ–სთან, მ. ბ–სა და მ. ბ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლები ცხოვრობენ. შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული აკრძალვების ცოდნის მიუხედავად, 2023 წლის 19 მარტს, დაახლოებით 21:15 საათზე თ. დ–ი მივიდა ქ. გ–ში, ..........ის ქ. N........მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც ფეხებს ურტყამდა საცხოვრებელი სახლის კარს და მოითხოვდა სახლში შეშვებას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით თ. დ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

თ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1070 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. დ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 7 ნოემბერს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. დ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. დ–ს ნაწილობრივ გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია თ. დ–ს სრულად დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულებმა სრულად აღწერეს 2023 წლის 19 მარტს განვითარებული მოვლენები, რაც საკმარისია ყველა ეპიზოდში გამამტყუნებლი განაჩენის დასადგენად. კასატორი მისი პოზიციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №809აპ-19 განჩინებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19)“.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. დ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა – ა. ბ–მ ჩვენებაში განმარტა, რომ წელიწადნახევარზე მეტია, თ. დ–თან იმყოფება არარეგისტირებულ ქორწინებაში. 2023 წლის 19 მარტს, მათ შორის მოხდა უთანხმოება რაც ჩხუბში გადაიზარდა. რის შემდეგ თ–მა აიღო თეფში და ისროლა. იქვე დივანზე მისი ახალშობილი შვილიშვილი იწვა. თეფშის გასროლის შემდეგ მოწმე გაიქცა, მაგრამ თ–მა მაგიდაც გადმოატრიალა. ამ დროს მისი ქალიშვილი სახლში არ იყო, როგორც შემდეგ გაიგო, თურმე პოლიციაში წასულა. დაზარალებულის განმარტებით, ის და თავისი შვილები იყვნენ პოლიციაში, სადაც გამოკითხეს და უთხრეს, რომ თ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ასევე, თ–ც დაიბარეს პოლიციაში და გააფრთხილეს, რომ მათთან მისვლა ეკრძალებოდა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ისევ მივიდა მათთან სახლში და დაიწყო ყვირილი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ, იგინებოდა და ილანძღებოდა. ითხოვდა მისი სახლის გასაღებს, რომელიც ჩხუბის დროს საწოლის ქვეშ ჩავარდნილიყო და ვერ ვერ პოულობდნენ. აღნიშნულის გამო, თ–მა წიხლით დაამტვრია კარი და სახლში შევიდა. მათ არ სურდათ კონფლიქტი და შეეშინდათ. ხმაურზე მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თ–ი წაიყვანეს.

5.4. ანალოგიური ჩვენებები მისცეს დაზარალებულებმა – მ. ბ–მ და არასრულწლოვანმა – მ. ბ–მ. სასამართლო სხდომაზე არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია თ. დ–ს მიერ მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ დაზარალებულებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში თავისუფალ გარემოში, თანმიმდევრულად აღწერეს 2023 წლის 19 მარტს მათ საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც არ დაადასტურეს თ. დ–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც დაზარალებული იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას – არ აძლევს ჩვენებას ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ და მოცემულობა, როდესაც დაზარალებული იკითხება სასამართლო სხდომაზე. პირველ შემთხვევაში, მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, ხოლო მეორე შემთხვევაში, სახეზეა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ ფიცის ქვეშ გაკეთებული განმარტებები. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობისა არ მიეცათ ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, დაზარალებულებმა სასამართლოს მიაწოდეს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ინფორმაცია და ამხილეს თ. დ–ი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში, თუმცა არ დაადასტურეს მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. ამასთან, არ გამოვლენილა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე წინაპირობა.

5.6. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის, ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში კი ბარლდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადატურებდა თ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე