Facebook Twitter

საქმე N 330100123006755471

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1245აპ-23 7 თებერვალი 2024 წელი

კ–ა მ., №1245აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. კ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2022 წლის 10 დეკემბერს, საღამოს საათებში, მ. კ–მ უკანონოდ შეაღწია თ–ში, ........... კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ი. დ–ს და ზ. ჩ–ას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. დ–ს და ზ. ჩ–ს კუთვნილ სხვადასხვა დასახელების სამკაულებს, საოჯახო ნივთებსა და ტექნიკას. აღნიშნულმა ქმედებამ 3300 ლარის ზიანი გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. კ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, მ. კ–ა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კაპანაძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. კ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 2 ნოემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კაპანაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, მ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. კ–ამ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მ. კ–ას მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარე ამგვარ მტკიცებულებებად მიიჩნევს ინსპექტორ-გამომძიებლების, დაზარალებულებისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს. კერძოდ, მ. კ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ი. დ–ს ბინიდან მოპარული ნივთები, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა. ნივთის ამოცნობის ოქმით კი დასტურდება, რომ მ. კ–ს ბინიდან ამოღებული ნივთები ამოიცნო დაზარალებულმა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში არის მ. კ–ს სუნის ნიმუშის იდენტური. შესაბამისად, ბრალდების მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. კ–მ ჩაიდინა მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად, რომ მ. კ–მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

5.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მ. კ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულების – ი. დ–ს და ზ. ჩ–ს, მოწმე-პოლიციელების და მ. ჩ–სს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი აღწერს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და არ მიუთითებს აღნიშნული დანაშაულის მ. კ–ს მიერ ჩადენაზე. ზემოხსენებული ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52).

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის მოწმეებმა - ს. კ–მ და ნ. გ–მ არ დაადასტურეს მათი თანდასწრებით ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთების ამოღების სინამდვილე და ეჭვქვეშ დააყენეს ზემოხსენებულ ოქმში მითითებული გარემოებები, ხოლო დაცვის მხარის მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ვერ იქნება მ. კ–ს ბრალის დამადატურებელ მტკიცებულებად მიჩნეული, ვინაიდან, ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

5.7. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მსჯელობას ნივთის ამოცნობის ოქმებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, 2022 წლის 12 დეკემბერს, დაზარალებულ ი. დ–ს მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოცნობილი იქნა სამაჯურიანი საათი და ვერცხლისფერი სანთებელა, თუმცა აღნიშნული ამოცნობის ოქმები ვერ იქნება გაზიარებული, როგორც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება, დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს და რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გამომძიებელმა სამაჯურიანი საათის და ვერცხლისფერი სანთებელას სურათები ანახა ამოცნობის მიზნით, ხოლო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მას მონაწილეობა არ მიუღია, მან ფოტოსურათის წარდგენის შემდეგ ამოიცნო აღნიშნული ნივთები. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება განაჩენს.

5.8. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წამოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელითაც დადგინდა, რომ თ–ში, .......ს ...... კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ი. დ–ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია .......... წელს დაბადებულ მ. ს–ს ძე კ–სგან აღებული სუნის ნიმუშის. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. კ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც გამყარებული არ არის არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, ხსენებული მტკიცებულების რაობისა და მისი მოპოვების წესის გათვალისწინებით - არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე