საქმე N 080100122006424313
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1318აპ.-23 26 თებერვალი, 2024 წელი
კ–ე ზ. №1318აპ.-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. კ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, წ–ს რაიონის სოფელ ფ–ში, ზ. კ–მ გამოძალვის მიზნით, ძალადობის გამოყენების მუქარით 1000 ლარის გადაცემა მოსთხოვა ბაბუას - ზ. კ–ს. ამ უკანაკნელისაგან უარის მიღებით განაწყენებულმა ზ. კ–მ ფეხის დარტყმით დააზიანა ბაბუის – ზ. კ–ს კუთვნილი ავტომანქანის სარკე, ხოლო შემდეგ ბასრი საგნის დემონსტრირებითა და ძალადობის გამოყენების მუქარით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით, ზ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 2 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით), ზ. კ–ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ და მოითხოვა ზ. კ–სთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა ზ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ლ. ო–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, ზ. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზ. კ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ო–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი ზ. კ–ს მიმართ.
ზ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
3.2. 2023 წლის 20 ნოემბერს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გივი გოცაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გამართლებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ო–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. კ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ზ. კ–ს ქმედება. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ გამართლებულის მიერ მისთვის ბარალადწარდგენილი ქმედების ჩადენას. კერძოდ: ს. ლ–ს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს დანაშაულის ფაქტს. მართალია, დაზარალებულმა ზ. კ–მ და მოწმე თ. კ–მ არ მისცეს შვილიშილის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება, თუმცა ეს არ უნდა გამხდარიყო საგამოძიებო ექსპერიმენტის გაუზარებლობის საფუძველი. მითუფრო, რომ გამოკითხვის დროს მათ ამხილეს შვილიშვილი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. კ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ზ. კ–მ (ბაბუა) და მოწმე თ. კ–მ (ბებია) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მათ სასამართლოში არ დაადასტურეს. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს ზ. კ–ს მხრიდან მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იგი წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულ ზ. კ–ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის გამეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირმა უარი განაცხადა. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა ვითარების აღდგენა ან საქმისათვის არსებითი გარემოებების დადგენა, მათ შორის წვეტიანი საგნის მოძიება, ხოლო როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამგვარ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმის - ს. ლ–ს გამოკითხვის ოქმით დგინება, რომ იგი მუშაობს შსს წ–ს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2022 წლის 2 ოქტომბერს, წ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მცხოვრები ზ. კ–ეის განცხადების საფუძველზე, შსს წ–ს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გაგა გიორგაძესთან და გამომძიებელ ი. ა–სთან ერთად მივიდა ზ. კ–ს საცხოვრებელ მისამართზე, წ–ს რაიონის სოფელ ფ–ში,..-ე ქუჩის №..-ში. ზ. კ–ე იმყოფებოდა შინ. მან განუცხადა, რომ 2022 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათისთვის, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თავისი შვილიშვილი - ზ. კ–ე, წვეტიანი საგნის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების - ავტომანქანის დაზიანებით, რომლის კარების უკანა ხედვის მინა დაუზიანა კიდეც და თუ ფულს არ მისცემდა მოკლავდა. მისივე განმარტებით, მას ეშინოდა შვილიშვილის, რომ მუქარა არ აესრულებინა, არ მოეკლა ის და არ დაეზიანებინა ავტომანქანა, ამიტომ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. აღნიშნული ჩვენება ირიბია, რადგან ის გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ხსენებული ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე