საქმე N 330100122005402286
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1182აპ-23 5 თებერვალი, 2024 წელი
ა–ი დ., №1182აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 21 მარტს, დაახლოებით 07:50 საათზე, ქ. თ–ში, .........ის სახელობის ხიდზე, დ. ა–მა, რომელიც მართავდა „სუბარუს“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილების მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა მის წინ თანმხვედრად მიმავალ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა დ. მ–ე. შეჯახების შემდეგ ავტომობილი „სუბარუ“ მოცურდა, ინერციით გადაადგილდა წინ და მარჯვნივ და შეეჯახა ველოსიპედით მოძრავ ა. გ–ს. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა. გ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განაჩენით დ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, მარინე ლომიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ა–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 23 ოქტომბერს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ა–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დ. ა–სთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით ვერ განმსჭვალავს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დ. ა–ს არ აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რასაც არ ეთანხმება ბრალდების მხარე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის N887აპ-20 განაჩენის თანახმად: „სამართლიანობის აღდგენა სხვა არაფერია, თუ არა დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება მსჯავრდებულისათვის ადეკვატური, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით, განსაკუთრებით ისეთი კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და სასამართლოს, დარღვეული უფლების ხარისხის მხედველობაში მიღებით, კიდევ უფრო მეტად მართებს გულდასმით მოეკიდოს თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს და თავი შეიკავოს არაგონივრული ლმობიერებისაგან“. კასატორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არაა სიცოცხლის მოსპობა, დაზარალებულს ჯანმრთელობა სიცოცხლის ბოლომდე შეერყა და შეეზღუდა მუშაობის უნარი, ამასთან დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის. შესაბამისად, მას ბრალად წარდგენილი სანქციის ფარგლებში უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ამასთან, მაქსიმალური ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ა–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (დ. ა–მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით. მოცემულ შემთხვევაში დ. ა–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოებები და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთის მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორეს მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა. დ. ა–ის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელის ზომა, ისევე, როგორც მისი მოხდის წესი (ჩათვლილია პირობით) კანონიერი და სამართლიანია.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დ. ა–სთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, მით უფრო, იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა და ვერც სასჯელის გამკაცრებას დაედება საფუძვლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის N449აპ-22 განაჩენი და 2022 წლის 3 ივნისის N388აპ-22 განჩინება). საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე