Facebook Twitter

საქმე N 330141213008641527

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №21-24 12 თებერვალი, 2024 წელი

მ–ა ზ., N21-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორ - გოჩა ქორაიას,

ადვოკატ - ნ. ს–ს

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენის სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, ძებნილი (ნასამართლობის არმქონე) ზ. მ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.

2. 2013 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მაკა გაგიევმა, რომელმაც მოითხოვა ზ. მ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება. ამასთან, შუამდგომლობაზე დართული იყო დაზარალებულ მ. ქ–ს განცხადება, რომლითაც იგი წინააღმდეგი იყო ზ. მ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, კერძოდ: ძებნილ მსჯავრდებულ ზ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. 2024 წლის 30 იანვარს, მსჯავრდებულმა ზ. მ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნ. ს–მ, საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმება. ძებნილი მსჯავრდებულის – ზ. მ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. საჩივარს ერთვის ადვოკატსა და მსჯავრდებულს შორის არსებული მიმოწერა, რომლის თანახმადაც, ზ. მ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე ჩაიბარა 2024 წლის 29 იანვარს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საჩივარზე, ასევე დართულია დაზარალებულ მ. ქ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა აუნაზღაურა ზიანი, რის გამოც არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა ზ. მ–ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, მათ შორის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

5. საჩივარი და მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 6 თებერვალს, რაც ეცნობა ბრალდების მხარეს და დაზარალებულ მ. ქ–ს.

6. სასამართლო სხდომაზე ძებნილი მსჯავრდებულის ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნ. ს–მ, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ადვოკატის პოზიციით დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, რაც დადასტურებულია 2023 წლის 29 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, ასევე დაზარალებული მ. ქ–სი თანახმაა, მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე და მას ზ. მ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რის გამოც ზ. მ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი და ძებნილი მსჯავრდებული ზ. მ–ს სრულად უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან. მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დამატებით განმარტა, რომ მან ზ. მ–ს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2024 წლის 29 იანვარს გაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, რომლის შესახებაც ზ. მ–სსთვის ცნობილი არ იყო. აღნიშნულის შემდეგ მან მსჯავრდებულის მითითებით შეიტანა საჩივარი.

7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გოჩა ქორაიამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და განმარტა, რომ ესაუბრა დაზარალებულს, რომელმაც დაუდასტურა განცხადებაში მითითებული გარემოებები. პროკურორი დაეთანხმა ზ. მ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებას. მანვე დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე ასევე თანახმაა ზ. მ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, თუ მის მიმართ დანიშნული ჯარიმა არ არის აღსრულებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. ადვოკატის საჩივარზე დართული დოკუმენტაციით, მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის არსებული მიმოწერით დადასტურებულია, რომ ზ. მ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება ჩაიბარა 2024 წლის 29 იანვარს, ხოლო ადვოკატმა საჩივარი წარმოადგინა 2024 წლის 30 იანვარს.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

4. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაცულია განჩინების გასაჩივრების ვადა და ამჟამად, დაზარალებულ მ. ქ–სს არ გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, ზ. მ–მ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზიანი და დაზარალებული თანახმაა გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები (დადასტურებულია დაზარალებულ მ. ქ–ს 2023 წლის 29 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით), ზ. მ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი და ძებნილი მსჯავრდებული ზ. მ–ს უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.

5. რაც შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას – 3500 ლარს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება არ ვრცელდებოდა ჯარიმის სახით დანიშნულ სასჯელზე, რისი გათვალისწინებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება აღნიშნულ ჯარიმაზე არ გავცელდა.

6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარე საჩივრით ითხოვდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გავრცელებას და მისი მოთხოვნა არ მოიცავდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებას, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილების თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებით იკვეთება ზ. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, მასზე ასევე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის N291-22 განჩინება), იმის გათვალისწინებით, რომ კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილება).

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

8. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საქმის წარმოების მასალებიდან და საერთო სასამართლოების არქივიდან გამოთხოვილი N1/3069-10 სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, კერძოდ, 2011 წლის 14 დეკემბერს და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, რის გამოც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზ. მ–ს უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3500 ლარის ოდენობით, ჯარიმის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ, ნ. ს–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ზ. მ–ს გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დანიშნული ძირითადი სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ზ. მ–ს გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დანიშნული დამატებითი სასჯელის - 3500 ლარი ჯარიმის მოხდისგან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე