საქმე N 160100122006648222
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1243აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი
მ–ი რ., №1243აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე რ. მ–ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ტელეფონში მისი მიმოწერის ნახვაზე გაბრაზებულმა რ. მ–მა მუშტები დაარტყა თავის არეში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ა. მ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით, რ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. მ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა რ. მ–ს ბრალეულობა. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომელიც ვითარების აღდგენის მიზნითაა ჩატარებული), 2022 წლის 2 დეკემბრის ა. მ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმი, ასევე მხარეთა მიერ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები: შემაკავებელი ორდერი და უდავოდ ცნობილი მოწმე ი. მ-ს გამოკითხვის ოქმი ადასტურებს რ. მ–მის მიერ ა. მ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთან, კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N801აპ-19 და N766აპ-19 განჩინებებზე, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიუხედავად, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ რ. მ–ს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ა. მ–ს მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ რ. მ–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ა. მ–ს მიმართ 2022 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ა. მ–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა რ. მ–ს მიერ ა. მ–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, წარმოდგენილი არ არის.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმის – ი. მ–ს გამოკითხვის ოქმზე (უდავო მტკიცებულება) და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმე რ. მ–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს თავად დაზარალებულ ა. მ–ს მონათხრობიდან. ზემოაღნიშნული მოწმე არ არის ბრალად წარდგენილი ფაქტის უშუალო თვითმხილველი. შესაბამისად, მისი გამოკითხვის ოქმი ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება რ. მ–ს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ა. მ–ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.9. აღსანიშნავია, რომ ა. მ–ასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისი განმარტებით, რ. მ–მა იძალადა მასზე. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებით მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერშიც მითითებული ინფორმაცია ეყრდნობა ა. მ–ას მონათხრობს. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ა. მ–ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა გამართლებულის მონაწილეობას განხილულ დანაშაულში. ცალკე აღებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №766აპ-19 და №801აპ-19 გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ. მ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე