საქმე N 190100122005548496
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1218აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი
ო–ი თ., №1218აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ო–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 18:20 საათზე, გ–ს რაიონი სოფელ ვ–ში მდებარე ო. ო–ს საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, ვინაიდან თ. ო–ი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ო. ო–ს თხოვნით, მათთან სახლში სტუმრად მივიდა ს. ო–აა (ო. ო–ს შვილი), თ. ო–მა, მამას, ო. ო–ს, მარჯვენა მუშტი დაარტყა გულ-მკერდის არეში, რა დროსაც ო. ო–ი დაეცა ძირს. თ. ო–ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით, ო. ო–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ო–იის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით, თ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ. ო–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა, ასევე მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. ო–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ. ო–ს ბრალეულობა. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: გამართლებულის დის – ს. ო–ს გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ. ო–ს მიერ მამის – ო. ო–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ბრალდების მხარემ ს. ო–ს გამოკითხვის ოქმი გამოაქვეყნა პროცესზე, სადაც აშკარად იკვეთება როგორც ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტი, ასევე, ზოგადად ძალადობის მოტივიც. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. ო–ს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტი. ამასთან, კასატორი პოზიციის დასასაბუთებლად საკასაციო საჩივარში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის N809აპ-19 განჩინებაზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ს. ო–აას გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. ო–ს მიერ მამის, ო. ო–ს, მიმართ 2022 წლის 7 თებერვალს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ო. ო–მა, ასევე მოწმემ ტ. ო–მ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის, შვილის წინააღმდეგ.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს. ო–ს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული, ადასტურებს თ. ო–ს მიერ ო. ო–ზე მუშტის დარტყმის ფაქტს, თუმცა აღნიშნული გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ძალადობის შედეგად ო. ო–ს მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის თაობაზე, ამასთან გამოკითხვის ოქმი ფიზიკური ძალადობის დადასტურების თვალსაზრისით არის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად.
5.6. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში თ. ო–ს მიერ მამაზე ო. ო–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დადასტურების პირობებშიც კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ძალადობის შედეგად ო. ო–ს მიერ ტკივილის განცდის ფაქტი, მოწმის გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც სუბიექტური ან ობიექტური ტესტით შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო, რომ ო. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.
5.7. ცალკე აღებული, შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია კი, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს განცდილი ფიზიკური ტკივილის და, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე, რომელზეც პროკურორი სახელდებით არ უთითებს საკასაციო საჩივარში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სადავოდ არ მიუჩნევიათ, თ. ო–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არაინფორმაციულია, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.9. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მიერ, საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის N809აპ-19 განჩინების მოტივაციას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებშიც, საქმეში დადგენილი ობიექტური გარემოებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით სასამართლომ უნდა დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე და რომ აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით (იხ.: საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის N809აპ-19 განჩინება). აღნიშნული გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენზე პროკურორის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
5.10. მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ. ო–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა თ. ო–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე