საქმე N 330802224008696707
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№5I-24 29 თებერვალი, 2024 წელი
ტ–ი ვ., 5I-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. (V.) ტ–ს (T–i) ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ვ–ს და კ. ა–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ტ–ს მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2022 წლის 21 ოქტომბერს ყ–ს რესპუბლიკის ს–ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ვ. ტ–ი ცნობილი იქნა ეჭვმიტანილად ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის ანუ სხვა პირის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.2. 2022 წლის 28 ოქტომბერს ყ–ს რესპუბლიკის ს–ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით გამოცხადდა ვ. ტ–ს ძებნა.
1.3. 2022 წლის 31 ოქტომბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ტემირტაუს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვ. ტ–სის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.
1.4. 2022 წლის 24 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ტემირტაუს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოცხადდა ვ. ტ–სის საერთაშორისო ძებნა.
1.5. 2022 წლის 1 დეკემბერს გამოცხადდა ვ. ტ–სის ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ვ. ტ–სის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2023 წლის 18 ოქტომბერს ვ. ტ–სი ექსტრადიციის მიზნით, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
2.2. 2023 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ვ. ტ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2.3. 2023 წლის 10 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ვ. ტ–სის ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.4. 2024 წლის 16 იანვარს ვ. ტ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვის ვადით.
2.5. ამჟამად ვ. ტ–სი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.6. 2024 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ვ. ტ–ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის სტაროგოროდის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის 2022 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 99-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის ანუ სხვა პირის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა).
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. ტ–ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომელიც აღწერილია ყ–ს რესპუბლიკის ს–ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის 2022 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 99-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის ანუ სხვა პირის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა).
2.8. 2023 წლის 20 თებერვალს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ვ–მა და კ. ა–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება.
3. კასატორების პოზიცია:
3.1. კასატორების პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის 25-ე და 29-ე მუხლები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ. ტ–ს მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი და საკითხს დღეის მდგომარეობით იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ასევე დაცვის მხარის მიერ სრულად იქნა დასაბუთებული ის რისკები, რასაც შეიძლება დაექვემდებაროს ვ. ტ–ი მისი ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში. ყაზახეთის ციხეებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გარანტია იმისა, რომ ვ. ტ–სის მიმართ საპატიმრო დაწესებულებებში არ განხორციელედება წამება და არაადამიანური მოპყრობა. დაცვის მხარე პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ვ. ტ–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული ყაზახეთის რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ვ. ტ–სის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ყაზახეთის რესპუბლიკის ტემირტაუს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი ვ. ტ–ი 2023 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვ. ტ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ვ. ტ–ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ვ. ტ–ს მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივ ქმედებას, რომელის ჩადენისთვისაც მოითხოვება ვ. ტ–სის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, ვ. ტ–მა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა 2022 წლის 26 აგვისტოს, ხოლო 2022 წლის 21 ოქტომბერს ყაზახეთის რესპუბლიკის სტაროგოროდის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ასევე, ყაზახეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადა. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ვ. ტ–ი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შესახებ. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ყაზახეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა წამების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფაკულტატური ოქმი და ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო კომისია, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის ყაზახეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
14. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ყაზახეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ვ. ტ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე ( Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
17. წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით, ვ. ტ–ს სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, სასამართლო წარმოების დასრულებამდე ვ. ტ–ი თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და მას აქვს საქართველოში კანონიერი ყოფნის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავშესაფრის ძიება არ არის ექსტრადიციის დასაშვებობის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, ვ. ტ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკაში ვ. ტ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია და დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე მოიცავდა მხოლოდ ზოგად განმარტებებს ყაზახეთის რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.
20. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ვ. ტ–ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხე, ვინაიდან ვ. ტ–სის ოჯახი ცხოვრობს ყ–ს რესპუბლიკაში. შესაბამისად, ვ. ტ–ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსპტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები არ შეიზღუდება.
22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ვ–ს და კ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. (V.) ტ–ს (T–i) ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ვ–ს და კ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე