საქმე N 080100121004634879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1240აპ-23 14 თებერვალი, 2024 წელი
ფ–ი დ., №1240აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ დ. ფ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ფ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის ოქტომბერში, (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ. ქ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში, დ. ფ–სი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. ფ–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2020 წლის 5 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ. ქ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში, დ. ფ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. ფ–სს და მეუღლის მშობელს - ი. ს–სეს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2021 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 17:20 საათზე, ქ. ქ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში, დ. ფ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. ფ–ს და მეუღლის მშობელს - ი. ს–ს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით დ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ფ–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
მსჯავრდებულ დ. ფ–ს პატიმრობაში ყოფნის დროის (2021 წლის 8 აპრილიდან 2021 წლის 9 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და დ. ფ–სს, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათის ვადით.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, დ. ფ–ს წარდგენილი ბრალდებებიდან (სამი ეპიზოდი) ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, გურჯან ტაბეშაძემ, რომელმაც ითხოვა დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის გენდერის ნიშნით (სამი ეპიზოდი) და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენში დ. ფ–ს მიმართ შევიდა ცვლილება: დ. ფ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 8 აპრილიდან 2021 წლის 9 აპრილის ჩათვლით, დ. ფ–ს ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით.
3.2. 2023 წლის 2 ნოემბერს მსჯავრდებულ დ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რ. ხ–მ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. ფ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში მითითებული გარემოებები და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არ იყო ნასამართლობის მქონე, ხასიათდებოდა დადებითად, აღიარებდა და ინანიებდა განხორციელებულ ქმედებებს, სასამართლოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა დაენიშნა მინიმალური ვადით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. ფ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის ზომის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დ. ფ–ს განუსაღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის შემსუბუქების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 62-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, როგორც თითოეულ ეპიზოდში, ისე დანაშაულთა ერთობლიობით კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ხ–ს, საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე