საქმე N 210100119002852949
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1242აპ-23 19 თებერვალი, 2024 წელი
შ. ხ–ი, №1242 აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ხ–ი (პირადი ნომერი: ..........) და მ. ა–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2017 წლის ზაფხულიდან 2018 წლის ზაფხულის ჩათვლით, ს–ს რაიონის სოფელ ჯ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, პ. მ–სის სახელზე იჯარით გაცემულ 31 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე და აღნიშნული მიწის ნაკვეთს მომიჯნავედ არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ 79 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე გ. ს–მა, დ. ო–მა და პ. მ–მა ჩაატარეს შესაბამისი სამუშაოები და მოიყვანეს ხორბლის მოსავალი. 2018 წლის 13 ივნისს, დილის საათებში, შ. ხ–მა და მ. ა–მა, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ გ. ს–ს, დ. ო–სა და პ. მ–ს კუთვნილ ხორბლის მოსავალს, რის გამოც ს–ს რაიონის სოფელ ჯ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 79 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთიდან, დაქირვებული მუშა ხელისა და შესაბამისი ტექნიკის დახმარებით, დაიწყეს ხორბლის მოსავლის აღება, თუმცა ისინი მოსავლის აღების დროს წასწრებულ იქნენ გ. ს–სა და დ. ო–ს მიერ, რის შესახებაც გ. ს–სმა შეატყობინა სამართალდამცავებს. შემთხვევის ადგილზე მოსული შსს ს–ს რაიონული სამმართველოს წ–ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, კომბაინებიდან ამოღებული იქნა 3240 კგ ხორბლი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ. ს–სს, დ. ო–სა და პ. მ–ს შესაძლოა მისდგომოდათ 1360 ლარის და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ა–ს და შ. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენით:
შ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
მ. ა–იი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიოული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, შ. ხ–ს და მ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 19 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, შ. ხ–ს და მ. ა-ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მ. ა–ის და შ. ხ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას. კერძოდ, დაზარალებულმა აბსოლუტურად დამაჯერებლად მიუთითა თუ ვინ მოახდინა სადავო ნაკვეთზე მოხვნა, დაჩეხვა, დათესვა, სასუქის შეტანა და შემზადება მოსავლის ასაღებად, რაც ასევე დადასტურდა სასამართლოში დაკითხული მოწმეების – თ. დ–ს, ვ. ა–ს, ზ.გ–ს, დ. ხ–ს, დ. ზ–ს, გ. გ–ს, გ. ჭ–ს, გ. ზ–ს და ქ. კ–ს ჩვენებებით. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებულ პირთა უმრავლესობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც მათ მიუთითეს სადავო ნაკვეთზე. მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დასტურდება 2016 წლის 16 თებერვლის იჯარის, 2017 წლის 20 ოქტომბრის №.... და 2017 წლის 13 ივლისის №........... ხელშეკრულებებით. თავის მხრივ, კი დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ცრუ მოწმეები, რომლებიც გამართლებულების ნაცნობები არიან და სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით აცხადებენ, რომ თითქოს ისინი დაეხმარნენ მათ მოსავლის მოყვანაში. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ისინი ზუსტად სადავო მიწის ნაკვეთზე აპელირებდნენ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ხ–ს და მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს შ. ხ–ს და მ. ა–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქურდობის მცდელობის ჩადენას, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
5.5. სისხლის სამართლის საქმეში შ. ხ–ს და მ. ა–ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულების – გ. ს–ს, დ. ო–ს და პ. მ–ს, ასევე მოწმეების ჩვენებები აღწერს მოსავლის მისაღებად ჩატარებულ სამუშაოებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ დგინდება იმ ნაკვეთების მიჯნები, სადაც დაზარალებულები და გამართლებულები ამუშავებდნენ მიწას. მოწმეების ჩვენებებით, დადგინდა მათ მიერ ერთის მხრივ დაზარალებულების, ხოლო მეორეს მხრივ გამართლებულების დაკვეთით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, თუმცა ვერ იქნა მითითებული ზუსტი კოორდინატები სადაც ისინი მუშაობდნენ. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე (110ჰა) ორივე მხარე აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ასევე დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი რაიმე ფორმით გამიჯნული არ ყოფილა და წარმოადგენდა ერთ მთლიანობას.
5.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ სახელწიფოს საკუთრებაში არსებულ სადავოდ გამხდარ მიწის ნაკვეთზე მოყვანილია ხორბალი, ხოლო ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 16 ივნისს, საწყობიდან, კერძოდ, სოსო კრაწაშვილისგან ამოღებული იქნა 82 ტონა და 760 კგ ხორბალი და სარეგისტრაციიო ჟურნალი. ზემოხსენებული მტკიცებულბები არაინფორმაციულია მ. ა–ის და შ. ხ–ს მიერ მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
5.7. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ შ. ხ–ის მიმართული ჰქონდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ ს–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე. ასევე 2017 წლის 24 აგვისტოს სს ,,.......... ბანკსა“ და შ. ხ–ის შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით დგინდება, რომ შ. ხ–იის სახელზე გაიცა კრედიტი 100000 ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობის ნაწილში მითითებულია 14978 ლარი - სამომხმარებლო, როგორც ხორბლის მოყვანის ხარჯი. აღნიშნულს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული .......... ბანკის თანამშრომელი დ. ბ–ც.
5.8. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ვერ იქნა დადგენილი თუ ვის მიერ იქნა სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოყვანილი ხორბალი და ვის საკუთრებას წარმოადგენდა ის. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ. ა–ს და შ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულების სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე