საქმე N 330100122005745642
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1251აპ-23 12 თებერვალი, 2024 წელი
ჭ–ე თ., №1251აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ჭ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 7 მარტს, დღის საათებში, თ–ი, მ–ს დასახლება ......... რაიონი, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ჭ–მ იძალადა არასრულწლოვან შვილებზე – .. წლის დ. და .. წლის შ. დ–ებზე. კერძოდ, თ. ჭ–მ 12 წლის შვილს – დ. დ–ს, არასრუწლოვანი ძმის თანდასწრებით, ხელი დაარტყა ლოყაზე და წაუჭირა ყელზე, რა დროსაც დ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, 8 წლის შ. დ–ს არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, ხელი დაარტყა სხეულზე, რა დროსაც შ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით, თ. ჭ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ჭ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 3 ნოემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 13 ნოემბერს გამართლებულ თ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზიანებების თვითმხილველი მოწმეების, მ. დ–სა და თ.ა დ–ს ჩვენებები, გამომძიებლების – ი. კ–სა და მ. მ–ს ჩვენებები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები უტყუარად ადასტურებენ თ. ჭ–ს ბრალეულობას. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაზე. კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა აპრიორი არ ნიშნავს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რომ სწორედ სასამართლოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა გაიხმო თუ არა საჩივარი დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. ჭ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულებმა, შ. დ–მ და დ. დ–მ (შვილებმა), ასევე მოწმეებმა – კ. დ–მ (შვილმა) და პ.ა დ–მ (ყოფილმა მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, დედისა და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა თ. ჭ–ს მიერ შვილებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა და მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, თ. ჭ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: მოწმეების - მ. დ–სა და თ. დ–ს ჩვენებებზე, რომლის თანახმადაც, მათ ნახეს დაზიანებები დ. დ–სის სხეულზე, ჰკითხეს რა სჭირდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს, მოგვიანებით პ. დ–სგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვს დაზიანებები მიაყენა თ. ჭ–მ. მოწმეების – ი. კ–სა და მ. მ–ს ჩვენებების თანახმად, ისინი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც გაესაუბრნენ არასრულწლოვნებს, დ. დ–სის სხეულზე კისრის მიდამოში შენიშნეს დაზიანებები, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.
5.6. სასამართლო აფასებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი, რომ მითითებული მტკიცებულებები ადასტურებენ თ. ჭ–ს მიერ შვილების, შ. დ–ს და დ. დ–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს. ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებები მიემართება დაზარალებულ დ. დ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ფაქტის დადასტურებას. ისინი არ ყოფილან ფაქტის თვითმხილველნი, მათი ჩვენებები თ. ჭ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების, შესაძლო ძალადობის ფაქტების დადასტურების თვალსაზრისით ეფუძნება, არა უშუალოდ დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არამედ პაპუნა დარცმელიძის მონათხრობს, რაც მათი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.9. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომელზეც კასატორი აპელირებს სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარად იმის დადგენა, რომ თ. ჭ–ს მხრიდან შ. დ–ს და დ. დ–ს მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც შ. დ–სის დაზიანებაზე მითითება არ არის ექსპერტიზის დასკვნაში.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თ. ჭ–ს მხრიდან არასრულწლოვან შვილებზე – შ. და დ. დ–ებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულებს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუციათ. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.11. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე