საქმე N 060100121004461011
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1172აპ-23 1 თებერვალი, 2024 წელი
ხ–ა ც., №1172აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ ც. ხ–სას მიმართ, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ც. ხ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ჭ–ში, ც. ხ–სა, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დანით ყელის გამოჭრით დაემუქრა მეზობლად მცხოვრებ მ. ქ–ს და მის არასრუწლოვან შვილს მ. გ–ს (დაბ: ........ წ.) რომელთაც აღნიშნულით გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით ც. ხ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.
2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ც. ხ–მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა უ. გ–მა და დ. შ–მ, რომლებმაც მოითხოვეს წარდგენილ ბრალდებებით ც. ხ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ც. ხ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების უ. გ–სა და დ. შ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ც. ხ–სას ქმედება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე.
ც. ხ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.
3.2. 2023 წლის 9 ოქტომბერს, საამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ც. ხ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. გ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ც. ხ–სა დაემუქრა მას და დედამისს – მ. ქ–ს, ამასთან მისივე განმარტებით, თავდაპირველად, როდესაც ც. ხ–მ დაიწყო მუქარა და ლანძღვა, ის ეზოში მარტო იმყოფებოდა. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას, ასევე დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. ამასთან, არასრულწლოვანი დაზარალებულის მიერ მითითებული სხვა გარემოებები შესაბამისობაშია როგორც თამთა შედანიას ჩვენებასთან, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებთან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ც. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. აღსანიშნავია, რომ ერთადერი მოწმე, რომელიც ც. ხ–ს მიერ არასრულწლოვან მ. გ–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს ადასტურებს, არის თვითონ არასრულწლოვანი. მისი ჩვენება აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. მ. გ–სის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი არ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა – მ. ქ–მ, ხოლო თ. გ–ს ჩვენებით მართალია ც. ხ–სა იმუქრებოდა მ. ქ–სისა და მ. გ–ს სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ეს მუქარა მიმართული იყო, მხოლოდ მ. ქ–ს მიმართ. მოწმე თ. შ–ს ჩვენებით, დადასტურებულია, რომ როდესაც მ. გ–სი მივიდა მასთან და დახმარება სთხოვა, უთხრა, რომ ც. ხ–სა ემუქრებოდა დედამისს – მ. ქ–ს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა არ დაადასტურეს მსჯავრდებულის მიერ მ. გ–ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, მხოლოდ არასრულწლოვნის განმარტება (მისი პირდაპირი ხასიათის ჩვენება) აღნიშნულის თაობაზე არ არის საკმარისი იმ ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დასადგენად, რომ ც. ხ–სა სიცოცხლის მოსპობით უშუალოდ მას დაემუქრა და ეს მუქარა მიმართული არ იყო მ. ქ–ს მიმართ.
5.4. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარე ც. ხ–ს ედავებოდა იმას, რომ ის დანით, ყელის გამოჭრით დაემუქრა მეზობლად მცხოვრებ მ. ქ–ს და მის არასრუწლოვან შვილს მ. გ–ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები არ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა. მოწმეების – მ. ქ–სა და თ. გ–ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ც. ხ–ას მხრიდან მ. ქ–ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, კერძოდ, მსჯავრდებული მ. ქ–ს დაემუქრა მისი და მისი შვილის (მ. გ–სის) სიცოცხლის მოსპობით. ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი – მ. გ–ი სახლში/ეზოში იმყოფებოდა ც. ხ–სას და მ. ქ–სეს შორის მომხდარი კონფლიქტისას, არ ადასტურებს ც. ხ–ს მიერ უშუალოდ მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს, ვინაიდან მ. ქ–მ ჩვენების მიცემისას ცალსახად განმარტა, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა ც. ხ–ას მხრიდან მიმართული იყო მასზე, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მუქარის ადრესატი მ. ქ–სთან ერთად იყო ასევე არასრულწლოვანი მ. გ–ი.
5.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ც. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ც. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რის გამოც დადასტურებულად მიიჩნია ც. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე